Accessibility links

logo-print

ადგილობრივი არჩევნების დასრულებასთან ერთად, თბილისის კულტურულმა ცხოვრებამ


ადგილობრივი არჩევნების დასრულებასთან ერთად, თბილისის კულტურულმა ცხოვრებამ,

შეიძლება ითქვას, “ტემპს მოუმატა”. სიტყვა “ახალი” ამჟამად სულ სხვა ხალხის ასოციაციას ბადებს... არა “ახალი მემარჯვენეების”, მაგალითად, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც “ახალი რომანის”, “ახალი ბალეტის”, “ახალი თეატრის” შემქმნელებად, ან მემკვიდრეებად მიაჩნიათ. ადგილობრივმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ქართული საზოგადოება, ასე თუ ისე, მზადაა უკვე მიიღოს ეს “ახალი”, ნაკლებად სჯერა იმ ხალხის, ვინც ელექტორატის მიზიდვას მხოლოდ ტრადიციების დაცვითა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებით ცდილობს... უფრო სწორად, ჰპირდება ამომრჩეველს, რომ აღადგენს ძველთაძველსა და საუკუნეების მანძილზე განმტკიცებულს, რომელიც ვითომც დასავლურმა “კულტურულმა ტალღამ” წაბილწა.

პირადად მე არასდროს დავიჯერებდი, რომ თბილისელი თეატრის მოყვარულები საოცარი ინტერესით მოისმენდნენ ფრანგული “ახალი რომანის” ერთ-ერთი ფუძემდებლის, ნატალი საროტის, ფრანგულ ენაზე წაკითხულ პიესას. თანაც, ერთი მსახიობის მიერ, თანაც ჩაბნელებულ დარბაზში; საფრანგეთის საელჩოსა და დიუმას სახელობის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ მხატვრული კითხვის საღამოზე, რომელიც “სამეფო უბნის თეატრში” გაიმართა, მოულოდნელად გამოირთო სინათლე და პარიზიდან ჩამოსულმა მსახიობმა ნატალი რიშარმა სანთლის შუქზე წაიკითხა საროტის პიესა “ის იქ არის”. მართალია, დარბაზში ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებმაც მოიყარეს თავი, უმრავლესობამ მაინც ეს ენა არ იცოდა. მიუხედავად ამისა, დარბაზი სულგანაბული ისმენდა მისთვის უცხო ტექსტს – “უცხოს” იმიტომაც, რომ ასეთი სახის ლიტერატურას, თანაც ასეთი ფორმით, ჩვენს თეატრში აქამდე არ დგამდნენ ხოლმე. ქართველი თეატრალები მიიჩნევენ: პუბლიკა რომ მიიზიდო, ამისათვის აუცილებელია ცოტა ცეკვით, ცოტა სიმღერით, ცოტა სექსით, ცოტა ბილწსიტყვაობით გააზავო სპექტაკლები. მაგრამ, ეტყობა, ჩვენი მაყურებლის ინტელექტუალური შესაძლებლობებისა ფრანგებს უფრო სჯერათ, ვიდრე ქართული თეატრის მესვეურებს. ყოველ შემთხვევაში, “სამეფო უბნის თეატრს” იმ საღამოს მშვენიერი მაყურებელი ჰყავდა; პუბლიკამ გმირულად გაუძლო ახალგაზრდა ფრანგი მსახიობის (რომელმაც, სხვათა შორის, უკვე მოასწრო ჟაკ რივეტის, მიხაელ ხანეკეს ფილმებში გადაღება) ნატალი რიშარის “ასკეტურ სტილს”. მან ისე “ჩაიკითხა” პიესა, რომ ერთხელაც არ მიუმართავს წმინდა თეატრალური გამომსახველობითი საშუალებებისთვის. რაც, რა თქმა უნდა, არა სანთლის შუქმა, არამედ თავად ტექსტმა განაპირობა. 1978 წელს შექმნილ საროტის ამ პიესაში ხომ სწორედ მსმენელი იქცევა მთავარ გმირად. ცალკეული ფრაზების კომბინაციებით მიღწეულია დაუსრულებლობის განცდა, რომელმაც მსმენელი უნდა გახადოს აქტიური; სწორედ მსმენელს უნდა გაუჩნდეს ინტერპრეტაციის, ე. ი. თანაშემოქმედების მოთხოვნილება. ერთ-ერთ ინტერვიუში ნატალი საროტი აღნიშნავდა, რომ სურს მოაქციოს მკითხველი ანონიმურ სუბსტანციაში, რომელსაც არც სახელი აქვს, არც კონტურები. ვფიქრობ, საროტის სტილის სწორედ ეს მხარე გაითვალისწინა ნატალი რიშარმა, როცა ძლიერი აქცენტების გარეშე წარმოადგინა თბილისში “ენის თეატრად” წოდებული საროტის პიესა. “ის იქ არის”, რომლის მთავარი გმირი ტვინში ჩასახლებული “იდეაა”, მუქარად, აუტანელ ტანჯვად რომ ექცევა ადამიანს, შესვენების შემდეგ, როცა შუქიც მოვიდა, ქართულად გათამაშდა. ამბობენ, რომ დათო საყვარელიძემ პიესა ოთხ დღეში დადგა. თუმცა ავანგარდულ ლიტერატურაში უკვე “გავარჯიშებული” რეჟისორისთვის, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო. თანაც, გიორგი ეკიზაშვილის მიერ მშვენივრად თარგმნილი ტექსტი იმდენად საინტერესოა თავისთავად, რომ ამ შემთხვევაშიც, პიესა მხოლოდ ერთ მსახიობს რომ წაეკითხა, თუნდაც ჩაბნელებულ დარბაზში, მაყურებელი მაინც კმაყოფილი დარჩებოდა. მაგრამ დათო საყვარელიძემ მაინც გარისკა: პიესა, რომლის გმირები ლაპარაკობენ იმაზე, რის შესახებაც ადამიანი, როგორც წესი, მხოლოდ ფიქრობს ხოლმე, მან გადააქცია ყველანაირი “ინტელექტუალიზმის” ექსცენტრიულ პაროდიად. ფრანგული ენის ორნამენტულობა, რომელიც ძირითადი იყო პირველ განყოფილებაში, შეიცვალა ირონიით ამავე ორნამენტულობის მიმართ, რაც ძალიან კარგად გაიზრეს მთავარი როლების შემსრულებლებმა გიორგი ნაკაშიძემ და ნიკა თავაძემ. მაყურებელში დაიბადა “ორმაგი კონტრაპუნქტის სახე” – კონტრაპუნქტი თავად საროტის ნაწარმოების სტრუქტურაში (როგორც საროტის სპეციალისტები აღნიშნავენ, “დიალოგი “ჰოსა” და “არას” შორის) და კონტრაპუნქტი, რომელიც შეიქმნა პირველ და მეორე განყოფილებას შორის, ფრანგულ და ქართულ ტექსტს, ორიგინალსა და თარგმანს შორის, მხატვრულ კითხვასა და თეატრს შორის. [ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

ასეთივე სახის კონტრაპუნქტზე აიგო ამ დღეებში წარმოდგენილი ქართული ნაციონალური ბალეტის ახალი პროგრამა, რომელიც “სუხიშვილებმა” ფილარმონიის ხალხით გადაჭედილ დარბაზში უჩვენეს: პირველ განყოფილებაში “კლასიკა”, ანუ ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმული ცეკვები, და მეორეში - “პოსტკლასიკა”, ახალი საცეკვაო ნომრები, რომლის ავტორი ილიკო სუხიშვილი-უმცროსია. ახალი პროგრამის ქვეტექსტი ასეთია: “ჩვენ სათუთად ვეპყრობით კლასიკას, მაგრამ არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას”, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამამ ერთნაირად უნდა დააკმაყოფილოს, როგორც კონსერვატორები, ასევე ავანგარდისტები. მაგრამ კონსერვატორების მოხიბვლა, მოგეხსენებათ, არც ისე იოლია. ზოგიერთმა მაყურებელმა პრეტენზია გამოხატა არა მარტო მეორე განყოფილების მიმართ, არამედ “დაიწუნა” მოცეკვავეთა შესრულების დონე პირველ განყოფილებაში. ერთი შეხედვით, ქართული ნაციონალურ ბალეტის სოლისტები დღეს იმდენად სინქრონულები არ არიან, როგორც ამ 20, 30 წლის წინათ, ქალები ისე არ “სრიალებენ” სცენაზე, როგორც ადრე. პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ანსამბლის წევრები სიამოვნებით სწორედ მეორე განყოფილებაში ცეკვავდნენ, რაც სავსებით ბუნებრივი უნდა იყოს. “სუხიშვილების” ანსამბლში ხომ დღეს სულ სხვა თაობა ცეკვავს. როგორც არ უნდა დაემორჩილონ ეს ახალგაზრდები კლასიკოსთა ქორეოგრაფიას, შინაგანად ისინი ვერასდროს გაითავისებენ აბსოლუტურ სინქრონულობას, გეომეტრიული სიზუსტით წარმოდგენილ დისტანციებს. მათი სტიქია სწორედ მეორე განყოფილებაა, როცა ჩნდება გარკვეული სახის ირონია ამ “კლასიკის” მიმართ, ირონია “ასპროცენტიან კაცებსა” და “ასპროცენტიან ქალებზე”, რასაც, სხვათა შორის, არც ანსამბლის წევრები მალავენ. მაგალითად, თეა დარჩია, რომელიც ამბობს
[თეა დარჩიას ხმა]: “ახალი პლასტიკა გაძლევს საშუალებას შენ თვითონ გამოხატო ბოლომდე შენი სათქმელი. ქართული ტრადიციული პირველი განყოფილება, რა თქმა უნდა, კლასიკაა და ხელი არ უნდა ახლო, მაგრამ იქ იმდენად ვერ გამოხატავ შენს სათქმელს დღევანდელი ქალი.”

“სუხიშვილების” ახალ ცეკვებში ბევრია ახალი და საკამათოც – ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკალური ინტერპრეტაცია, ნინო სუხიშვილის უფრო “ფერადი” კოსტიუმები და ქორეოგრაფია, რომელშიც საერთოდ ქრება აკრობატიკა. მაგრამ მთავარი სიახლე აქ მაინც ქალის მიმართ დამოკიდებულებაა. იმიტომ არა, ცხადია, რომ ქალებს კაბები უფრო დამოკლებული აქვთ და კი არ სრიალებენ, არამედ ზოგჯერ “დახტიან” სცენაზე. სუხიშვილების ახალი თაობის გმირობა ისაა, რომ მათ სრულიად დაძლიეს სტერეოტიპი, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ქართულ ცნობიერებაში, რომელსაც, პირობითად, შეგვიძლია “მასკულინური ფოლკლორი” ვუწოდოთ. ქალის როლის ზრდას “სუხიშვილების” ახალ ცეკვებში მაყურებელი ბუნებრივად სწორედ იმიტომ აღიქვამს, რომ ეს “მასკულინური ფოლკლორი” ჩვენში არასდროს ყოფილა ბუნებრივი, ეს უფრო “პოზა” იყო... სხვაგვარად რომ ვთქვათ, სუხიშვილების ახალმა თაობამ “რევოლუცია” კი არ მოახდინა ქართულ ქორეოგრაფიაში, რასაც დღეს ზოგიერთი ამტკიცებს, არამედ მხოლოდ ნიღაბი ჩამოაცილა ეროვნულ კულტურას, ამ “პოზისგან” გაათავისუფლა. საბედნიეროდ, თავის დროზე ამ ახალგაზრდებს არც ნინო რამიშვილმა გაუწია წინააღმდეგობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ახალს” ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ ახალგაზრდები არ ითვისებენ. “ახალი” უნდა ყველას, ვინც შემოქმედებით და არა მხოლოდ ძველის კონსერვაციითა და კულტურულ-ნეკროფილური ვნებებით ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG