Accessibility links

logo-print

საარჩევნო ლოზუნგი: ''საქართველო და თბილისი შევარდნაძის გარეშე''


არცთუ შორეულ წარსულში პარტიები ერთმანეთს ეცილებოდნენ, თუ ვის საარჩევნო პლაკატზე გამოჩნდებოდა ედუარდ შევარდნაძე.

სახელმწიფოს პირველი პირის მხარდაჭერა წარმატების სერიოზულ გარანტად იყო მიჩნეული. 1999 წლის არჩევნებშიც კი გამარჯვებულ პარტიას ხმების სოლიდური ნაწილი სწორედ პრეზიდენტის ავტორიტეტმა მოუპოვა.

2002 წლის 2 ივნისის არჩევნებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და წარმატების გარანტად იქცა ცნობილი ლოზუნგი: "საქართველო და თბილისი ედუარდ შევარდნაძის გარეშე". გესაუბრებით საზოგადოებასა და პრეზიდენტს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებაზე.

ედუარდ შევარდნაძის ბოლოდროინდელ კარიერაში იყო ერთი გამორჩეული დღე, რომელმაც მიგვანიშნა, რომ პრეზიდენტი თავის თავს აღარ ჰგავდა. იმ დღეს შევარდნაძე ძალას და საყრდენებს საკუთარ თავში კი აღარ ეძებდა, არამედ – სადღაც, ირაციონალურ ველში. ეს მოხდა 2000 წლის 30 აპრილს - არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. მანამდე კი, 10 აპრილს, მთელმა საქართველომ იხილა ედუარდ შევარდნაძის მკაცრი, გაუცინარი სახე და მოისმინა მისი შეფასება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დამაკმაყოფილებლად ჩატარდა. ეს თითქმის პირდაპირ ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ 9 აპრილს მოსახლეობა ისე ვერ მოიქცა, როგორც პრეზიდენტს გაუხარდებოდა. სინამდვილეში, ასეც იყო. გამოცდილმა შევარდნაძემ საფრთხე სწორედ საზოგადოებისგან იგრძნო და მასზე საპასუხო ზემოქმედებისთვის ინაუგურაციის დღე შეარჩია.

საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღე, ისევე, როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, კონსტიტუციით არის განსაზღვრული. 2000 წელს არჩევნები 9 აპრილს დაემთხვა, ინაუგურაცია კი - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამგვარმა დამთხვევამ უბრალო ადამიანები მეტისმეტად გააღიზიანა. "შევარდნაძეს თავი ღმერთად ხომ არ წარმოუდგენია?" - კითხულობდნენ ისინი. პრეზიდენტი კი ღირსშესანიშნავ თარიღებს, ცხადია, არ დაუბნევია. პირიქით. ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და - სატელევიზიო გამოსვლაში - პრეზიდენტის ქალიშვილმაც მიუთითეს იმ ფარულ კანონზომიერებაზე, რომელიც მათ განჭვრიტეს აღდგომის დღესასწაულისა და პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღების დამთხვევაში. პრეზიდენტის აზრით, ეს იყო ღმერთისკენ შემობრუნების საზღაური; კათოლიკოს-პატრიარქის აზრით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის მომავალი ფერისცვალების ნიშანი, ხოლო 30 აპრილს დილით გამოსახული ცისარტყელა იმას გვაუწყებდა, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობა იქნებოდა მშვიდობიანი და კეთილდღეობითი. თავის მხრივ, ედუარდ შევარდნაძემ ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტის ასვლა მთაწმინდაზე შეაფასა როგორც მისტიკური აქტი - სულიერი შერწყმა წარსულთან.

ინაუგურაციის სიმბოლიკა საბოლოოდ გაამთლიანა ერთმა შემთხვევითმა ეპიზოდმა. საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს შორის იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი თავის ვაჟიშვილთან, პატარა ედუარდთან ერთად. დიდი ედუარდი საგანგებოდ შეჩერდა პატარა ედუარდთან და მას საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. შევარდნაძე, ალბათ, კმაყოფილი იყო: შედგა შეხვედრა არა მხოლოდ წარსულთან, არამედ - მომავალთან; ინაუგურაცია არა მხოლოდ დაემთხვა აღდგომის დღესასწაულს, არამედ დილით ცაზე ცისარტყელაც გამოისახა.
ამგვარ ირაციონალურ წნეხს, ცხადია, შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა უბრალო ადამიანზე და მისთვის კიდევ მეტად განემტკიცებინა ედუარდ შევარდნაძის უალტერნატივობის რწმენა.

საქართველო ის ქვეყანაა, რომლის კონსტიტუცია უშუალოდ არის მორგებული შევარდნაძის ფაქტორზე; აღმასრულებელი ხელისუფლება უშუალოდ ემსახურება პრეზიდენტის სურვილების გამოცნობას და აღსრულებას; პარლამენტი კვლავ და კვლავ რჩება პრეზიდენტის შეუზღუდავი გავლენის სფეროდ; სასამართლო გადაწყვეტილებებიც, მეტწილად, პრეზიდენტის ნებიდან გამომდინარეობს.

ასეთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი პირდაპირ გულისხმობს, ადრე თუ გვიან, მოსახლეობის დაპირისპირებას ხელისუფლებასთან და პირადად პრეზიდენტთან. ედუარდ შევარდნაძემ ამ პროცესის გარდუვალობა სხვაზე ადრე გააცნობიერა და ინაუგურაციის სიმბოლიკით სცადა დამოწმება, რომ პრეზიდენტის სიბრძნეს კვებავს ღვთის განგება და ფარული კანონზომიერებანი. შესაბამისად, უბრალო ადამიანს გარდუვალ ბედისწერად უნდა მიეღო ის წესრიგი, რომელსაც წლების განმავლობაში ქარიზმატული ლიდერი შესთავაზებდა.

ინაუგურაციის დღეს, მართლაც, ყველა სიმბოლო გაიშიფრა და გამოიფინა, ყველა საჭირო აქცენტი გაკეთდა. მაგრამ ორი წლის თავზე მაინც გაჩნდა მოწოდება: "საქართველო და თბილისი ედუარდ შევარდნაძის გარეშე". იმ ადამინებმა, რომლებსაც სრულიად დაავიწყდათ 30 აპრილს ცაზე გამოსახული ცისარტყელა, ხმა მისცეს საქართველოს, შევარდნაძის გარეშე. რეალობა აღმოჩნდა უფრო ძლიერი არგუმენტი, ვიდრე ცისარტყელას მეშვეობით მინიშნებული და არშემდგარი კეთილდღეობა, - რაც იყო კიდეც მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG