Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ისევ და ისევ დაძაბული რჩება


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთი ძველებურად ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვას. ასეთი შთაბეჭდილება იქმნება წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილებით.



19 ივნისის “გაზეტა” წერს, რომ რუსეთის გენპროკურატურა საქართველოსგან რუსთის სამი მოქალაქის გადაცემას ითხოვს. ესენი არინ ქალაქ ჩერკესკის მცხოვრებნი - ტიმურ ბათჩაევი, იუსუფ კრიმშამხალოვი და ადამ დეკუშევი. მათ ბრალად ედებათ საცხოვრებელი სახლების აფეთქება ვოლგოდონსკსა და მოსკოვში 1999 წლის სექტემბერში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ეს პირები პანკისის ხეობას აფარებენ თავს, მაგრამ, როგორც გაზეთი აღნიშნავს, ქართულმა მხარემ არაფერი იცის ამის შესახებ. უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის კი ისიც ყოფილა ცნობილი, თუ კონკრეტულად რომელ სახლში ცხოვრობენ აღნიშნული პირები.

“გაზეტას” თქმით, “ახმეტის რაიონში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს პანკისის ხეობა, არა აქვთ ინფორმაცია ჩერკესკის მცხოვრებთა შესახებ. ახმეტის რაიონის პოლიციის უფროსმა ავთანდილ თურქიაშვილმა გაზეთს უთხრა, რომ რუსეთის განცხადებები უსაფუძვლოა. მისი სიტყვებით, “ზუსტად ასე შეუძლია ქართულ მხარეს განცხადების გავრცელება, რომ ჩრდილოეთ კავკასიას თავს აფარებენ პირები, რომლებიც ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები.”

შემდეგ “გაზეტა” აღნიშნავს, რომ “საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც არა აქვს ინფორმაცია აღნიშნული პირების პანკისის ხეობაში ყოფნის თაობაზე”. მეტიც, იგი მიიჩნევს, - წერს გაზეთი, - რომ რუსეთის სპეცსამსახურების ამგვარი საჯარო გამოსვლები არასასურველია, რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

“გაზეტა” მკითხველს შეახსენებს, რომ “მიმდინარე წელს რუსეთი უკვე ითხოვდა საქართველოსაგან რუსლან გელაევისა და ბადრი პატარკაციშვილის გადაცემას, მაგრამ პასუხი არ მიუღია. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იმას აცხადებენ მხოლოდ, რომ რუსეთში, თავის მხრივ, იმალება ინტერპოლის მიერ 1995 წლიდან ძებნილი, საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე, რომელსაც შევარდნაძეზე თავდასხა ბრალდება, და რუსეთი მას საქართველოს არ გადასცემს”.

“კი, მაგრამ რატომ უნდა მოიქცეს სხვაგვარად საქართველო? სწორედ ასე ფიქრობს ქართული მხარე”, - წერს “გაზეტა”.

19 ივნისის გაზეთ “კომერსანტის” თქმით, “აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა ვალერი არშბამ განაცხადა, რომ ივლისის დასაწყისისთვის აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 70% რუსეთის მოქალაქე შეიძლება გახდეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნოტით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა რუსეთი’.

“კომერსანტი” წერს, რომ “აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების გაცემის კამპანია პირველ ივნისს დაიწყო. ამის საფუძვლად იქცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გამარტივებული წესით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სათვისტომოთა კონგრესის მონაცემებით, უკვე 10 ათასმა ადამიანმა შეიტანა განცხადება და მათგან 6 ათასმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლებას ანიჭებს”.

გაზეთის თქმით, “აფხაზეთის “რუსიფიკაციის” კამპანიამ მძაფრი პროტესტი გამოიწვია საქართველოში. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოქალაქეობის შესახებ რუსეთის კანონის დებულებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა უწოდა”. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ამ კანონით საქართველოს ტერიტორიების ფარული ანექსია ხორციელდება”. პრეზიდენტ შევარდნაძეს გამოაქვს დასკვნა, -წერს გაზეთი, - რომ “რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში ყალიბდება პრეზიდენტ პუტინის ფარული ოპოზიცია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს დაახლოებას ეწინააღმდეგება”.

მაგრამ “კომერსანტი” მიიჩნევს, რომ “საქართველოს პროტესტი ვერ შეუშლის ხელს აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში”. თუმცა, გაზეთის აზრით, “აფხაზეთის “რუსიფიკაციის” კამპანიის პოლიტიკურ-სამართლებრივი შედეგები სულაც არ არის ნათელი. ერთი მხრივ, ეს კამპანია გამოიწვევს ურა-პატრიოტული გრძნობების ახალ ტალღას და საშუალებას მისცემს რუსეთის რადიკალებს აფხაზეთში რუსეთის ჯარების ყოფნა ე.წ “თანამოქალაქეთა” დაცვის აუცილებლობით გაამართლონ. მეორე მხრივ კი, აფხაზეთში მცხოვრებთა რუსეთის მოქალაქეებად გადაქცევა განუსაზღვრელს გახდის მათ სტატუსს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე – არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების ყველა ორგანო ავტომატურად არალეგიტიმური გახდება, საქართველოს ხელმძღვანელობას კი ახალი საბაბი გაუჩნდება იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაზე ილაპარაკოს.
XS
SM
MD
LG