Accessibility links

logo-print

პიტერ შოუს ძებნაში სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 ივნისს თბილისში ჩამოსული სკოტლანდ-იარდის ორი თანამშრომელი, ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს 18 ივნისს თბილისის ცენტრიდან გატაცებული ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს საქმის გამოძიებაში.

ჯერჯერობით გამტაცებლებს გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ. ამავე დროს, გამოსასყიდთან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი დებორა ბარნს-ჯონსი ახმოვანებს. მისი განცხადებით, გამოსასყიდის გადახდაზე საუბარი ზედმეტია.

ბრიტანელებისგან განსხვავებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 ათას ლარს ჰპირდება მას, ვინც კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის პოლიციას პიტერ შოუს შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ. საკმაოდ დაგვიანებით, გატაცებიდან მეექვსე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოსაცნობად გამტაცებლების ფოტორობოტს აქვეყნებს.
24 ივნისს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს დებორა ბარნს-ჯონსს, საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს ჟან ვანდომს და წინა დღით თბილისში ჩამოსულ სკოტლანდ-იარდის ექსპერტ-კრიმინალისტებს განუცხადა, რომ პიტერ შოუს საქმე, ალბათ, უახლოეს დღეებში გაიხსნება. გაზეთ “24 საათის” რედაქციის სტუმრის, შინაგან საქმეთა მინისტრ კახა ნარჩემაშვილის განმარტებით, არსებობს ეჭვმიტანილთა წრე, თუმცა დაკავებული არავინაა.
კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გულწრფელი სინანულის გამოხატვის გარდა, ქართული მხარე ევროკომისიის წარმომადგენლობას არაოფიციალურად შეახსენებს, რომ არაერთი სკანდალის გამო მან არაერთხელ მოითხოვა პიტერ შოუს საქართველოდან გაწვევა, მაგრამ - უნაყოფოდ. შესაბამისად, ბრიტანეთის მოქალაქის გატაცების ყველაზე სარწმუნო ვერსია, როგორც ჩანს, მაინც მის საქმიანობას უკავშირდება.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ქართული გაზეთების ერთი ნაწილი საუბრობს კიდევ ერთ “უცნაურ” დამთხვევაზე, რომელიც პიტერ შოუს გატაცებას განსხვავებულ შეფერილობას აძლევს. 24 ივნისის გაზეთ “ქრონიკის” შენიშვნით, საინტერესოა, რომ პიტერ შოუ ნატახტართან უახლესი იარაღით გაძეძგილი მანქანის დაკავების მეორე დღეს გაიტაცეს. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ იარაღის სკანდალთან დაკავშირებით წამოტივტივდა კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის სახელი: დაკავებული მანქანის საჭესთან უშიშროების მაიორი და, პარალელურად, შაქრო კალაშოვის დაცვის უფროსი სოსო მჭედლიძე იჯდა. სამხედრო პროკურატურაში დაკითხვაზე კალაშოვმა უარყო რაიმე კავშირი იარაღთან. გაზეთი მკითხველს ახსენებს ერთ შემთხვევას, როცა შარშან გაზაფხულზე პოლიციამ დააკავა ასევე კანონიერი ქურდი ტრისტან სიჭინავა. ორ დღეში კი კუს ტბის მიდამოებიდან პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი და მისი მომავალი მეუღლე გაიტაცეს. პარლამენტარის გათავისუფლების მეორე დღეს სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა ტრისტან სიჭინავა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაც და ტყვეობიდან გათავისუფლებაც ტრისტან სიჭინავას საქმეს უკავშირდებოდა, რომ პარლამენტარის გატაცების ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებზე ზემოქმედების საშუალებად იქცა. ამჯერად, გაზეთ “ქრონიკის” ვარაუდით, სულაც არ არის გამორიცხული, პიტერ შოუს გატაცება ასევე უკავშირდებოდეს კანონიერი ქურდის კალაშოვის საქმეს. უფრო კონკრეტულად: შოუს გატაცებით სპეკულირება კრიმინალური სამყაროსთვის კარგ კოზირად გამოდგება კანონიერი ქურდის საქმის “ჩასაფარცხად”. - ასეთია პიტერ შოუს გატაცების კიდევ ერთი ვერსია, რომელიც გაზეთ “ქრონიკას” ეკუთვნის.
და კიდევ ერთი: დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის “სასიცოცხლოდ” აუცილებელია ევროსტრუქტურებთან ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ ეს სასიცოცხლო ურთიერთობები ძალიან ხშირად დიდი დარტყმის ქვეშ დგება სხვადასხვა გარემოების გამო.შეგახსენებთ: საქართველო -ევროკავშირის შეხვედრა, რომელიც 26 ივნისს უნდა გამართლიყო, ევროკავშირის ინიციატივით, აღარ გაიმართება.
XS
SM
MD
LG