Accessibility links

კინოხელოვნების ნაცვლად ნაციონალისტური ლოზუნგები


ერთი კვირის წინ “რადიო თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში

“ოქროს საუკუნე” გადაცემის წამყვანმა, ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა გიორგი გვახარიამ, გვიამბო საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართა თბილისში. ქართველმა და უცხოელმა ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, განიხილეს ნაციონალური სტერეოტიპების რეპრეზენტაციის პრობლემა კინემატოგრაფში, იმსჯელეს პოსტ-სოციალისტური ეპოქის კინოხელოვნებაზე. მეცნიერთა კამათს წინ უძღოდა ქართველი ფილოსოფოსის, ჟურნალ “დრო მშვიდობისას” რედაქტორის, ირაკლი კაკაბაძის მოხსენება “კულტურული და სტრუქტურული ძალადობის ელემენტები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში”, რომლის შესახებ “ოქროს საუკუნის” დღევანდელ გადაცემაში გიამბობთ.

თბილისში, სასტუმრო “კოლხში,” გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ნაციონალიზმის პრობლემა სრულიად განსხვავებულად განიხილეს. თუმცა შეთანხმებას მაინც მიაღწიეს: ქართველი, უნგრელი, ირლანდიელი, ავსტრიელი, სომეხი მეცნიერების აზრით, აგრესიული ნაციონალიზმის ძირები, პირველ რიგში, კულტურის იერარქიულობაში უნდა ვეძებოთ. თითქმის ყველა მოხსენებაში გამოითქვა მოსაზრება, რომ კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლე ევროპის ქვეყნებში ძალადობა ახალი ფორმით დამკვიდრდა. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდაქმნებმა იერარქიულ სტრუქტურებს ბოლო ვერ მოუღო... ახლა უკვე მარქსისტებიც აღიარებენ, რომ ყოფიერება ყოველთვის არ განსაზღვრავს ცნობიერებას; ყოველ შემთხვევაში, ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკა ჯერჯერობით ვერ ახერხებს საზოგადოების განთავისუფლებას საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან, რომლის მომძლავრებას, როგორც წესი, სწორედ იერარქიული კულტურული ფორმები და ადამიანის ბუნებაში ფესვგადგმული ძალადობის ვნება უწყობს ხელს. “საიდან შემოვიდა იერარქიული ელემენტები ქართულ კულტურაში?” – კითხულობს კონფლიქტოლოგი ირაკლი კაკაბაძე და ცდილობს პასუხს თავად კულტურის ისტორიაში მიაგნოს.
[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: 9.00.45 “ჩემთვის მეომრის კულტის საქართველოში დადგომა დაკავშირებულია ვარსქენ პიტიახშის ფენომენთან, “შუშანიკის წამებასთან”, როდესაც ხდება უკვე აშკარა დიფერენციაცია და, სხვათა შორის, სომეხ ქალს, რომელიც გარკვეულწილად მიისწრაფვის (მე ამას მინდა მოვაცილო რელიგიურ-მისტიკური ასპექტები) თანაბარი ოჯახური ცხოვრებისაკენ, წინ უდგება მამაკაცური შოვინიზმით აღსავსე ვარსქენ პიტიახში და, ფაქტიურად, მას ანადგურებს.”[სტილი დაცულია]

ირაკლი კაკაბაძის აზრით, დასავლური ცხოვრების წესის აშკარა გავლენის მიუხედავად, სქესთა შორის ურთიერთობა საქართველოში თითქმის ისეთივეა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სიდუხჭირე აიძულებს ქალს გამოვიდეს სამზარეულოდან და მამაკაცთან ერთად არჩინოს ოჯახი, იერარქიული კიბის უმაღლეს საფეხურზე კვლავ მამაკაცი, უფრო სწორად, “მამაკაცთა ერთობა” რჩება. ირაკლი კაკაბაძის თქმით
[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: 09.06. 40” რაინდობის სრულიად ყალბი ინსტიტუტი, ძველბიჭობის ინსტიტუტი, რომელიც აგებულია თითქოს რაღაც პატივზე, რომელიც ფარავს თავის არასრულფასოვნების კომპლექსს ამ რაინდობის შეგრძნებით, ეს არის ფეოდალური გადმონაშთი, რომელიც დღეს ძალიან ძლიერია. აი, ის ქუჩური და უბნური ძალადობა, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა, არის ფეოდალური კორპორატიზმის დამახინჯებული, თანამედროვე სახე”

კონფერენციის მონაწილეები არც იმ კინემატოგრაფისტებს ივიწყებდნენ, რომლებმაც არა მარტო წარმოაჩინეს საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებული ძალადობის ნიშნები, არამედ წინააღმდეგობაც გაუწიეს იერარქიულ სისტემას. კერძოდ, ირაკლი კაკაბაძემ 1992 წელს რეჟისორ გიო მგელაძის მიერ გადაღებული ფილმი “არა, მეგობარო” გაიხსენა. პოსტკომუნისტურ ქართულ კულტურაში ეს სურათი, ალბათ, ერთადერთი მხატვრული ნაწარმოებია, რომელშიც გამოხატულია ძალადობაზე აგებული სისტემის დანგრევის, ან ამ სივრციდან “გამოსხლტომის” სურვილი. მაგრამ აქაც გმირის მცდელობა გადააგდოს იარაღი წყალში და თავად თქვას უარი ძალადობაზე, ტრაგიკულად მთავრდება. სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო; კაკაბაძის მტკიცებით, აგრესიული ფორმით დამკვიდრების ვნება 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დასაწყისის ქართული საზოგადოების ცხოვრების წესი გახდა.
[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: 18.20 “მე ვფიქრობ, ასეთი მიმდინარეობები არსებობს, რა თქმა უნდა, ყველა ერში – ეს რჩეულობის პრეტენზია, ის, რომ საქართველოში კონკრეტული მანიფესტაცია ამის იყო, რომ ჩვენ ვართ “ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა”...არანაირად რთული ასახსნელია, მაგრამ რაღაცნაირად ვართ, ეს ფილოსოფია აყალიბებდა არასწორ მოლოდინებს, რომელიც აგრესიას უთმობდა ადგილს... 19.40 რჩეული ერის სინდრომი საშიში ფემომენია ნებისმიერი საზოგადოებისთვის... ქართველებს გვაქვს საინტერესო თვისებები, ერთის მხრივ, შეგვიძლია სუბორდინაცია დიდ სახელმწიფოებთან, მეორეს მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ: “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ...” არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს უმორჩილებენ სხვა სახელმწიფოებს, მაგრამ შინაურ წრეში, შინაურებისა და “ინაურების” გარემოცვაში ამტკიცებენ: “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო.”[სტილი დაცულია]

საქართველოში დღეს ბევრს ლაპარაკობენ კულტურის, მათ შორის, კინემატოგრაფის კრიზისზე და, როგოც წესი, ამას ან სოციალური სიდუხჭირით, ან “დასავლეთის მავნე გავლენით” ხსნიან. ირაკლი კაკაბაძის მოხსენება განსხვავებულ ქვეტექსტს შეიცავს: ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რომელიც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო ომმა, დამარცხებამ აფხაზეთის ომში, პოლიტიკური პარტიების უპრინციპობამ, კორუფციამ - თავად კულტურა გახადა ავად... რადგანაც დღეს კულტურა ჰუმანიზმის გარეშე, უბრალოდ, ვეღარ ვითარდება.
[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: 9.23. 39 “საქართველოში დღეს ჰუმანიზმის დამცველი ძალიან ცოტაა. თანაც ჰუმანიზმი გაიგივებულია იგივე რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან, რაც ჩვენი ერის გაუნათლებლობაზე მოწმობს... მე ამას წინათ მხვდება ნომენკლატურის წევრი, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდა უკიდურესი მემარჯვენე, და მაგიდაზე უდევს მამაჩემის წიგნი, რომელიც ეგზისტენციალიზმს ეხება და მეუბნება “აი, მამაშენი რას ამბობდა, რომ არაფერი არ გამოვა, ადამიანის ბუნება საშინელია და ჩვენ უნდა მოვიპაროთ და ვიყოთ ფაშისტები... ჰუმანიზმი და ეგზისტენციალიზმი გამოყენებულია ანტიჰუმანიზმის სამსახურში.”[სტილი დაცულია]

საქართველოში კულტურა, ყოველთვის თუ არა, საბჭოთა ეპოქაში ნამდვილად, ხელისუფლების მიერ იმართებოდა. როგორც ჩანს, კომუნისტური სისტემის ნგრევამ ეს პროცესი ვერ შეაჩერა. კულტურის მუშაკები კვლავ ხელისუფლებას და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს სთხოვენ ფულს სპექტაკლების, ფილმების დასაფინანსებლად... მაშინაც კი, როცა ხელისუფლებაზე ქილიკობენ. ხელისუფლება კი, რომელიც დეჰუმანიზაციის პროცესებს, პირველ რიგში, საკუთარ თავში ვერ უმკლავდება, ბუნებრივია, მტრულად აღიქვამს ყველას, ვინც მისი (ხელისუფლების) ფსიქოლოგიური პორტრეტის მხატვრულ ფორმაში გამოხატვას აპირებს. ასეთ მხატვრებს ხელისუფლება არასდროს დაეხმარება. ირაკლი კაკაბაძის თქმით, ყველაფერი ეს არა დღეს, არამედ ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო.
[ირაკლი კაკაბაძის ხმა]: 9.27.00 “დიდი კორპორაციები და მთავრობა, ფაქტიურად, ითვისებს ყველაფერს და შემდეგ შეიარაღებულია ექსტრემისტულ-მემარჯვენე ფილოსოფიით, რომელიც დღეს უკვე მომარჯვებული აქვთ... ლოზუნგები, რომელიც ათი წლის წინ მარგინალიზირებულ ეროვნულ მოღვაწეთა არსენალში იყო... 9.27.31 აქ ძალიან მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ნაციონალიზმის ეს ცუდი მხარე, რჩეულობის ეს მხარე, იმ მხარისგან, რომელიც მე თვითონაც მეამაყება, რომ მისი ნაწილი ვიყავი – ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მაგრამ ლაპარაკია ამ პათოლოგიურ ელემენტებზე – ზოგი პირდაპირ სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობდა, ზოგ მათგანთან კი ფსიქიურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი პირდაპირ, ეს დღეს აღებული აქვთ, შიზოფრენიკებისა და სპეცსამსახურების კმაყოფაზე მცხოვრებლების ლოზუნგები –აღებული აქვს მთელ ნომენკლატურას, მთავრობის უმაღლეს ეშელონებს. [სტილი დაცულია]”

საქართველოში ლოზუნგები სულ უფრო და უფრო რადიკალური ხდება. ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო კონფერენცია “ნაციონალური სტერეოტიპების რეპრეზენტაცია კინემატოგრაფში” თბილისში ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. თავდაპირველად უცხოელ სტუმრებს გული დასწყდათ იმის გამო, რომ სემინარებზე არ უჩვენეს ახალი ქართული ფილმები: “როგორ შეიძლება საუბარი კინოზე, რომელიც არ არსებობს?”. მაგრამ თბილისის ქუჩებში რომ გავიდნენ, წინასაარჩევნო პლაკატებსა და სარეკლამო კლიპებს რომ გაეცნენ, სემინარის მონაწილეებს ეს პრეტენზია აღარ გამოუხატავთ; ქართული კინო ისევ არსებობს. უბრალოდ მას ფორმა შეეცვალა - ეკრანიდან ქუჩაში გადმოინაცვლა.
XS
SM
MD
LG