Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარები ისევ რამალაში არიან


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათ დილას ისრაელის ტანკებმა და ჯარებმა ალყა შემოარტყეს პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში,

პალესტინელთა ინტელექტუალურ, პოლიტიკურ და კომერციულ დედაქალაქში.

გარდა რამალასი, ისრაელის ჯარები დგას პალესტინელთა კიდევ 5 ქალაქში, სადაც კომენდანტის საათია გამოცხადებული და დაახლოებით 600 ათას ადამიანს სახლიდან გარეთ გასვლა ეკრძალება.

რამდენ ხანს დარჩება ისრაელის ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებზე, ნათელი არ არის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თქვა, საკითხი ღიაა და “ჯარები დარჩება იქამდე, სანამ არ შეწყდება თვითმკვლელური ტერორისტული აქტებიო.”
საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა კი გამოთქვა იმედი, რომ ეს რამდენიმე თვეზე დიდხანს არ გაგრძელდება.

ისრაელის ეს ნაბიჯი მოვიდა იმ მომენტზე, როცა პალესტინელთა ხელისუფლებამ, აშკარად ამგვარი აქტების შეჩერების მიზნით, შეიხ აჰმად იასინის, ექსტრემისტული ორგანიზაცია “ჰამასის" ლიდერისა და ორანიზაციის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირის შინაპატიმრობის ორდერი გასცა. შეიხი, რომელიც ინვალიდების ეტლით გადაადგილდება, სასტიკად ეწინააღმდეგება ისრაელთან ნებისმიერ სამშვიდობო დარეგულირებას.

“ჰამასის” წარმოადგენელმა ისმაილ აბუ შანაბმა შინაპატიმრობას სიტუაციის “სახიფათო ესკალაცია” უწოდა.

პალესტინელთა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთი ნაპირის რეოკუპაცია ისრაელის მიერ ოსლოს სამშვიდობო შეთანხმების ხელყოფად ჩათვალეს. ოსლოს შეთანხმებით, პალესტინელებს ეძლევათ შეზღუდული თვითმმართველობა დასალვეთოი ნაპირის ნაწილსა და ღაზის სექტორზე. პალესტინელთა სიტყვით, ეს ნიშნავს ოსლოს შეთანხმებამდე არსებულ სამოქალაქო ადმინისტრაციის, ფაქტობრივად, სამხედრო მმართველობის აღდგენას.

“დასავლეთი ნაპირის რეოკუპაცია ფატალური შეცდომაა… ისინი აუქმებენ იმას, რაც ოსლოდან დღემდე შეიქმნაო”, თქვა კვირას არაფატმა რამალაში.

ისრაელის მოქმედებებმა კვლავ გადაადებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გამოსვლა, პალესტინელთა საკითხის თაობაზე, როგორც ეს მოხდა გასული კვირის ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელშიც ისრაელის 30 მოქალაქე დაიღუპა.

ბუში აპირებდა განცხადების გაკეთებას, რომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯი პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის მიმართულებით, ფიქსირებული საზღვრებითა და გაეროში ადგილით და რა პირობები უნდა შეასრულოს ამისთვის პალესტინელთა მხარემ.

ამ შემთხვევაში, არაფატისა და პალესტინელთა სხვა ლიდერების წინაშე მძიმე დილემა გაჩნდება. ისრაელის ჯარებით გარშემორტყმულ მდგომარეობაში მათ გადასაწყეტი ექნებათ, მოიწონონ ბუშის იდეა და დათანხმდენ პირობებზე, რომელთაც წლების განმავლობაში უარყოფდნენ, თუ “არასა” და “ჰოს” შორის დიპლომატიური ენა გამოძებნონ.

“იდეა ის არის, უთხრა პალესტინელებს: “აი ამის გაკეთებაა საჭირო და მიდი გააკეთეთ ეს”, თქვა ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ამასთან აღიარა, რომ იმას, რაც პალეტინელებს მოეთხოვებათ – ტერორიზმის და კორუფციის აღკვეთა და მართლმსაჯულების სანდო სისტემის შექმნა – არა ერთი წელი დასჭირდება.

სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ამბობს, ბუშმა პალესტინელებს მხოლოდ ჰორიზონტი უნდა მოუხაზოს, იმედი მისცესო.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა ერთხმად მოუწოდებს ორივე მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას. ამასთან ბევრი აგრესორად მიიჩნევს სწორედ ისრაელს, როგორც უფრო ძლიერ მხარეს.

დისონანსად გაისმა ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის განცხადება, რომ სრულიად გასაგებია ისრაელის მთავრობის პოზიცია განუწყვეტელი ტერორისტული აქტების პირობებში.

“მე მგონია, ვერცერთი ქვეყანა ვერ დარჩებოდა პასიური მისი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შემხედვარე”, თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ ზანტოვსკიმ. ამასთან მანაც გამოთქვა იმედი, რომ შესაძლებელია სამშვიდობო პროცესის განახლება.
XS
SM
MD
LG