Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონცეფცია იურიდიული განათლების კანონის შესახებ


ამჟამად საქართველოს 200-ზე მეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება იურისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის მქონე სპეციალისტებს უშვებს,

თუმცა ეს საბუთი სულაც არ განსაზღვრავს იურისტის განათლების ხარისხს. იურისტის სპეციალობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ცდილობს იურიდიული განათლება ცალკე საკანონმდებლო სივრცეში მოაქციოს და მას პრიორიტეტი მიანიჭოს.

საქართველოს სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლები ყოველწლიურად 5000-მდე იურისტის დიპლომის მქონე სპეციალისტს უშვებს. უირიდიული ფაკულტეტებია გახსნილი რაიონულ თუ სასოფლო უნივერსიტეტებსა და აკადემიებში. ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი ექნებოდა, ხარისხიან სპეციალისტებს რომ ამზადებდნენ. არადა, სახელმწიფო ცდილობს აკრძალვებით არ ჩაერიოს განათლების სისტემაში, თუმცა კი იურისტის პროფესიას სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის კოტე კუბლაშვილის განცხადებით:

[კუბლაშვილის ხმა] „იურიდიული განათლება ეს არის ისეთი სფერო, რომელში დასაქმებული ხალხიც ძალიან სერიოზულ საფუძველს ქმნის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსათვის. სწორედ იურისტები არიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ, მაგალითად, მოსამართლეებს, პროკურორებს, ადვოკატებს და ძალიან ბევრ სახელმწიფო უწყებაში წამყვან როლს თამაშობენ და ამით, ფაქტობრივად, საფუძველს ქმნიან ამ სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის.“

იურიდიული განათლების სისტემის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ითვალისწინებს და მას კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თვლის სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმირების კომისიის დებულება. შესაბამისად, კომისიის შიგნით შეიქმნა ქვეკომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი ხელმძღვანელობს. ქვეკომისიამ იურიდიული განათლების კანონის კონცეფცია მოამზადა, რომელიც 24 ივნისს კოტე კუბლაშვილმა გამოაქვეყნა.

კონცეფციის ავტორებმა მაგალითად აირჩიეს ევროპის კავშირის ქვეყნები, სადაც იურიდიული განათლებისადმი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მიდგომაა. მითუმეტეს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის და ამჟამინდელი საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასაც უწყობს ხელს.

[კუბლაშვილის ხმა] „იქ სწორედ ასეთი პრინციპი მოქმედებს, რომ საუნივერსიტეტო განათლება იურისტისათვის აუცილებელია, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ეს არასოდეს არ არის საკმარისი. ანუ ამის შემდეგ კიდევ რაღაცა უნდა მიიღოს პირმა, რომ იგი სრულყოფილი იურისტი გახდეს. თუ ჩვენ მომავალში, მართლაც, მივადგებით იმას, რომ ჩვენ გავხდებით წევრები, ამ მიმართულებით ჩვენს კანონმდებლობაში შესაცვლელი ბევრი არაფერი გვექნება, თუ ეს კონცეფცია შემდეგ გარდაისახა კანონპროექტად და ცხოვრებაში გატარებულ იქნა.“

კონცეფციის მთავარ ღერძს საკვალიფიკაციო გამოცდა წარმოადგენს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იურისტობის მსურველს გადაეცემა იურიდიული განათლების მიღების დამადასტურებელი საბუთი და იურისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად მას სპეციალური გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ასევე, შეიქმნება იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომლის დამთავრება საკვალიფიკაციო გამოცდის ტოლფასი იქნება. კვალიფიკაციის არმქონე იურიდიული განათლების სპეციალისტებს გზა ხსნილი ექნებათ კერძო და სამეცნიერო სფეროში.

კონცეფციის მიხედვით, სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი თავად განათლების სისტემაშიც. კერძოდ, საშუალო სკოლების დამამთავრებელ ბოლო 2 კლასში უნდა გაძლიერდეს სამართლის საფუძვლების სწავლება, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში

[კუბლაშვილის ხმა] „უნდა შედგეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, განათლების სამინისტროსთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს მიერ და ამაში აქცენტი უნდა გაკეთდეს, სწორედ საქმეებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ნებისმიერი იურისტი, ადვოკატიც, პროკურორიც, გამომძიებელიც, მოსამართლეც და ხშირად ის იურისტიც, რომელიც ჩემსავით მუშაობს სადღაც სახელმწიფო დაწესებულებაში იურისტად, მას ყოველთვის კონკრეტული საქმის ამოხსნასთან აქვს საქმე. ჩვენთან უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, ესენი არ ისწავლება.”[სტილი დაცულია]

თუ ეს რეფორმა განხორციელდა, მის ავტორებს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქართველ იურისტებს საერთაშორისო კვალიფიკაციის მისაღებად საზღვარგარეთ სწავლა აღარ დასჭირდებათ.
XS
SM
MD
LG