Accessibility links

logo-print

ეკლესია პოლიტიკური მორალისა და კორექტულობის მოთხოვნით გამოდის


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის მიწურულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა თხოვნით, შეუარცხყოფათა ნაცვლად,

მოსახლეობას წარუდგნენ რაელური სამოქმედო პროგრამით, ხოლო პოლემიკა აწარმოონ პოლიტიკური მორალის ნორმათა გათვალისწინებით, რაც ადამიანის პიროვნული ღირსების დაცვას გულისხმობს. ეკლესიის სახელით, კათოლიკოს-პატრიარქი მზადყოფნას აცხადებდა ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის ხელშესაწყობად, თუ ეს ძალები კონსტრუქციული თანამშრომლობის ნებას გამოიჩენენ. იერარქის მიმართვას განცხადებებით გამოეხმაურნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ახალი მემარჯვენეები, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სხვადასხვა საკითხებსაც შეეხნენ. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერიდება პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს შექმნილმა ფონმა, პოლიტიკურ ორგანიზაციათა ურთიერთობის ფორმებმა, ჩანს, მხოლოდ საერო პირებს არ დაუტოვა მძიმე შთაბეჭდილება. პატრიარქის მოწოდების პათოსი ჯერჯერობით სამი პარტიის წარმომადგენლებმა გაიზიარეს, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპასუხო ინიციატივა შეაგება; მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით [ძიძიგურის ხმა]: “პატრიარქის მიმართვის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავებთ პოლიტიკური კონვენციის ტექსტს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთხოვთ, მოაწერონ ხელი და დაიცვან ამ კონვენციაში გატარებული პრინციპები. ეს იქნება პარტიებს შორის თავდაუსხმელობის ერთგვარი პაქტი და იმედი გვაქვს, საქართველოს ეკლესიის ინიციატივა ხელს შეუწყობს პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანაში”.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წევრმა, დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან გაჭიანურდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმების დადება. ბერძენიშვილის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ [ბერძენიშვილის ხმა]: “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდეს საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულ დამოუკიდებლობას სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირობა ჩვენი მხარდაჭერისა ამ ხელშეკრულების ტექსტის მიმართ”.

პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა მოწესრიგების თვალსაზრისით გაიხსენა ცვლილებათა და დამატებათა კანონპროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონისათვის, რაც ითვალისწინებს სწორედ ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრას. ეს კანონპროექტი პარლამენტში კარგა ხანია დევს და იურიდიული კომიტეტი მას არ იხილავს. კობა დავითაშვილმა სხვა საკითხზეც გაამახვილა ყურადღება [დავითაშვილის ხმა]: “განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საკუთრებითი საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა. დღეს ჩვენი ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის სტატუსი, ბუნდოვანია. ეკლესიას, ისევე, როგორც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, ხშირად უწევს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნება და მათი მეშვეობით ახორციელებს საკუთრებით ოპერაციებს, რაც მოუთმენელია და მიუღებელი 21-ე საუკუნის მიჯნაზე. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა დაიდოს ხელშეკრულება, კივიღოთ კანონი, რომელიც განსაზღვრავს სტატუსს და მთლიანად დაუბრუნდეს ეკლესიას ქონება, მოხდეს სრული რესტიტუცია. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ მხარს უჭერს შეთანხმების პროექტს, მაგრამ ეს მხარდაჭერა ცარიელ სიტყვებად იქცევა, როგორც კი საკითხი ქონებისა და საკუთრების დაბრუნებას შეეხება. ჩვენ ამ საკითხში, სადაც ეკლესიას ყველაზე მეტი ოპონენტი ჰყავს, ბოლომდე მხარს ვუჭერთ ეკლესიას, რადგან კერძო საკუთრება, უკანონოდ რომ ჩამოერთვა, აუცილებლად სრულად უნდა დაუბრუნდეს მას. ეს არის ჩვენი უპირობო პოზიცია და მოთხოვნა”.

ქონება, რომლის ეკლესიისთვის დაბრუნებასაც ემხრობა “ნაციონალური მოძრაობა”, საგულდაგულოდ აქვთ აღნუსხული კომუნისტებს იმ პერიოდში, როცა ეკლესიას ამ ქონებას ართმევდნენ. არქივებში შესაბამისი დოკუმენტების მოძიებას წინ არაფერი უდგას. ეგ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რესტიტუციის იდეის მხარდაჭერით გამოდის.
XS
SM
MD
LG