Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დიდი რვიანის სამიტისთვის ემზადება


ორშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სცადა თავისი პროდასავლური პოლიტიკა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით გაემართლებინა.



პუტინის თქმით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დასავლეთთან კავშირები გაამყარა უკანასკნელ თვეებში გამართულ ექვს სამიტზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ არგებს ეს რუსეთს, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამჟამად რუსეთის მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება. ანალიტიკოსების აზრით, ამით იგი შეეცადა განსაკუთრებით გამოეკვეთა ის საკითხი, რომლის თავის სასარგებლოდ გამოყენებასაც შეეცდება იგი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

”ამ მძიმე ამოცანის გადასაჭრელად მთელი რიგი პირობები გვჭირდება”, თქვა თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც მიმდინარე კვირაში კანადაში მიემგზავრება ეგრეთწოდებული ”დიდი რვიანის” სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ამ სამიტზე იგი აუცილებლად შეეცდება დასავლეთის მხრიდან დახმარების მოპოვებას.

”ერთ-ერთი ასეთი პირობაა რუსეთის საზოგადოების კონსოლიდაცია,” თქვა მან და განაგრძო: ”მეორე – დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ბაზრების გახსნა. სხვაგვარად დღესდღეობით შეუძლებელია განვითარება. ამისათვის გვესაჭიროება ხელსაყრელი საერთაშორისო ურთიერთობები, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს საგარეო ვაჭრობასთანო”, დასძინა პუტინმა.

უკანასკნელ ხანებში რუსეთის პრეზიდენტი კომუნისტებისა და ზოგი სხვა პოლიტიკური ძალის კრიტიკის ობიექტად იქცა შეერთებული შტატების მიმართ დათმობებისთვის უპირველეს ყოვლისა სამხედრო არსენალის შემცირების საკითხში, აგრეთვე ანტიტერორისტულ კამპანიაში ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის.

საინტერესოა, რომ კრემლში გამართულ პრეს-კონფრენციაზე, რომელიც მისი პრეზიდენტობის ვადის შუა პერიოდს დაემთხვა, პუტინმა მისი პრემიერ-მინისტრობისას წამოწყებული ჩეჩნეთის ომისა და ჩეჩნების მიმართ სიძულვილისთვის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ კრემლს დააკისრა.

”დიახ, სამწუხაროდ არსებობს ასეთი უარყოფითი იმიჯი. და ამ იმიჯის შექმნაში ნაწილობრივ ჩვენვე ვართ დამნაშავეო. ამ ორსაათიანი პრესკონფერენციის მანძილზე პუტინი შეეცადა თავი უპირველეს ყოვლისა ხალხისთვის მზრუნველ პოლიტიკოსად წარმოეჩინა.

”ჩემი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ვიცი, როგორ ცხოვრობს რიგითი რუსიო”, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დამსწრეთ შეახსენა, რომ ლენინგრადში, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა წლების მანძილზე, მაშინაც კი, როცა კგბ-ს ოფიცერი იყო.
XS
SM
MD
LG