Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილგაზის პრივატიზება მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ ხორციელდება


თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ინვესტორის პერმანენტულმა მოლოდინმა განუკითხაობასა და კორუფციას შეუწყო ხელი.

ამ პერიოდში დაგროვდა კომპანიის ვალების უმეტესი ნაწილიც. ვალებით დამძიმებული კომპანიის შეძენის მსურველი თითქმის არავინ გამოჩნდა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ თბილგაზი ტენდერზე თითქმის უპირობოდ გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი თავად წარმოადგენს საკუთარ საინვესტიციო გეგმას. გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რა პირობები შესთავაზა საქართველოს მთავრობას თბილგაზის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

„თბილგაზის“ სამართავი პულტის ჩაბარებამდე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ტაჰალმა“ ბიზნესგეგმა და ხელშეკრულების პროექტი წარუდგინა საქართველოს ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს. არც ერთი მათგანი ქონების მართვის სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა თბილისის ყოფილი საკრებულოს აქტიურმა წევრმა ჯონდი ბაღათურიამ ორივე მოიპოვა და მათ კრიტიკას სპეციალური პრესკონფერენცია მუძღვნა. ის, რაც ბაღათურიას გულისწყრომას იწვევს, ბიზნესგეგმაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა და მისი ამოღების მექანიზმია.

[ბაღათურიას ხმა] „მე პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, რასაც ვამბობ. საქმე ეხება თბილისელების ჯიბეებიდან 49 მილიონის მოპარვას, რაც მზადდება. ჯერ არ მოუპარავთ ეს 49 მილიონი, მაგრამ აპირებს ხელისუფლება, რომ მოპაროს თბილისელებს ეს ფული. ეს შეიძლება ჩაითვალოს წლის აფიორად, დამტკიცებულ აფიორად. მე ხელთ მაქვს პრივატიზაციის ბიზნეს გეგმა, რომელსაც გვთავაზობს ე.წ. ებრაული კომპანია “ტაჰალი”, თუმცა მე არაერთხელ მითქვამს, რომ, აი, ამ “ტაჰალის” უკან დგანან ჩვენი მაღალი რანგის ჩინოვნიკები.“

49 მილიონი ზუსტად ის თანხაა, რომლსაც თბილგაზის ინვესტორი ახალი აბონენტების ჩართვის შედეგად მიიღებს. “ტაჰალის” გაანგარიშებით, ერთ აბონენტს გაზსადენთან მიერთება 200 ლარი დაუჯდება. დავძენ, რომ ამას „თბილგაზი“ 160 ლარად აკეთებდა. საინვესტიციო გეგმის მიხედვით, ებრაული კომპანია გაზსადენის რეაბილიტაციისათვის 28 მილიონ ლარს დააბანდებს, ხოლო 245 ათასი აბონენტის ჩასართავად 90 მილიონი ლარის ინვესტიციას გაიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასში 49 მილიონი მოსახლეობიდან ამოღებული თანხაა. რადგან ინვესტიცია გაზის ტარიფში აისახება, თბილისელებს ერთხელ გადახდილი 49 მილიონის მეორედ გადახდაც მოუწევთ.

[ბაღათურიას ხმა] „ეს არის მტკიცებულება უკვე, შეიძლება იქ სულ მთლიანად გაყალბებული იყოს, მაგრამ ეს არის ციფრი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 49 მილიონ ლარიანი აფიორა მზადდება თბილისელებისათვის.“[სტილი დაცულია]

გარდა ამისა, „ტაჰალის“ წინადადებით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე 27 თეთრიდან 50 თეთრამდე უნდა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ტარიფი. აქვე შევნიშნავ, რომ ხელშეკრულების პროექტის ქართული ვარიანტის ყველა გვერდზე აღნიშნულია, რომ ქართულ ტექსტს იურიდიული ძალა არა აქვს, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ამავე პროექტშია გათვალისწინებული მოცულობა 5 წლის მანძილზე გაუთვალისწინებელი ხარჯებისა, რაც 11 მილიონ ლარს შეადგენს. ანუ ის 2 მილიონზე მეტი თანხა, რომელსაც “ტაჰალის” მენეჯერები ყოველწლიურად რესტორნებსა თუ მოგზაურობებში დახარჯავენ, ინვესტიციად ჩაითვლება და ის თბილისის მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს ტარიფის მომატების გზით.

ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს სპიკერმა ირმა გოგოლაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ: [გოგოლაძის ხმა] „ეს არ არის ხერშეკრულება, რომელზეც ხდება ხელის მოწერა. ეს არის შავი ვარიანტი ხელშეკრულების პროექტისა. პროექტადაც კი არ არის ეს ჯერ ჩამოყალიბებული. ეს ჩვენ “ტაჰალმა” მოგვაწოდა და სამინისტროს ჯერ ეს არც განუხილავს. მუშაობა ამ ვარიანტზე მიმდინარეობს ამჟამად და, როდესაც ეს პროექტის სახეს მიიღებს, ანუ ის, რაც ახლა დევს შავ ვარიანტში, ის შეიძლება ძალიან სერიოზულად შეიცვალოს.“[სტილი დაცუყლია]

ქონების მართვის სამინისტროში ხელშეკრულების პროექტის დამუშავების შემდეგ მის გამოქვეყნებას აპირებენ საჯაროდ განსახილველად. თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქონების მართვის მინისტრს თბილგაზის პრივატიზების საკითხის 2 კვირაში გადაწყვეტა დაავალა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ თბილგაზის განსახელმწიფოებრიობა „ტაჰალის“ პირობების თანახმად განხორციელდეს, მითუმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე თბილგაზის შეძენის სხვა მსურველი აღარ ჰყავს.
XS
SM
MD
LG