Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა 24 ივნისს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სასიკვდილო განაჩენი მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ უნდა გამოიტანოს,

და არა ცალკეულმა მოსამართლეებმა. ამდენად, უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად აქცია ხუთ შტატში სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მოქმედი კანონი.

ამ 5 შტატში: არიზონაში, აიდაჰოში, მონტანაში, კოლორადოსა და ნებრასკაში 168 პატიმარს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 168-ვე განაჩენი უნდა გადაისინჯოს. წამოყენებულ წინადადებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა ჟიურომ გამოიტანოს, და არა მოსამართლემ, უზენაესი სასამაროთლოს შვიდმა წევრმა დაუჭირა მხარი ორის წინააღმდეგ.

”კონსტიტუცია ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ანიჭებს ბრალდებულის გასამართლების უფლებას, და ეს უფლება უაზროდ იქნება შეზღუდული, თუკი იგივე ჟიური არ დაადგენს, რომ ჩადენილი მკვლელობისთვის სიკვდილით უნდა დაისაჯოს ბრალდებული თუ სამუდამო პატიმრობით” – განაცხადა უზენაესი სასამართლოს წევრმა რუთ ბადერ გინზბურგმა. უზენაესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია არიზონის შტატის სასამართლოს მტკიცება, რომ განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები უფრო ობიექტურნი და ნაკლებად ემოციურნი არიან, ვიდრე ნაფიც მსაჯულთა ჟიური.

”24 ივნისს, ასევე გასულ კვირაში, როცა გონებრივად ჩამორჩენილი დამნაშავეების სიკვდილით დასჯა აიკრძალა, უზენაესმა სასამართლომ ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო განვლილი 25 წლის მანძილზე” – განაცხადა სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეთა ეროვნული კოალიციის წევრმა დევიდ ელიოტმა. სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლოს უკანასკნელი ორი გადაწყვეტილება საბოლოოდ დღის წესრიგში დააყენებს შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის მიზანშეწონილობის საკითხს.

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ 1976 წელს, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, აღადგინა ქვეყანაში სიკვიდილით დასჯა. სულ ამერიკაში 3 700 პატიმარი ელოდება სიკვდილით დასჯას 38 შტატში, სადაც დაშვებულია სასჯელის უმაღლესი ზომა. არიზონაში, აიდაჰოში, მონტანაში, კოლორადოსა და ნებრასკაში მოქმედი კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა ჟიურომ უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა ბრალდებული, ხოლო ერთმა ან რამდენიმე მოსამართლემ ამის შემდეგ უნდა განსაზღვროს – ხომ არ იმსახურებს ბრალდებული სიკვდილით დასჯას, თუ, მაგალითად, მკვლელობა, არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა, ან კიდევ ფულისთვის იქნა ჩადენილი.

სიკვილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 1976 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ 5 შტატში სისრულეში იქნა მოყვანილი 29 სასიკვდილო განაჩენი, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა ჟიურის არ გამოუტანია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ბედი ეწევა პატიმრებს, რომლებსაც ამ 5 შტატში სიკვდილი აქვთ მისჯილი. ამ შტატების ცალკეული ლიდერები აცხადებენ, რომ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა შეეხოს იმ პატიმრებს, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოუტანეს. ლრთ.
XS
SM
MD
LG