Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური მხარეების ეკონომიკური ჯგუფების შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა


თბილისში გაეროს წარმომადგენლობამ ქართულ-აფხაზურ შეხვედრას უმასპინძლა. ეს იყო საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფების შეხვედრა,

რომელზეც აფხაზთა დელეგაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ბესლან კუბრავა ხელმძღვანელობდა, საქართველოს ჯგუფს კი -განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე. მხარეებმა გალის რაიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს. პოლიტიკური საკითხები სხდომის დღის წესრიგში არ შესულა, თუმცა თბილისში ჩამოსულმა არძინბას თანაშემწემ მაინც განმარტა, რომ სოხუმი თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ გაეროში მომზადებულ პროექტს არ განიხილავს.

საქართველოში გაეროს მისიამ და უკრაინის მთავრობამ აფხაზ და ქართველ ბავშვებს საზაფხულო სიურპრიზი შესთავაზეს. 22 ივნისიდან 13 ივლისამდე 14 აფხაზ და 14 ქართველ ბავშვს ბავშვთა საერთაშორისო ბანაკი “არტეკი” მასპინძლობს. ასეთი ღონისძიება პირველი არ არის. იალტის ცნობილი შეთანხმების შემდეგ, რომლითაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებები დაიგეგმა, ქართველ და აფხაზ ბავშვებს “არტეკი” მეორედ მასპინძლობს და იქ ისინი, ალბათ, გაცილებით უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე უფროსები, რომელთა შორის ომით ჩანგრეული ხიდის აღდგენა ათი წელია ვერ ხერხდება. 25 ივნისს თბილისში, გაეროს წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის წინ, აფხაზთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბესლან კუბრავამ იმედი გამოთქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ისეთივე ნაყოფიერი იქნებოდა, როგორიც იყო წინა, მაგრამ 25 ივნისის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. ისე, აფხაზთა დელეგაციის ხელმძღვანელის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც ნაყოფიერი არც წინა შეხვედრა ყოფილა. წინა ქართულ-აფხაზური შეხვედრა გალის რაიონის ტერიტორიაზე შედგა. აფხაზთა მხარემ მაშინაც განმარტა, რომ სოხუმი აფხაზეთის სტატუსის საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრის პირობას არ დათანხმდება და კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ჯარების დამატებითი საგუშაგოს გახსნა მოითხოვა. მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება მაშინ ვერ მოხერხდა. ეს არის, რომ აფხაზთა მხარემ ეკონომიკურ საკითხებზე თანაშრომლობისთვის მზადყოფნა გამოავლინა და ამით თითქოს ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პესპექტივები გამოიკვეთა, მაგრამ ესეც უშედეგო აღმოჩნდა.
გალის რაიონის ეკონომიკური რეაბილიტაციისა და ამავე რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხებზე მსჯელობას, რომელიც 25 ივნისს თბილისში, გაეროს წარმომადგენლობაში, შედგა, არც ერთი შეთანხმება არ მოჰყოლია. საუბარი ეხებოდა გაეროს ინიციატივას, გამოიყოს სახსრები კონფლიქტის ზონაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში არსებული პრობლემების შესამსუბუქებლად. საქართველოს დელეგაციის წევრებმა მოითხოვეს დახმარების პროგრამა დევნილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის სტატუსის განხილვის დაწყების პარალელურად განხორციელდეს. ეს პირობა კი მიუღებელია აფხაზებისთვის, რომლებიც მზად არიან მიიღონ დახმარება, ოღონდ, უპირობო საერთაშორისო დახმარების სახით. სოხუმის დესპანებმა უარი თქვეს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებაზეც. ისინი აცხადებენ, რომ დათანხმდებიან გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლებას და არა ქართულ ენაზე სწავლებას. და კიდევ: აფხაზთა დელეგაციამ თბილისში დატოვა განმარტება იმის თაობაზე, რომ სოხუმი კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ გაეროს დოკუმენტის განხილვას არ აპირებს. საკოორდინაციო საბჭოს შემდგომი სამუშაო სხდომა 20 ივლისს უნდა გაიმართოს. ასე რომ, მხარეებმა 25 ივნისს შეუთანხმებელი საკითხები შემდგომი შეხვედრისთვის უნდა მოამზადონ. როდემდე გასტანს ასე, არავინ უწყის. ახლახან, თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას, ედუარდ შევარდნაძემ წუხილი გამოხატა თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ გაეროს დოკუმენტის განხილვის გაჭიანურების გამო. საქართველოს ხელისუფლება ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ელის. უშიშროების საბჭო კი აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას 31 ივლისს განიხილავს და აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მიღებულ ძველ რეზოლუციებს ახალ რეზოლუციას დაურთავს. გაეროს რეზოლუციებს კონკრეტული შედეგები არ მოუტანია, ყოველ შემთხვევაში, აქამდე. საქართველოს პარლამენტმა კი სწორედ გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუციის მოლოდინის გამო თქვა უარი კონსტიტუციაში აფხაზეთის შესახებ ჩანაწერის შეტანაზე. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტოვებს იმედს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების კონტურები გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG