Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღის სკანდალს, შესაძლოა, ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელობა გადაჰყვეს


25 ივნისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ერთი კვირის წინ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დიდი რაოდენობით იარაღის დაკარგვისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების

ტრანსპორტირებაში მხილებული უშიშროების ოფიცრის საქმეების გამოძიებით დაინტერესდა. დახურულ კარს მიღმა ორსაათიანი განმარტოების შემდეგ სხდომის ყველა მონაწილემ გამოძიების დეტალებზე საუბარს თავი აარიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ძალოვან სამინისტროებში რეალური ცვლილებები არ განხორციელდება, ქვეყანაში, შესაძლოა, კატასტროფული ვითარება შეიქმნას.

მეორე კვირაა საქართველოში საბრძოლო იარაღთან დაკავშირებული ორი მსხვილი სკანდალი გრძელდება.
10 ივნისს უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველოს მუშაკებმა ელიტურ მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში, რომელიც ამ დღეებში პარტნიორობის მრავალეროვნულ სამშვიდობო სწავლებას მასპინძლობს, ლამის მთელი არსენალის - 13 სატანკო ტყვიამფრქვევისა და 24 რადიოსადგურის - დაკარგვის ფაქტი აღმოაჩინეს. სამხედრო პროკურატურის მიერ ამ საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიების შედეგად, რამდენიმე დღეში დანაშაულში ეჭვმიტანილი პირველი ოფიცერიც დააკავეს. თუმცა 17 ივნისს თავად უშიშროების სამინისტრო აღმოჩნდა გაცილებით უფრო საშიშ სკანდალში გახვეული. ავტომანქანა "ლენდ კრუიზერში", რომელიც, წინასწარი გამოძიებით, ცხინვალში მცხოვრებ "კანონიერ ქურდ" შაქრო კალაშოვს ეკუთვნის, 5 ერთეული ხელით გადასატანი ყუმბარსატყორცნი აღმოჩნდა. იარაღი კი ცხინვალიდან თბილისისკენ უშიშროების სამინისტროს ობიექტების დაცვის მე-11 ქვეგანყოფილების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მაიორ სიმონ მჭედლიძესა და რუსეთის მოქალაქე არტურ ლუტიკოვს გადმოჰქონდათ.

სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოწვევით, ამ საქმეებზე პირველი მოსმენა გაიმართა. დახურული სხდომიდან გამოსულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც, ერთსა და იმავე დროს, დაზარალებულიც არის და პასუხისმგებელიც იმაზე, რაც ვაზიანში და, საერთოდ, ჯარში ხდება, ჟურნალისტებთან საუბარს თავი აარიდა. ხოლო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია უფრო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ კრიმინალზე საუბრობდა ოპტიმისტურად, ვიდრე საკუთარი თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.
[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "კონკრეტულად ვერ გეტყვით. რაც შეეხება ვაზიანის ბაზასთან დაკავშირებით, მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ძალიან კარგი და დადებითი შედეგი გვექნება. იარაღთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პროკურატურა მუშაობს. მაგარმ, რადგან ჩვენი თანამშრომელი იყო, ჩვენ ამ მონაკვეთზე ვმუშაობთ და, გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ ოპერატიულ ინფორმაციაზე, ხომ არ იყო ეს ტერაქტისათვის მზადება".(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, "მოსალოდნელი ტერაქტი" გახლდათ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მეორე, ანუ "ცხინვალის იარაღის", გახმაურებულ საქმეს სამხედრო პროკურატურა ჩამოაშორეს. ამასთან, დღემდე გაურკვეველი რჩება, თუ რა პირდაპირი კავშირი ჰქონდა იარაღის კონტრაბანდასთან რუს მოქალაქეს და "კანონიერ ქურდს", რომელიც მოწმედ დაიკითხა.
საკომიტეტო მოსმენაზე წარმოდგენილმა არგუმენტებმა, როგორც ჩანს, არ დააკმაყოფილა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას ამ საქმეების მიჩუმათება.
[იარაკლი ბათიაშვილის ხმა] "ვითარება ისეა მომწიფებული, რომ რეალური ცვლილება ან მოხდება ამ უწყებებში, ან მაშინ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მივიღოთ კატასტროფული ვითარება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით". [სტილი დაცულია]

აღასანიშნავია, რომ პირველი პირების პასუხისმგებლობის თაობაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ბათიაშვილის მოადგილეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილს, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დისციპლინური და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები, ხოლო უზენაესი არბიტრის ფუნქცია კვლავ საქართველოს პრეზიდენტმა იკისროს.
[გია ყარყარაშვილის ხმა] "არა, ამ ფაქტით არ შეიძლება პირველი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პრეზიდენტის პრეროგატივაა. თორემ ამ ფაქტმა რომ სისხლის სამართლის ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ნამდვილად არასწორია."[სტილი დაცულია]

თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, რადგან საქართველოს პრეზიდენტი და უშიშროების მინისტრი, აშკარად, მხარს უჭერენ ვერსიას, რომ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები სწორედ ტერაქტისთვის იყო განკუთვნილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG