Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმიგრაციის ინტეგრაციის პრობლემები საფრანგეთიში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საფრანგეთში, რომლის მოსახლეობა 60 მილიონია, 5-დან 8 მილიონამდე იმიგრანტი ცხოვრობს. ექსპერტთა აზრით,

გასული საუკუნის ბოლო მეოთხედის განმავლობაში საფრანგეთმა ვერ მოახერხა ჩრდილოეთ აფრიკაში თავისი ყოფილი კოლონიებიდან – ალჟირიდან, ტუნისიდან და მაროკოდან იქ ჩასული იმიგრანტების ინტეგრირება და ეს აძლირებს უკიდურესი მემარჯვენეების ქსენოფობურ გრძნობებს. ამ ორი თვის წინათ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჟან მარი ლე პენის ეროვნული ფრონტის არნახული წარმატება სწორედ ამას მიეწერება.

მას შემდეგ ლე პენის საარჩევნო მიმზიდველობა საგრძნობლად შემცირდა. მაგრამ მაინც, ამასწინანდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ოთხიდან ერთზე მეტი ფრანგი ეთანხმება ეროვნული ფრონტის აზრს იმიგრაციის თაობაზე. ასეთნი თვლიან, რომ იმიგრაციის დონე მეტისმეტად მაღალია, განსაკუთრებით მუსლიმანებისა ჩრდილოეთი აფრიკიდან და, რომ მთავრობა ვერ აკონტროლებს მას.

ერთ-ერთი აუღიარებელი მიზეზი ლე პენის ანტიიმიგრანტული რიტორიკის წარმატებისა არის ის, რომ არავიან, არც ოფიციალურმა უწყებებმა და არც რომელიმე სხვა წყარომ არ იციან ზუსტად რამდენი იმიგრანტი ცხოვრობს ღიად თუ ფარულად დღეს საფრანგეთში.

საფრანგეთის სტატისტიკისა და ეკონომიკის შემსწავლელი ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით ეს ციფრი ხუთ მილიონს აღწევს. სხვები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები, ხუთ-რვა მილიონზე ლაპარაკობენ.

განსხვავებით ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ იმიგრანტების რიცხვს (მაგალითად, ესპანეთი აღიარებს, რომ მის ტერიტორიაზე 80 ათასი ფარული იმიგრანტი ცხოვრობს), საფრანგეთი არასოდეს არ აქვეყნებს ამგვარ სტატისტიკას. როგორც სტატისტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი კატრინ ბორელი ამბობს, ფარული იმიგრანტები იმიტომ არიან ფარული, რომ მათი დათვლა შეუძლებელია.

იმიგრანტთა რიცხვის დადგენას ხელს უშლის ისიც, რომ საფრანგეთში არ ხდება შემსვლელთა და გამსვლელთა რეგისტრაცია. ევროპის კავშირის ქვეყნებიდან ასეთი წესი დღეს მხოლოდ ბრიტანეთში მოქმედებს.

ბორელს მოჰყავს საფრანგეთის იმიგრაციის შეფასების კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი: ბოლო წლებში შემცირდა ჩრდილოეთი აფრიკიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან წამოსულთა რიცხვი, სამაგიეროდ, გაიზარდა იმიგრაცია დასავლეთი აფრიკიდან და აზიიდან, როგორც აბსოლუტურ ციფრებში, ისე პროცენტულად. ეს კი აძლიერებს ლე პენისა და სხვა მემარჯვენე ლიდერების არგუმენტებს, რომ ხდება საფრანგეთის “მაღრიბიზაცია” და”ისლამიზაცია”.

მაგრამ ექსპერტების აზრით, საქმე არა იმდენად ბოლო წლების იმიგრანტთა რიცხვშია, რამდენად იმაში, რომ საფრანგეთმა ვერ მოახერხა ვერც მათი და ვერც მათი წინამორბედების სრული ინტეგრაცია.

ჩვენს რადიოსთან საუბარში ფრანგმა ექსპერტმა კატრინ ვიტოლდ დე ვედერმა თქვა, რომ ახალგაზრდა იმიგრანტები სრულად არიან ინტეგრირებული საფრანგეთის სამომხმარებლო საზოგადოებაში და შეთვისებული აქვთ საფრანგეთის კულტურული ფასეულობები, გარდა ერთი სფეროსი. ეს არის დასაქმება. ამ სფეროში, ეს ახალგაზრდები აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ სიძნელეს, ვიდრე მათი ფრანგი თანატოლები. სამუშაოზე მიღებისას ისინი დისკრიმინაციას განიცდიან.

ეს გარიყულობის გრძნობას წარმოშობს იმიგრანტების პირველ თაობაში, რასაც ხშირად ძალადობრივი საქციელი და კრიმინალური ან ნახევრადკრიმინალური ბანდების შექმნა მოჰყვება. როგორც ვიტოლდ დე ვენდენი აღნიშნავს, იმიჯი ახალგაზრდა იმიგრანტისა, რომელიც დროს ქუჩაში ატარებს, წვრილმან ბოროტმოქმედებაში, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩარეული, ელვისებური სისწრაფით ვრცელება. ის რომ მათ არ შეუძლიათ სამუშაო ბაზარში ინტეგრირება, აუცხოებს მათ ფრანგული საზოგადოებისგან.

ვიტოლდ დე ვენდენი აღნიშნავს, რომ ევროპის კავშირში საფრანგეთის პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ასიმილაციის ფრანგული მოდელი მეტისმეტად მოძველებულია. სხვა სიტყვებით, საფრანგეთი ცდილობს, ახალი იმიგრანტები თავის ტრადიციულ ფასეულობებს აზიაროს და ჩააბას საზოგადოების ცხოვრებაში: დაასაქმოს საზოგადოებრივ სამსახურებსა თუ სკოლებში, - და გამორიცხავს, რომ იმიგრანტების საჭიროების შესაბამისად, შესაძლოა, თვით ამ ფასეულობებისა და ინსტიტუტების შეცვლა გახდეს აუცილებელი.
XS
SM
MD
LG