Accessibility links

logo-print

ჰარი პოტერის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, თამარ ჩიქოვანი წიგნები ჰარი პოტერზე – ზებუნებრივი თვისებებით დაჯილდოებულ ობოლ ბიჭზე,

მილიონიანი ტირაჟებით გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მისი ავტორი – ჯოან როულინგი – ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად აქცია. ჰარი პოტერის მრავალი თაყვანისმცემელი – ბავშვი თუ მოზრდილი – მიიჩნევს, რომ ჯოან როულინგის წიგნები საუცხოო თავშესაქცევი საკითხავია. მაგრამ ჰარის მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა, განსაკუთრებით რელიგიურ წრეებში. დღეს რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში “ათასწლეულთა მიჯნაზე ჰარი პოტერის ფენომენის შესახებ გესაუბრებით.

როულინგის ბესტსელერში ჰარი პოტერი, რომელიც ჯადოქრობის სკოლა-ინტერნატში სწვალობს, ხვდება ბოროტ ჯადოქარს, სამთავიან ძაღლს და სხვადასხვა ზღაპრულ ცხოველებს. სკოლის პროგრამაში შედის შელოცვები, ჯადოსნური სასმელის რეცეპტები, და ე.წ. “ქუიდიჩი” –სპორტული თამაში ჰაერში, რომლის მონაწილეები ერთმანეთს მფრინავ ცოცხებზე ამხედრებული ებრძვიან.

კრიტიკა გაისმა ქრისტიანული წრეებიდან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ითქვა, რომ წინგი ოკულტიზმის ემსახურება. ბრიტანეთში ერთმა საეკლესიო სკოლამ კიდევაც აუკრძალა თავის მოწაფეებს ამ წიგნის კითხვა. ზოგიერთმა მორწმუნემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ფილმის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ზოგიერთი სცენა გლოსტერის საკათედრო ტაძარში გადაიღეს.

კრიტიკოსების ქოროს უკრაინელმა ქრისტიანებმაც შეუერთეს ხმა. მაისში ქალაქ რივნეში ეკლესიათაშორისმა საბჭომ დაადგინა, რომ ფილმი, რომელიც იმ დღეებში ეკრანებზე გამოვიდა, “ოკულტიზმისა და სატანიზმის სახელმძღვანელოა”.

ბაპტისტების ადგილობრივი თემის წარმომადგენელმა ილია კორნეიჩუკმა თქვა, რომ საბჭო აპირებს, ურჩიოს ქალაქის ხელმძღვანელობას, აიკრძალოს ფილმის ჩვენება, ვინაიდან მასში ოკულტიზმის გარკვეული ელემენტებია.

საბავშვო ლიტერატურის სპეციალისტებს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით. მათი თქმით, წიგნში მოქმედი ჭინკები, მფრინავი ცოცხები, ჯადოქრები და დრაკონები დასაბამიდან საბავშვო ზღაპრების აუცილებელი ატრიბუტიკაა და, თანაც, წიგნში კეთილი ყოველთვის სძლევს ბოროტს.

ერთი დადებითი რამ აშკარად მოიტანა ჰარი პოტერმა. ტელევიზორზე გადართულმა ბავშვებმა, 400 გვერდიანი ჰარი პოტერის დაძლევის შემდეგ, სხვა, უფრო რთული წიგნების კითხვა დაიწყეს.

ავტორის ისტორიაც ჰგავს ზღაპარს, რომელშიც ბედისგან დაჩაგრული გოგონა პრინცესა ხდება: ქმარს გაყრილი, ბავშვით ხელზე, უმუშევარი და უსახსრო, ჰარი პოტერის პირველ წიგნს ჯოან როულინგი კაფეში წერდა, სანამ ბავშვს ეძინა. ის ხშირად ჩიოდა, რომ ბრიტანეთში მარტოხელა დედის დამამცირებელი სტერეოტიპია გავრცელებული. ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა. მსოფლიოში ჰარი პოტერის 163 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა; ნაწარმოები ითარგმნა 53 ენაზე.

ზემოთ ხსნებული კორნეიჩუკი აღიარებს, რომ არც წიგნი წაუკითხავს და არც ფილმი უნახავს თავიდან ბოლომდე. მიუხედავად ამისა, თვლის, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში მისი ადგილი არ არის.

მსოფლიოს არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჰარი პოტერის გამოჩენამ საქართველოში მშვიდად ჩაიარა. საქართველოში არც ამ პატარა ჯადოქრის ფანების სიმრავლე იგრძნობა და არც ამ ლიტერატურული გმირის მოწინააღმდეგეებს გამოუჩენიათ ჯერჯერობით თავი.
ასეთი უცნაური “გულგრილობა” მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე პოპულარული გმირის მიმართ, ალბათ, ძნელი ასახსნელი არ უნდა იყოს თუ გავითვალიწინებთ, რომ თავდაპირველად ჰარი პოტერმა პოპულარულობა ჯოან როულინგის წიგნის მეშვეობით მოიპოვა და მხოლოდ შემდეგ დადგა დღის წესრიგში ამავე ნაწარმოების ეკრანიზაციის საკითხი. საქართველოში მდგომარება განსხვავებულია. ჰარი პოტერის ზღაპრული და თავშესაქცევი თავგადასავლების აღმწერი 4 წიგნი ქართულ ენაზე ჯერ არ თარგმნილა და მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუმცა, აქაც გარკვეული პრობლემები არსებობს. ჯერ ერთი, რუსეთში გამოსული ეს წიგნები ხელმისაწვდომი არ არის. გარდა იმისა, რომ ოთხივე წიგნის შეძენა მშობელს 100 ლარამდე დაუჯდება, როგორც ჩანს, საქართველოსთვის ამ საკმაოდ მაღალი ფასის გამო, წიგნებიც შეზღუდული რაოდენობით შემოიტანეს კერძო გამყიდველებმა. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ქართველი ბავშვები უკვე საკმაოდ მწყრალად არიან რუსულ ენასთან – გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჰარი პოტერის თავგადასავლების თაობაზე წიგნების “მკითხველნი” საქართველოში არც თუ ბევრნი არიან. საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით იმასაც ვივარაუდებ, რომ ჰარი პოტერის თავგადასავლების მკითხველთა შორის საქართველოში უფროსების რაოდენობა ბავშვებისას ნამდვილად აღემატება.
დაახლოებით იგივე ვითარება გახლდათ ფილმის ჩვენებისას კინოთეარტ “ამირანში.” ფილმი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” ამ კინოთეატრში 17 დღე გადიოდა. თავდაპირველად, სრული ანშლაგი იყო – ბილეთების ყიდვა დილის სეანსებზეც კი პრობლემებთნ გახლდათ დაკავშირებული. ამავე დროს, მაყურებელთა შორის ისევ ზრდასრული ადამიანები ჭარბობდნენ.
და მაინც, ჰარი პოტერის “მეორედ მოსვლა” საქართველოში აუცილებლად შედგება – ბაკურ სულაკაურის გამომცებლობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჯოან როულინგის ლიტერატურულ აგენტთან ჰარი პოტერის ქართულ ენაზე თარგმნის შესახებ. ბაკურ სულაკაურის თქმით, ავტორი საკმაოდ მკაცრად ეკიდება თარგმნის პრობლემას და არაერთი პირობის შესრულებას კონტრაქტით მოითხოვს. მისივე ვარაუდით, კონტრაქტი უახლოეს ხანში გაფორმდება და “ჰარი პოტერი” ქართულ ენაზე წლის ბოლოსთვის გამოვა. პოტერიზმიც ამ დროისთვის თუა მოსალოდნელი საქართველოში.
XS
SM
MD
LG