Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უზენაესი სასამართლო აზრის თავისუფლების წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც დაახლოებით ათი თვის წინ აღძრულ სამოქალაქო საქმეს იხილავდნენ. გასულ წელს საქართველოს ვაჭრობის,

ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა საოლქო სასამართლოში უჩივლა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს ლევან ბერძენიშვილს ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ "დვრიტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვანო ჩხარტიშვილი კორუმპირებულია და მან ყველაზე მეტი მოიპარა. ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ბიბლიოთეკის დირექტორისგან ერთ მილიონ ლარს, ბოდიშის მოხდასა და ნათქვამის უარყოფას მოითხოვდა. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე მადონა ღიბრაძის თავმჯდომარეობით, არ დააკმაყოფილა ჩხარტიშვილის სარჩელი. მაშინ ეს გადაწყვეტილება სიტყვისა და აზრის თავისუფლების გამარჯვებად შეფასდა. ჩხარტიშვილის ადვოკატმა განჩინება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესის მრავალგზის გადადების შემდეგ სასამართლოს სხდომა 25 ივნისს შედგა. ამჯერად სასამართლო კოლეგიამ (მოსამართლეები ნარგიზა გოჩელაშვილი, როზა ნადირიანი და თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი) კასატორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ვანო ჩხარტიშვილს პროცესზე წარმოადგენდა მისი ადვოკატი ვახტანგ კობიაშვილი, რომელმაც კასაციისას შეცვალა ძველი მოთხოვნები: ყოფილი მინისტრი ლევან ბერძენიშვილს აღარ სთხოვდა მილიონ ლარსა და ბოდიშის მოხდას და სჯერდებოდა მხოლოდ გავრცელებული მოსაზრებების უარყოფას. წაგებული მხარე, წესისამებრ, ბაჟს უხდის სასამართლოს. გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ ლევან ბერძენიშვილისთვის სასამართლოს არც 5 ათასი ლარის გადახდა დაუკისრებია. მან გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და ივანე ჩხარტიშვილის სარჩელი. სასამართლო ავალდებულებს ლევან ბერძენიშვილს, განაცხადოს: ჩემ მიერ გავრცელებული ცნობები, რომ ვანო ჩხარტიშვილი არის კორუმპირებული და მან ყველაზე მეტი მოიპარა, არ შეეფერება სინამდვილეს. თუმცა, კასატორს თავის მოთხოვნაში ზუსტად არ ჰქონდა განსაზღვრული უარყოფის ფორმა და ამის ჩამოყალიბებაში ვანო ჩხარტიშვილს სასამართლო “დაეხმარა”. ამასთან, უარყოფა უნდა მოხდეს იმავე გაზეთში, სადაც გამოქვეყნდა ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუ. ეს გაზეთი დღეს აღარ იბეჭდება – შესაძლოა, დროებით. მაგრამ ლევან ბერძენიშვილმა იქვე, განჩინების გამოტანის შემდეგ, მისი კომენტირებისას, აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება [ლევან ბერძენიშვილის ხმა]: “ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი იმ რიგში, რაც ამ კედლებში გამოუტანიათ. მე, პირადად, აქ სამართლიანი გადაწყვეტილება საერთოდ არ მინახავს. ამავე დროს, მინდა გითხრათ: ხელმძღვანელი, ვინც ძალიან ტრაბახობს, რომ აქ სამართალი ძალიან მაღალ დონეზე მოაწყო – ბატონი ლადო ჭანტურია – მიმაჩნია, რომ არის იმავე დონის მოღვაწე, რა დონის მოღვაწეც არის ვანო ჩხარტიშვილი. ზუსტად ერთი და იმავე მენტალიტეტის ხალხთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, დაიცავენ ერთმანეთის უფლებებს. როგორც გავიგე, ბატონი ლადო ჩემგან მილიონ ლარს აღარ ითხოვს, მაგრამ რას ითხოვს, არ ვიცი. მე არ ვიცი, როგორ უნდა უარვყო, რა უარვყო. დამავალა, ხომ? აი, ვასრულებ დავალებას: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი მოიპარა, – იყო ჩემი ფრაზა. ახლა ჩემი ფრაზაა: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი არ მოიპარა. მაგრამ მოიპარა! შეიძლება მასზე მეტი მოიპარა სხვამ. არის ხალხი, რომელიც მაგაზე მეტს იპარავს. აქვე, ამ კედლებში, არიან ისეთები, რომლებიც ბევრს იპარავენ. მაგრამ [ვანო ჩხარტიშვილი] ქურდი და მომპარავია და მის ინტერესებს, სამწუხაროდ, იცავს უზენაესი სასამართლო”.

რამდენიმე დეტალი: სხდომის მსვლელობისას ბერძენიშვილიც და მისი ადვოკატიც ხშირად ამბობდნენ, რომ გასულ შემოდგომაზე ჩხარტიშვილის მისამართით თქმული სიტყვები პირადი აზრი იყო და სინამდვილესთან მათი შესაბამისობის მტკიცება ბერძენიშვილის საქმე არ გახლდათ – ეს სამძებრო ორგანოთა კომპეტენციაა. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა დღის სამ საათზე და თითქმის ორსაათნახევარს თათბირობდა. განჩინების გამოცხადებისას ლევან ბერძენიშვილს, რომელიც დარბაზის გარეთ ელოდა ამას, არც დაუძახეს და ტექსტი – სულ რამდენიმე წინადადება – მის გარეშე წაიკითხეს. ვერ ვიტყვით, რომ მოსამართლეებს ბერძენიშვილისთვის თვალებში ჩახედვისა შერცხვათ: თავიანთი გადაწყვეტილებით მათ ხომ წარბშეუხრელად განაცხადეს, რომ პირადი აზრის ან შეფასების საჯაროდ გამოხატვა საქართველოში სასამართლო წესით იდევნება. და კიდევ: თუ ბერძენიშვილი ან ვინმე სხვა იტყვის, რომ ვანო ჩხარტიშვილი კრისტალურია და თავის დღეში არაფერი მოუპარავს – რა, ეს ამიერიდან სიმართლე იქნება?
XS
SM
MD
LG