Accessibility links

logo-print

კლასიკა და მოდერნი – ერთად


თბილისში უდიდესი წარმატებით ჩაიარა სან- ფრანცისკოს საბალეტო დასის გასტროლებმა.

მრავალი წლის შემდეგ ქართველმა ბალეტის მოყვარულებმა ისევ იხილეს ამერიკული ქორეოგრაფია – რუსული ბალეტის ვარსკვლავების მიერ ქართული კულტურული სივრციდან განდევნილი და დავიწყებული.

არსებითად, ყველაფერი, რაც თბილისელებმა იხილეს ამერიკელ მოცეკვავეთა გასტროლებზე, არც ისე შორსაა რუსული ბალეტისგან. და არა მარტო იმიტომ, რომ ამ კოლექტივში მარინის თეატრის სოლისტები ცეკვავენ, ანსამბლს კი მოსკოვის დიდი თეატრის ექს-პრემიერი იური პოსოხინი ხელმძღვანელობს. რუსული კლასიკური ბალეტის გავლენა ამერიკელი მოცეკვავეების ყველა ნომერში იგრძნობოდა, მათ შორის, ამ წარმოდგენის ძალიან ეფექტურ სცენაში, რომელიც ამერიკელი ქორეოგრაფის ჰელჯი ტომასონის მიერაა დადგმული. ტომასონი სწორედ ის ქორეოგრაფია, რომლის სახელს სან- ფრანცისკოს საბალეტო დასის აღორძინებას უკავშირებენ. იგი 1985 წელს ჩაუდგა სათავეში ამ დასს და ძირეულად შეცვალა რეპერტუარიც და ქორეოგრაფიაც... არადა, ჯერ კიდევ 1933 წელს დაარსებული კოლექტივი ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში უფერულად გამოიყურებოდა თუნდაც იმავე “ნიუ-იორკ სიტი ბალეტ”-ის ან “ჰარლემის ბალეტის” ფონზე. სხვათა შორის, როგორც ერთ, ისე მეორე კოლექტივს ქართველი ბალეტის მოყვარულების უფროსი და საშუალო თაობა კარგად იცნობს. “ჰარლემის ბალეტი” უკანასკნელი ამერიკული კოლექტივია, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში გამართა გასტროლები. იმხანად ამერიკელთა წარმოდგენები ნამდვილი დღესასწაული იყო თბილისელებისთვის. ბალეტის სპეციალისტები ამბობდნენ, რომ, მართალია, კოლექტივი ვარსკვლავებით არ ბრწყინავს, მთლიანად ანსამბლის დონე - განსაკუთრებით კი, მოცეკვავე ვაჟებისა - ძალიან მაღალია. თბილისში სან- ფრანცისკოს საბალეტო დასის გასტროლებმა სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა. რუსეთიდან ჩამოსულ “პრიმა-ვარსკვლავებს” მიჩვეული ბალეტის მოყვარულები თავდაპირველად აქაც გამორჩეული სოლისტების ხილვას ელოდნენ, მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა: ამერიკელთა მიერ წარმოდგენილ კლასიკურ და თანამედროვე ქორეოგრაფიაში - განსაკუთრებით კი, ბალანჩინის, ფორსაიტის, დუატოს დადგმებში - სოლისტის “ტექნიციზმი” მაქსიმალურად იყო უარყოფილი. როგორც ჩანს, ეს უკვე ამერიკული ბალეტის პრინციპი ხდება – ანსამბლურობა და მამაკაცთა პარტიების მნიშვნელობა... თუმცა სან- ფრანცისკოს საბალეტო დასის სპექტაკლებში ახალი (ყოველ შემთხვევაში, “ახალი” თბილისელებისთვის) მაინც სულ სხვა რამ იყო: ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, თუ არ ვცდები, არასდროს წარმოუდგენიათ ასეთი “კოსმოპოლიტური ქორეოგრაფია” – რუსული, ევროპული და ამერიკული ქორეოგაფიის ბრწყინვალე ნაზავი, კლასიკა და თანამედროვეობა – ერთად, ტექნიკა, შერწყმული გამოსახვის უბრალოებასთან, სადა ხაზებთან. ვფიქრობ, ამიტომაცაა, რომ ამერიკელთა სპექტაკლები ( მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებს ფონოგრამაზე მოუხდათ ცეკვა) თბილისელებმა გაცილებით უფრო თბილად მიიღეს, ვიდრე თუნდაც თანამედროვე ინგლისური თუ ფრანგული საბალეტო დასების მიერ წარმოდგენილი ნომრები. ასეთი “კოსმოპოლიტურობა” ბადებს რამდენიმე შრეს ქორეოგრაფიაში, რაც თავად სან -ფრანცისკოს საბალეტო დასის სპეციფიკითაა განპირობებული – დასში ხომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სოლისტები ცეკვავენ... ბალეტის ენა ამ ხალხისთვის, მართლაც რომ, “მსოფლიო ენაა”, რომელიც აღარ იყოფა “რუსულ” თუ “ფრანგულ” ენებად. სან -ფრანცისკოს ბალეტის წარმატებამ გვიჩვენა, რომ თბილისელები მზად არიან უკვე მიიღონ ეს ენა და, ბოლოს და ბოლოს, განთავისუფლდნენ სტერეოტიპისგან, რომლის თანახმად, “კლასიკას ყველაზე უკეთ მხოლოდ რუსები ცეკვავენ.”
XS
SM
MD
LG