Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმიგრაციის წესები სკანდინავიის ქვეყნებში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა დანიამ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ლიბერალურმა ქვეყანამ წლეულს გაამკაცრა საიმიგრაციო წესები. როგორც აღნიშნა ინტეგრაციის მინისტრმა ბერტელ ჰაარდერმა,

უცხოელები მძიმე ტვირთია ქვეყნისთვის. მართლაც, იმიგრანტთა შორის უმუშევრობა სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში. დანია აპირებს უცხოელებისთვის სოციალური დაცმარების შეკვეცით, ისინი მუშაობაზე აიძულონ.

დანიის ოფიციალური პირების თქმით, საზოგადოებაში ეს ზომა მხურვალე მხარდაჭერით სარგებლობს, რასაც ამ ათიოდე დღის წინათ ჩატარებული გამოკითხვებიც ადასტურებს. ნიდერლანდებმაც, ტრადიციულად ასევე ლიბერალურმა ქვეყანამ, მსგავს ზომებს მიმართა.

მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის დანიური ჯგუფები თვლიან, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის, მათ ქვეყანაში ლტოლვილითათვის ყველაზე მძიმე პირობები შეიქმნა.

დანია აპირებს შეამციროს ქვეყანაში შესულ უცხოელთა რიცხვი: 2002 წლისთვის დაგეგმილია 7 ათასი ადამიანის მიღება, ორჯერ ნაკლების წინა წელთან შედარებით.

შვეცია და ნორვეგია თვლიან, რომ დანიის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო, მათთან გაიზარდა იმიგრაციის მსურველთა რიცხვი. კოპენჰაგენი უარყოფს ამას, ამბობს რა, რომ დანიასა და შვეციაში იმიგრაციის მსურველები, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან.

შვეციის იმიგრაციის მინისტრის იან კარლსონის თქმით, მისი ქვეყანა არ აპირებს თავშესაფრის გაცემის წესების გამკაცრებას. ამასთან ის თვლის, რომ სამხრეთი ევროპის ქვეყნებს – იტალიასა და საბერძნეთს, სადაც პირველად შედიან ევროპაში დასახლების მსურველი უცხოელები, მართებთ იმიგრაციის ნაკადის შეჩერება, თავიანთი საიმიგრაციო პოლიტიკის ჰარმონიზება ევროპის კავშირის დანარჩენი ქვეყნების პოლიტიკასთან. ახლა ისინი უბრალოდ უშვებენ ყველას ევროპაში და შემდეგ მათ ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნებისკენ ისტუმრებენ.

კარლსონის თქმით, დანიისგან განსხვავებით, შვეცია, ანტიიმიგრანტულ განწყობილებასთან ბრძოლას აპირებს არა პოლიტიკის გამკაცრებით,, არამედ იმით, რომ უფრო გამჭვირვალეს გახდის თავშესაფრის მიღების პროცედურას.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფების აზრით, შვეციის პოლიტიკა შორეული პერსპექტივის გათვალიწინებით, უფრო ეფექტიანია. ხოლო წესების გამკაცრება არალეგალურ იმიგრაციას უწყობს ხელს.

ბრიტანეთში მოხვედრას ისწრაფის თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რიცხვი, რისი ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ინგლისური ენის უკეთესი ცოდნა უნდა იყოს.

ლონდონი მკაცრად ეკიდება ქვეყანაში არალეგალურად შეღწეულებს და თვლის, რომ ის ქვეყნები, საიდანაც ეს იმიგრანტები ევროპაში ჩადიან, თუ მათ უკან არ მიიღებენ,უნდა დაისაჯოს, მაგალითად, ამ ქვეყნებისთვის დახმარების შემცირებით.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, საჭიროა, ევროპის კავშირში შემუშავებულ იქნეს იმიგრაციისადმი ერთნაირი მიდგომა, რომელიც ლეგალური იმიგრაციის პრობლემებსაც გაითვალისწინებს.

მაგრამ ამავე დროს ბრიტანეთი ცალმხრივ და ზოგჯერ, საკმაოდ რადიკალურ ზომებს მიმართავს. მაგლითად, ერთი წლის წინ, პრაღის აეროპორტიში უპრეცედენტო გაცხრილვა იქნა შემოღებული ბრიტანეთში წამსვლელი მგზავრებისთვის, არლეგალური თავშესაფრის მთხოვნელებისგან – უმთვარესად ჩეხეთის ბოშებისგან – დროულად თავის დაღწევის მიზნით.
ეს ზომა ეფექტიანი გამოდგა. ორი კვირის განმავლობაში 47 ადამიანი გააბრუნეს უკან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და ბოშათა ჯგუფებმა გააკრიტიკეს წესი, როგორც უფლებათა ხელყოფა, მით უმეტე,ს რომ ის აშკარად ბოშების წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG