Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ჯართის ექპორტის აკრძალვა მთლიანად მაინც არ გააუქმა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისში სტუმრობამდე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა შეესრულებინა ამ ორგანიზაციასთან შეთანხმებული ერთ-ერთი პირობა

და პარლამენტში განსახილველად შეიტანა წინადადება ჯართისა და ფერადი ლითონების ექსპორტის აკრძალვის გაუქმების შესახებ. საკანონმდებლო ხელისუფლებამ აკრძალვა, მართალია, გააუქმა, მაგრამ ლავირებისათვის მაინც დაიტოვა მთელი რიგი შეზღუდვები, რითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ქვეშ.

საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, აღირსა გაუქმება ფერადი ლითონებისა და ჯართის ექსპორტის აკრძალვას. ეს აკრძალვა თავის დროზე მრეწველების ინიციატივით მიიღეს და მის ძირითად მიზანს ჯართის უკანონო ექსპორტის აკრძალვა და საწარმოების გაძარცვის შეჩერება წარმოადგენდა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველა მემორანდუმში აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება ერთ-ერთი უმთავრეს მოთხოვნად ფიქსირდება.

პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე ვაჭრობდა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ თავისი კლანჭების გამოჩენის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. ამ დღეებში ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი აღნიშნული საკითხის გადაუწყვეტაობის შემთხვევაში გადადგომითაც კი დაიმუქრა, თუმცა ეს ულტიმატუმი კანონმდებლების მიერ მთლიანად არ იქნა გაზიარებული. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ უყარა კენჭი საქართველოდან ფერადი ლითონების ექსპორტის აკრძალვის მოხსნას.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რადგან ფერადი ლითონების გატანა სავალუტო შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. მართლაც, საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსში ჯართი ლამის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად იქცა და ექსპორტის სტრუქტურაში მას მყარად ეკავა პირველი ადგილი.
თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ამ პროდუქციის ექსპორტი მორატორიუმის გამოცხადების შემდეგაც არ შეწყვეტილა. ექსპორტზე ტაბუს დადებამ არც ლითონების ძარცვასთან დაკავშირებული პრობლემა მოხსნა. ჯართი და ფერადი ლითონები კვლავინდებურად გადის, მაგრამ ახლა მისი ექსპორტი მთლიანად არალეგალურია და ცალკეული ჩინოვნიკების დიდძალი მარცხენა შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, პარლამენტართა სიჯიუტეს ამ საკითხთან დაკავშირებით ძნელად თუ მოეძებნება ლოგიკური ახსნა. თავისი სიჯიუტით კანონმდებლები, ამ სფეროში ქაოსისა და განუკითხაობის გარდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის კიდევ ერთხელ დარღვევის პროვოცირებას ახდენდნენ, რითაც კიდევ უფრო ამძიმებდნენ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების ისედაც დაძაბულ ფონს.

საბოლოოდ, რიგგარეშე სხდომაზე, კანონმდებლებმა ჯართისა და ნარჩენების ექსპორტს მწვანე შუქი კი აუნთეს, მაგრამ წინააღმდეგნი წავიდნენ ამუშავებულიყო სპეციალური ტერმინალი თბილისში, ბათუმსა და ფოთში, რითაც, რეალურად, ჯართის ექსპორტი ისევ არალეგალურ მდგომარეობაში დატოვეს.

მთავრობის მიერ მომზადებულ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას.
არ არის გამორიცხული, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხს ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG