Accessibility links

logo-print

წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღე და წამების პრაქტიკა საქართველოში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 1987 წლის 26 ივნისს ძალაში შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია “წამებისა და სხვა არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ”, 10 წლის შემდეგ კი,

1997 წლის 12 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ხსენებული კონვენცია გაეროს უმნიშვნელოვანეს შეთანხმებათაგან დღემდე ყველაზე ნაკლებად არის რატიფიცირებული – გაეროს წევრი 190 ქვეყნიდან მას მხოლოდ 128 ქვეყანა მიუერთდა. საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიკაცია 1994 წელს მოახდინა, მაგრამ ეს აქტი, ტრადიციულად, ფორმალური ხასიათის ღონისძიებად დარჩა – საქართველომ არც კონვენციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა და არც წამების მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლაზე იზრუნა.

როცა პრაქტიკის შეცვლაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში გარკვეული ცვლილება მაინც შეინიშნება, ოღონდ, ეს ცვლილება წამების რაოდენობრივ კი არა, თვისებრივ მაჩვენებელზე უფრო აისახა. როგორც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის უფროსი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, ეს ცვლილება მკაფიოდ ჩანს მონიტორინგის შედეგებში: [მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “თუ ადრე, 3-4 წლის წინ, უხეში დაზიანების ფაქტები იყო, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, და ყოველივე ამას აღწერდნენ შესამოწმებლები, დღეს ისინი აღწერენ აირწინაღებს – შედარებით იშვიათად – და ძალიან ხშირად აღწერენ ელექტროდენით ზემოქმედებას, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვხედავ იმ უხეშ დაზიანებებს, რაც სხეულზე რჩება.”

რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, არასამთავრობო ორგანიზაცია “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათიის” პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დაკავებულთა უმრავლესობა წამების ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი ხდება: [მარიამ ჯიშკარიანის ხმა] “ჩვენი მონაცემებით, 130 პატიმარი ქალიდან 48 პროცენტი არის წამების მსხვერპლი. აქ ლაპარაკია როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ წამებაზე. თუ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც მივიღებთ მხედველობაში, ეს პროცენტი, ალბათ, გაიზრდება 90-მდე და ზევით. ხოლო მამაკაცთა შორის უფრო მკაცრი წამების მეთოდებია გამოყენებული და ეს ციფრი აღწევს 80 პროცენტამდე.”

როგორც სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ამბობს, დღესდღეობით წამების მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს: [ნანა დევდარიანის ხმა] “არ დაიჯეროთ, ვინმე თუ გეტყვით, რომ ზუსტად ამდენი ფაქტია… ჯერ ერთი, ჩვენ ყველაფერს ვერ ვიგებთ, ყველაფერს, უბრალოდ, ვერ დააფიქსირებ, ეს ისეთი საქმეა. არის შემთხვევები, როდესაც დაზარალებული არ მოგყვება ბოლომდე ამ ბრძოლაში – არ არის მის ინტერესებში, არ უნდა, გაირთულოს ურთიერთობა პოლიციასთან, სხვა ძალოვანებთან, მაგრამ ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს და წამების ის სახეები, რაც დაფიქსირდა, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დასკვნები გააკეთო: ეს არის იგივე აირწინაღები, ეს არის იგივე ფეხის გულებზე ცემა… მხედველობაში მაქვს ის ფორმები, რომელიც ხელშესახებ კვალს არ ტოვებს, მაგრამ არის საშინელი ტანჯვის და ტკივილის მიმყენებელი.”

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” წევრი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ თუკი 90-იანი წლების პირველ ნახევარში დაკავებულთა წამება უფრო ხშირად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ამჟამად წამება ერთგვარ ბიზნესად იქცა, როცა წამებით გამოძალული ჩვენებები ფულის გამოძალვის წყაროდ იქცევა, თუმცა წამების შედეგი ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური ხდება: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “დღეს საქართველოში წამება ქცეულია ბიზნესის ერთ-ერთ დანაშაულებრივ სახეობად. ისევე, როგორც ნარკობიზნესი, პროსტიტუცია, წამებაც იქცა ბიზნესად და ამის საფუძვლის აღმოფხვრაა მთავარი – საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკულ დონეზე… როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ მათი მოქმედება ისჯება ასჯერ უფრო მეტად, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ნამდვილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ეს საზოგადოებაში იწვევს არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ ძალიან დიდი პროტესტის გრძნობას და ეს ხდება იმ განწყობილებების მიზეზი, რომელიც დღეს ანტისახელისუფლებო, ანტისამთავრობო განწყობილებებში გამოისახება.”[სტილი დაცულია]

თუმცა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ქართული და საერთაშორისო უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით, მდგომარეობა თუნდაც იმ კუთხით მაინც გამოსწორდა, რომ დარღვევების დაფიქსირება შედარებით გაადვილდა: [მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “მონიტორინგი, მოულოდნელი მონიტორინგი – ეს არის ყველაფერი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იუსტიციაში, განსაკუთრებით მეხუთე საპყრობილეში, შემოსული ადამიანის დაზიანება, როგორც წესი, ფიქსირდება ექიმის მიერ. გამორიცხულია, არ დაფიქსირდეს. ამას ხომ მივაღწიეთ, ეს ხომ უკვე წინგადადგმული ნაბიჯია…”

მიღწევა, რომელზეც მაია ნიკოლეიშვილი საუბრობდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობამ გახადა შესაძლებელი, რომლებზე პოლიტიკური კონტროლის დაწესებასაც ასე აქტიურად ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG