Accessibility links

logo-print

ევროპელი ინტელექტუალები შეშფოთებას გამოთქვამენ კონტინენტზე ნაციონალიზმის აღზევების გამო


ანდრო ეული, პრაღა ევროპელი პოლიტიკოსებისა და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროპაში თანდათან იმატა ნაციონალისტურმა რიტორიკამ.

ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ”ურა-ნაციონალიზმი” რეალურ საფრთხეს უქმნის ცენტრალურ ევროპას, ევროპის ერთიანობას, და მოუწოდებენ გავლენიან პოლიტიკოსებს, ხმა აღიმაღლონ ”იაფფასიანი პოპულიზმის” წინააღმდეგ, რაც ძველ, უმეტესწილად ომისდროინდელსა და ომისშემდგომ პერიოდში მომრავლებულ სოციალურ პრობლემებზეა დაფუძნებული.

ხსენებულ ჯგუფში, სხვებთან ერთად, შედიან უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტი არპად გონჩი, სლოვაკეთში მცხოვრები თვალსაჩინო უნგრელი პოლიტიკოსი ბელა ბუგარი, ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი ერჰარდ ბუზეკი, გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი, პოლონელი ინტელექტუალი ადამ მიხნიკი, ჩეხი ეპისკოპოსი ვაცლავ მალი და 1968 წლის გახმაურებული სტუდენტური დემონსტრაციების ლიდერი, ამჟამად კი ევროპარლამენტის დეპუტატი საფრანგეთის მწვანეთა პარტიდან დანიელ კონ-ბენდიტი.

როგორც ერთგვერდიან დეკლარაციაშია ნათქვამი, ”კონტინენტის ცენტრიდან წამოსული ხმები გასული საუკუნის ომებიდან შემორჩენილ ძველ ჭრილობებსა და ტრავმებს აღვივებს”. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ბარბაროსობა მოსდევს ზღვარგადასულ, უკიდურეს ნაციონალიზმს, დეკლარაციის ავტორები ადოლფ ჰიტლერსა და იოსებ სტალინს იხსენებენ. ”ხომ არ გვინდა, რომ აქ, ჩვენს გაერთიანებულ ევროპაში, ჰიტლერი ან სტალინი მოგვევლინონ ჯოჯოხეთიდან? ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ ისტორიის ტრაგედიები კომედიის სახით მეორდება. კომედია ზოგჯერ ტრაგედიით მთავრდება” – ნათქვამია დეკლარაციაში.

ამ კოლექტიური მოწოდების ინიციატორი ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის თავმჯდომარე პეტრ პიტჰარტია. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: [პეტრ პიტჰარტის ხმა] ”ნაციონალიზმის აღზევება ევროპაში იმიგრაციასთან და არალეგალურ იმიგრაციასთან არ არის დაკავშირებული. აქ, ცენტრალურ ევროპაში, ხდება ძველი ჭრილობების გაღვივება და იმის გარკვევა, თუ ვინ ვის მიაყენა ყველაზე მეტი ზიანი, რაც ყოველთვის ცუდად მთავრდება. ამაზე ლაპარაკობენ დღეს ცენტრალურ ევროპაში ზოგიერთი პოლიტიკოსები.”

მაინც, რას ამბობენ ხსენებული პოლიტიკოსები? უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მეზობლები განარისხა მიღებული კანონით, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ პრივილეგიებს ანიჭებს საზღვარგარეთ მყოფ ეთნიკურ უნგრელებს, რომელთაგან ბევრი რუმინეთსა და სლოვაკეთში ცხოვრობს. ორბანმა ჩეხები და სლოვაკებიც განარისხა, როცა მოუწოდა მათ, გააპროტესტონ ე.წ. ”ბენეშის დეკრეტი”, ომის შემდგომ მიღებული კანონი, რომლის ძალითაც კანონიერად იქნა მიჩნეული ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები ეთნიკური გერმანელებისა და უნგრელების ქონების კონფისკაცია.

დეკლარაციის კიდევ ერთი ხელმომწერი, ფრანგი პოლიტიკოსი ჟაკ რუპნიკი, ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ავსტრიასა და გერმანიაში ნაციონალიზმის აღზევებამ, შესაძლოა, ევროკავშირის წინააღმდეგ განაწყოს ის ქვეყნები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში აპირებენ გაწევრიანებას, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეთა წისქვილზე დაასხამს წყალს.
XS
SM
MD
LG