Accessibility links

logo-print

ვაშინგტონის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონკრეტულად ჩამოაყალიბა თეთრი სახლის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში და წარმოადგინა ახალი სამშვიდობო გეგმა,

რომელშიც თითქმის მთლიანად მიემხრო ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის პოზიციას; თანაც პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის გადადგომას დაუჭირა მხარი. მიმომხილველებს ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ”ქორების” გამარჯვებად მიაჩნიათ – იმ პოლიტიკოსებისა, რომლებსაც სჯერათ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით შეერთებული შტატები შეძლებს ახლო აღმოსავლეთში იმ პრობლემების მოგვარებას, რომელთა მოწესრიგებას დიპლომატიამ ათული წლების მანძილზე ვერ გაართვა თავი. თუმცა, ზოგიერთ პოლიტიკოსს (თვით ამერიკელებსაც კი) ამგვარი მიდგომა მიამიტურად ეჩვენება.

ბაღდადზე ხომ არ გადის იერუსალიმში მიმავალი გზა? შესაძლოა, თუ სიტყვა ”ბაღდადში” შეერთებული შტატების თაოსნობით სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა იგულისხმება, ხოლო ”იერუსალიმი” ნიშნავს ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის დამთავრებასა და მაჰმადიანურ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გამარჯვებას.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას განზრახული აქვს, სამხედრო დარტყმა მიაყენოს ერაყს, ხოლო სადამ ჰუსეინის დამარცხება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას, აგრეთვე ლიბიაში, ირანსა და სირიაში ეგრეთ წოდებული ”არასაიმედო რეჟიმების” დამხობას შეუწყობს ხელს. ამ იდეის განხორციელება არარეალური ჩანს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რაიმონდ ტანტერი აცხადებს, რომ ამ იდეას ისტორიული პრეცედენტი აქვს.

როგორც ტანტერი აღნიშნავს, შეერთებული შტატების გამარჯვება ერაყზე 1990-91 წლების სპარსეთის ყურის ომში, შემობრუნების წერტილი გახდა ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში, ვინაიდან ამ გამარჯვების წყალობით ვაშინგტონმა, 90-იანი წლების დასაწყისში დაიყოლია ისრაელის მაჰმადიანი მტრები, მხარი დაეჭირათ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის. დღეს, როცა ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ერაყის ჯარი გაძევებულ იქნა კუვეიტიდან, რაიმონდ ტანტერი ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიერ სადამ ჰუსეინის დამხობა რადიკალურად შეცვლიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს ახლო აღმოსავლეთში და მოაგვარებდა პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც დიპლომატიამ წლების მანძილზე ვერ გაართვა თავი: [რაიმონდ ტანტერის ხმა] ”მჯერა, რომ იერუსალიმში მიმავალი გზა ბაღდადზე გადის. თეირანში მიმავალი გზა ბაღდადზე გადის. ბაღდადზე გადის დამასკოში მიმავალი გზაც. ანუ, თუ თქვენ ძალის გამოყენებით რეჟიმს შეცვლით ბაღდადში, ამერიკის სამხედრო ძლიერება მთლიანად დაჩრდილავს დიპლომატიას, და ეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ათწლეული იქნება.”

თუმცა სხვა მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი მიდგომა სახიფათოდ მიამიტურია. ისინი აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთი დღეს გაცილებით უფრო ანტიამერიკული რეგიონია, ვიდრე ათი წლის წინ იყო. მათივე თქმით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, სახელდობრ ისრაელის თანადგომა და მზადყოფნა, ძალა გამოიყენოს რთული პრობლემების მოსაგვარებლად, ნავთის დასხმა იქნება იმ ცეცხლზე, 11 სექტემბრის ტერაქტებისკენ რომ უბიძგა ოსამა ბინ ლადენის მიმდევრებს.

პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ არ შეუმუშავებია ომის დაწყების გეგმა, მაგრამ არც იმას მალავს, რომ ”რეჟიმის შეცვლა” აქვს განზრახული ერაყში. ბუში სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს; იარაღისა, რომელიც, შესაძლოა, ტერორისტები ხელში აღმოჩნდეს და ამერიკის ობიექტების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ერაყის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის მიზნით ჯორჯ ბუშმა არაერთი ინტენსიური მოლაპარაკება გამართა ევროპელ მოკავშირეებთან და რუსეთთან, მაგრამ რაიმე არსებითი შედეგი ამას ჯერჯერობით არ მოჰყოლია. სადამ ჰუსეინმა კი სამშაბათს თანამემამულეებს მოუწოდა, მზად შეხვდნენ ერაყის წინააღმდეგ ”ამერიკულ-სიონისტურ ესკალაციას”.
XS
SM
MD
LG