Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში გესაუბრებით ერთ მტკივნეულ პრობლემაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქალთა პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში გესაუბრებით ერთ მტკივნეულ პრობლემაზე,

რომელიც, როგორც ირკვევა, თითქმის ყველა ქვეყანაში მწვავედ დგას. ბოლო პერიოდში თვალშისაცემად გაიზარდა ქალების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პატიმარ ქალთა რიცხვმა უკვე 4300 გადააჭარბა. მეტიც – ციხეების გადატვირთვასთან ერთად, საგრძნობლად გაუარესდა ტუსაღთა ცხოვრების პირობები, რაც უკვე თვითმკვლელობათა რაოდენობაზეც აისახა. მაგალითად, ისტვუდ ფარკის ციხეში მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში თვითმკვლელობის 47 ფაქტი აღირიცხა.
რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, საქართველოში?


ქალთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის თვალსაზრისით, მდგომარეობა საქართველოშიც უარესობისკენ შეიცვალა. მართალია, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ზოგადი სურათი ასე გამოიყურება: ქალები საქართველოში სასჯელს, უმეტესად, ნარკოტიკების შემოტანისა და გავრცელებისთვის იხდიან. შედარებით მცირეა ეკონომიკური სახის დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა. არიან მძიმე დანაშაულისთვის დასჯილებიც - ისინი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა. საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსუდან ბერიძე შენიშნავს, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის დამოკიდებულება პატიმარი ქალების მიმართ წლების მანძილზე არ შეცვლილა: ყოველწლიურად პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე თავისუფლდებიან ისინი, ვინც საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად არ არიან მიჩნეულნი.
[რუსუდან ბერიძის ხმა] “პრეზიდენტის შეწყალების აქტები ფართოდ შეეხო ქალებს. პირდაპირ იყო მითითებული – თუკი შეიძლება...ამიტომ დიდი რაოდენობა ქალების პრეზიდენტის აქტით იყო შეწყალებული. ისინი, ვინც არიან, ძალიან მძიმე კონტინგენტია – უმეტესობა არის მკვლელობის მუხლით ან ძალიან მძიმე ნარკოტიკული დანაშაულისთვის.”[სტილი დაცულია]
ვინც ქართულ პრესას ადევნებს თვალყურს, არაერთ კრიმინალურ ისტორიას შეიტყობს, როცა ოჯახურ დავაში მოძალადის როლში, რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, სწორედ ქალი გამოდის. მაგალითად, სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში გახშირდა ქალის მიერ მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრის მკვლელობის შემთხვევები. ყოფილა ისეთი ფაქტებიც, როცა ოჯახის წევრის მკვლელობის “შემკვეთის” როლში, ასევე, ქალი გამოდის. რუსუდან ბერიძეს ასეთი შემთხვევები მაინც წესიდან გადახვევად მიაჩნია და შენიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალია ხოლმე. თუმცა აქვე არც იმას მალავს, რომ ბოლო წლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქალის ფსიქიკაზეც აისახა და იგი უფრო აგრესიული გახადა.
[რუსუდან ბერიძის ხმა] “თუმცა ქალებში აგრესიამ იმატა....თავისთავად, ფსიქოლოგიური კვლევა რომ ჩაატარო ამ პრობლემის, მეჩვენება, რომ ქართველი ქალი აგრესიული ბუნებისაა. ძალადობის შედეგი კი ისაა, რომ მამაკაცი იყენებს თავის ფიზიკურ ძალას და ქალს უსწორდება. მაგრამ მისვლა ამ მდგომარეობამდე ქალის მიერ არის ინსპირირებული.” [სტილი დაცულია]
ისევ პატიმარ ქალთა მდგომარეობას თუ დავუბრუნდებით, სამწუხაროდ, ფაქტია ისიც, რომ ხშირად ციხიდან გათვისუფლებული ქალები ისევ ციხეში აღმოჩნდებიან ხოლმე. საქართველოს ომბუცმენ ნანა დევდარიანის აზრით, დღევანდელ საქართველოში, როცა უმუშევრობა ერთ--ერთ ყველაზე დიდ პრობლემად არის ქცეული, ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, რომ ციხიდან გათავისუფლებული ქალების საზოგადოებაში რეინტეგრაცია მოხდეს. აქვე რუსუდან ბერიძე შენიშნავს, რომ შეწყალებული ქალებიდან დანაშაულის გამეორების შემთხვევები ძალიან ცოტაა. იგი ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს:
[რუსუდან ბერიძის ხმა] “ მივედი კოლონიაში და ვნახე ჩემი ყოფილი სტუდენტი, რომელიც იყო ძალიან კარგი ოჯახის შვილი ( მამა - პროფესორი, დედა – დოცენტი), ძალიან ნიჭიერი გოგონა. იჯდა ნარკოტიკების გასაღებაზე. მომიყვა, რომ ცოლად გაჰყვა ნარკომანს, რომელიც აიძულებდა წასულიყო ხოლმე ნარკოტიკების ჩამოსატანად. 7 წელი ჰქონდა მისჯილი. მაშინ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, პრეზიდენტთან შევედი და ავიღე პასუხისმგებლობა. ვთხოვე, მივცეთ შანსი გამოსწორების-მეთქი. შეიწყალა პრეზიდენტმა. სამი თვის მერე ისევ ნარკოტიკების გასაღებისთვის ციხეში დაბრუნდა....ძალიან მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის.”
ნანა დევდარიანს უფრო პოზიტიური გამოცდილება აქვს: ადამიანის უფლებების დამცველის თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში სწორედ პატიმარი ქალების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშობდა
[ნანა დევდარიანის ხმა] “1998-99 წლებში ქალთა კოლონიაში სწორედ პატიმართა ფსიქორეაბილიტაციის პროექტი იყო. ამ პროექტში ჩართული იყო 50 ქალი. შერჩეული იყო კონტინგენტი, რომელსაც 6 თვე ან ნაკლები ჰქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე. მინდა გითხრათ, რომ ამ 50 ქალიდან არც ერთს განმეორებით დანაშაული არ ჩაუდენია და დღემდე, ოთხი წელია გასული, ჩვენ ეს კონტაქტები გვაქვს შენარჩუნებული.”
მთლიანობაში, ორივე რესპოდენტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმარ ქალთა მიმართ საკმაოდ ჰუმანურია: ხელისუფლება თავის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ციხეში დიდხანს არ იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, დანაშაულის ჩადენის გამართლება მხოლოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ალბათ, დამარწმუნებულ არგუმენტად არ გამოდგება.მით უფრო , რომ ქალთა დანაშაულის რაოდენობა იზრდება იმ ქვეყნებშიც, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებად არის აღიარებული. ანუ ქალთა დანაშაულის ზრდის მიზეზად მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ მივიჩნევთ.
XS
SM
MD
LG