Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუმბერ პატიაშვილისა და ალექსანდრე ჭაჭიას ვიზიტი მოსკოვში


ამ დღეებში რუსეთის დედაქალაქში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიტიკური მოძრაობა “ერთობის” ლიდერები ჯუმბერ პატიაშვილი და ალექსანდრე ჭაჭია,

რომელთა პრორუსული ორიენტაცია საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილში სარგებლობს მხარდაჭერით. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის მეორე, უფრო მოზრდილ ნაწილს, მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ქმედითად არ ცდილობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განეიტრალებას, რაც სახალხო მღელვარების პროვოცირებისათვის სერიოზული საბაბია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელ განცხადებას, პანკისის ხეობიდან რუსეთისათვის შექმნილი საშიშროებისა და ამ საშიშროების აღსაკვეთად რეგიონში რუსეთის, ეგრეთ წოდებული, “ომონის” შესვლის მიზანშეწონილობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური, მაგრამ არცთუ რადიკალური, პროტესტი მოჰყვა. ეს პროტესტი მცირედაც კი ვერ აკმაყოფილებს წინააღმდეგობის ერთ-ერთ აქტივისტს, სახალხო ფრონტის ლიდერ ნოდარ ნათაძეს, რომელიც აკონკრეტებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის დასაცავად სათანადო ზომების მიუღებლობა კიდევ ერთი თვალსაჩინო მოწმობა იქნება იმისა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი მმართველი ჯგუფი რუსეთის აგენტები არიან. ნათაძის ექსტრემიზმი, ცხადია, ამით არ ამოიწურება.
[ნოდარ ნათაძის ხმა]“თუ იქნება ფაქტი რუსეთის შეიარაღებული მოქალაქეების შემოსვლისა საქართველოში, განურჩევლად იმისა, დაეთანხმება ამას შევარდნაძე თუ არ დაეთანხმება,- მე ეჭვი მეპარება, რომ შევარდნაძე ყველაფერზე დაეთანხმება, ვინაიდან იგი რუსეთის აგენტია, თავის ხროვიანად, - თუ იქნება ასეთი ფაქტი, მე, პირადად, მომხრე ვარ და მე მარტო ჩემს აზრს არ ვამბობ, რომ საქართველოში იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა ანუ იმ რუსს ჩვენ ვესვრით, ვესვრით ჩვენ იმ რუსს და ეს იქნება ინტენსიური ბრძოლა ჩვენი მხრიდან. შევარდნაძეს ჩვენ არა ვკითხავთ და ვერა ვკითხავთ, როგორ შევხვდეთ საქართველოში შემოსულ შეიარაღებულ უცხოელს”. [სტილი დაცულია]
რუსეთის ღია აგრესიის საპასუხოდ, საქართველოს სახალხო ფრონტის სახელით, ნოდარ ნათაძე საქართველოს ხელისუფლებისაგან შემდეგი ღონისძიებების გატარებას ითხოვს: აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში წარმოებული ომისა და პანკისის ხეობაში განვითარებული საბრძოლო მოქმედებების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრები გაიგზავნოს გაეროში, უპირობოდ გავიდნენ რუსეთის სამხედრო ბაზები და, ბოლოს, დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის.
პანკისის ხეობაში შექმნილ მდგომარეობასა და მისი დარეგულირების გზებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტიკური მოძრაობა “ერთობის” ლიდერ ჯუმბერ პატიაშვილს, რომელმაც, ალექსანდრე ჭაჭიასთან ერთად, მოსკოვური ვოიაჟის დროს რუსეთის მონათესავე ორგანიზაციებთან - ფრაქცია “ედინსტვოსა” და პოლიტიკურ პარტია “ედინაია რასიასთან” -ურთიერეთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა]“ რაც შეეხება, თქვენ ბრძანეთ, პუტინის განცხადებას და მის გამოსვლას, რასაკვირველია, ვეთანხმები. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვუმალოთ ერთმანეთს და ვუთხრათ, რომ ყველაფერი ისეა, გადავაბრალოთ სხვა ქვეყანას, ეს რუსეთი იქნება, თურქეთი იქნება თუ კიდევ, არ მინდა, სხვა ქვეყნები დავასახელო, რეალურად, პანკისის ხეობა არის საკმაოდ მძიმე ბუდე ჩვენი ქვეყნისათვის. რუსულმა სპეცნაზებმა, ქართველებთან ერთად, ჩვენი ჯარის ნაწილების მონაწილეობით, უნდა მიიღონ მონაწილეობა პანკისის ხეობის განთავისუფლებისათვის, განთავისუფლებისათვის. “ [სტილი დაცულია]
ჯუმბერ პატიაშვილის მიერ ხაზგასმულად წარმოთქმული “განთავისუფლება” შეგვახსენებს ისტორიული თუ უახლესი საქართველოს გამოცდილებას, “განთავისუფლებას” - რუსული სცენარით, და ძალზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯუმბერ პატიაშვილის პარტნიორი ალექსანდრე ჭაჭია თავს ხალხის სახელით საუბრის უფლებას აძლევს. შესაბამისად, იგი საქართველოში რუსეთის “ძერჟავნიკული” იდეების პოპულარიზაციას რუსეთთან პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ფორმით განაგრძობს. მათმა, ეგრეთ წოდებულმა, ოფიციალურმა ვიზიტმა მოსკოვში ამჯერად ორ კვირას გასტანა. უახლოეს ხანში მოსკოვში პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” წარმომადგენლობა გაიხსნება.
XS
SM
MD
LG