Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ლიტვა სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ


26 ივნისს თბილისში ორდღიანი ვიზიტით ლიტვის თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ლინკიავიჩუსი საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შეხვდება,

მანამდე კი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მეთერთმეტე წლის თავზე საქართველომ პირდაპირი სამხედრო თანამშრომლობა ბალტიის ყველა სახელმწიფოსთან დაამყარა.

საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს ერთმანეთთან არა აქვთ საერთო საზღვარი, მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები. სამხრეთ კავკასიაც, მოუგვარებელი ეთნიკური თუ პოლიტიკური კონფლიქტებით, აშკარად განსხვავდება ბალტიის რეგიონისგან, რომლის სამივე სახელმწიფოსთვის უცხოა ტერიტორიული პრეტენზიები. მეტიც, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს ერთმანეთთან ყველა სფეროში მჭიდრო კავშირურთიერთობები და სტრატეგიული ხედვა აკავშირებთ. დამოუკიდებლობის ათი წლის განმავლობაში სამივე სახელმწიფომ წარმატებით გაართვა თავი გარდამავალი პერიოდის ყველა სიძნელეს და, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, რომელსაც ნოემბერში პრაღა უმასპინძლებს, ბალტიის სამივე ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისგან ოფიციალურ მიწვევას მიიღებს.

სამწუხაროდ, საქართველო გვიან იწყებს ბალტიური გამოცდილების გაზიარებას და სასინჯად სამხედრო სფეროს იღებს. მაგრამ თუ 2000 წლამდე თანამშრომლობა, ძირითადად, სამმხრივ ფორმატში, დიდი ბრიტანეთის თანადაფინანსებით მიმდინარეობდა, 2001 წლის აპრილ-სექტემბერში სამხედრო სფეროში ორმხივი თანამშრომლობა ჯერ ესტონეთთან და ლიტვასთან დამყარდა, წრე კი 2002 წლის 28 მაისს ლატვიის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი შეთანხმებით შეიკრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის მთავარ ამოცანად სწორედ მათი უნიკალური გამოცდილების შეძენას ასახელებს.
[დავით თევზაძის ხმა] "მე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ქვეყნებმა, პრაქტიკულად, ნატოსთან ინტეგრაციის სამხედრო თვალსაზრისით პრობლემები დაძლიეს და, ამ მხრივ, შეუძლიათ, გარკვეულწილად, გაგვიწიონ დახმარება. და მეტიც, ამ ქვეყნებს აქვთ უნიკალური გამოცდილება უმტკივნეულოდ სამხედრო ბაზების გაყვანისა თავისი ქვეყნიდან და ჩვენ არ დაგიმალავთ, რომ ამ გამოცდილებას ყურადღებით ვსწავლობთ."[სტილი დაცულია]

თუმცა ამ გამოცდილების გაზიარება მოკრძალებულად იწყება. 26 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება ბალტიის ქვეყნების გაერთიანებულ სამხედრო კოლეჯში ერთი ქართველი ოფიცრის სწავლებას გულისხმობს. თავის მხრივ, წელს ესტონეთის რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას საწვრთნელ სიმულიატორს გადასცემს. გარდა ამისა, ლიტვამ, როგორც ნატოს მომავალმა წევრმა სახელმწიფომ, გამოთქვა მზადყოფნა იყოს ინიციატორი, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ბუნებრივია, პრიორიტეტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთობლივ რეგიონალურ პროექტებს მიენიჭება. რეგიონალური თანამშრომლობის უპირატესობაზე ლიტვის თავდაცვის მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმაც გაამახვილა ყურადღება.

[ლინას ლინკიავიჩუსის ხმა] "ჩვენი თანამშრომლობისთვის დიდი სივრცე და კარგი პერსპექტივა არსებობს. თუმცა დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მხოლოდ მცირე ნაწილია შესაძლო ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისა. და ვინ იცის, იქნებ გარკვეული სახის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამებისთვისაც გამოიძებნოს მასში ადგილი. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუკი ბალტიის რეგიონის გამოცდილების გაზიარებას, საქართველოსთან ერთად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებიც მოისურვებენ."

საქართველოს თავადაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში წელს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა: მიმდინარე წლიდან გაფართოვდა უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო და მისი წევრი გახდა ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი - თავის ქვეყანაში წარმატებული სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი ავტორი; ლატვიიდან კი ამავე საბჭოს დაემატა არის ლეიჯონსი, რომელიც არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საკითხებით იქნება დაკავებული.

პირველი ერთობლივი ღონისძიება, რასაც ახალი მრჩევლები საქართველოში განახორციელებენ, იქნება ე.წ. თავადაცვის თეთრი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც 28 ივნისს სასტუმრო “თორში” გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG