Accessibility links

logo-print

პიტერ შოუს ძებნის პროცესმა პოლიციის და უშიშროების ყურადღების ცენტრში დიდი დიღმის დასახლება მოაქცია


თბილისის ერთ-ერთ გარეუბანს - დიდ დიღომს - მარტო ქართველი სამართალდამცავების ყურადღება არ მიუპყრია. 26 ივნისს უცხოური საინფორმაციო საშუალებებიც იტყობინებოდნენ,

რომ ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ, შესაძლოა, დიდი დიღმის დასახლებაში იმყოფებოდეს. ამის მიზეზი აღნიშნულ დასახლებაში გაშლილი გაძლიერებული სამძებრო ღონისძიება გახდა. პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ბრიტანელ ბანკირს დიდ დიღომში მთელი დღის მანძილზე ეძებდნენ. ამ ოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში არავითარ კომენტარს არ აკეთებდნენ.

გატაცებიდან მერვე დღეს პიტერ შოუს თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ეძებდნენ. 26 ივნისს თბილისის ამ უბანში სამძებრო სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. პოლიციისა და უშიშროების სამსახურის მობილური ჯგუფები ბრიტანელ ბანკირს საცხოვრებელ სახლებში ეძებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციამ გატაცებულის და გამტაცებლების ავტომანქანებს სწორედ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიაკვლია, შოუს ამავე ტერიტორიაზე ძებნა სამართალდამცავებმა დიდი მონდომებით დაიწყეს. 26 ივნისის დილიდან იყო მოლოდინი, რომ ბრიტანელი ბანკირის ძებნას და მის გათავისუფლებას წერტილი ამავე დღეს დაესმებოდა, მაგრამ გატაცებულისა და გამტაცებლების მოძებნა ასე იოლი არ აღმოჩნდა.
დიდი დიღმის დასახლებაში თავმოყრილი პოლიციელები იძულებულები გახდნენ განემარტათ, რომ მათი ღონისძიება ჩვეულებრივი ოპერატიული ღონისძიება იყო.

[ერთ-ერთი პოლიციელის ხმა] “არაფერი, უბრალოდ ვეძებთ გატაცებულ პიტერ შოუს. რადგან გამტაცებლების მანქანები აქ ვიპოვეთ, გამორიცხული არ არის, გატაცებულიც აქვე ჰყავდეთ გადამალული. ჩავატარეთ სამძებრო ღონისძიება საზოგადოებასთან ერთად, რათა გვეპოვა პიტერ შოუ.”

“აგრობიზნესბანკის” დირექტორი პიტერ შოუ ბოროტმოქმედებმა 18 ივნისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, თანაც, პოლიციელების თანდასწრებით. ამ უკანასკნელებმა კარგად შეიარაღებულ ბოროტმოქმედებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბრიტანელი ბანკირი შოუ საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდა და, რომ არა 18 ივნისს მომხდარი დანაშაული, ის საქართველოს რამდენიმე დღის წინ მშვიდობიანად დატოვებდა. სკანდალურ ისტორიებთან კავშირის მიუხედავად, შოუ საქართველოდან, ალბათ, მაინც კმაყოფილი წავიდოდა, მაგრამ ის აქ ბოროტმოქმედთა მორიგ მძევლად დარჩა და ამის გამო, დასავლელი ჟურნალისტები კიდევ ერთხელ წერენ იმის შესახებ, რომ უგემრიელესი კერძებითა და ღვინით განთქმული კავკასიური ქვეყანა, საქართველო, საშიში ქვეყანაა, განსაკუთრებით, უცხოელებისათვის.

შოუს გატაცებამ საქართველოს საერთაშორისი იმიჯი კიდევ უფრო დასცა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პიტერ შოუ საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მოქმედი ბანკის დირექტორი იყო და, მიუხედავად ამ უცხოელი ბანკირის სახელთან დაკავშირებული სკანდალური ისტორიებისა, - მხედველობაში მაქვს ევროკავშირის საპარტნიორო ფონდიდან გაცემულ კრედიტებთან დაკავშირებით შემდგარი სასამართლო დავები, - ევროკავშირი საქართველოში შოუს მუშაობას დადებითად აფასებდა. 18 ივნისის ფაქტმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა საგრძნობლად დაამძიმა. სწორედ პიტერ შოუს გატაცების მოტივით გადაიდო 26 ივნისს ბრიუსელში განზრახული შეხვედერები. არადა, ამ შეხვედრებზე საქართველოსთვის სერიოზული დახმარების საკითხი უნდა განეხილათ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში 25 ივნისს უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში გვაცნობეს, რომ მინისტრის მოადგილე ბრიუსელში არ წასულა.
XS
SM
MD
LG