Accessibility links

logo-print

ამერიკის უდიდესი კომპანია ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების არაერთ კომპანიაში ბოლო ხანს მომხდარ ფინანსურ დარღვევებს არაერთი გამოძიება მოჰყვა შედეგად, რამაც, თავის მხრივ, ცხადყო,

რომ ქვეყნის ზოგიერთი ცნობილი ფირმის მესვეურნი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ჯიბეებს ისქელებენ. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამგვარი პრაქტიკა მომხმარებლისა და ინვესტორის უნდობლობას იწვევს, რითაც, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება.

სამშაბათს ღამით მისისიპის შტატში დაფუძნებულმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ ”უორლდკომმა” გამოაცხადა, რომ 2001 წლისა და 2002-ის პირველი 3 თვის მანძილზე მის მიერ დახარჯული თანხა – 3,8 მილიარდი დოლარი, არ უჩვენა საფინანსო ანგარიშში. ამან საშუალება მისცა ”უორლდკომს”, განეცხადებინა, რომ მისმა შემოსავალმა ხსენებული 15 თვის მანძილზე 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანია აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, ზარალი ნახა ხსენებული 15 თვის მანძილზე. თუმცა, რა ოდენობისაა ეს ზარალი, ამის შესახებ ”უორლდკომს” არაფერი უთქვამს. გაზეთმა ”უოლ სტრიტ ჯორნალმა” ოთხშაბათს გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ფედერალურმა კომისიამ, რომელიც ზედამხედველობას უწევს მსხვილი კომპანიებისა და საფინანსო ბირჟის საქმიანობას, ნიუ იორკის სასამართლოში სარჩელი აღძრა ”უორლდკომის” წინააღმდეგ. სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიის მესვეურთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იმისთვის იყო გამიზნული, რომ ბირჟაზე არ დაცემულიყო ”უორლდკომის” აქციის ფასი, ხოლო ინვესტორებს არ სცოდნოდათ, რომ კომპანიამ 3,8 მილიარდი დოლარი დახარჯა 2001 წელსა და მიმდინარე წლის პირველი 3 თვის მანძილზე.

ოთხშაბათს ”უორლდკომმა” საფინანსო განყოფილების უფროსი სკოტ სალივანი დაითხოვა და განაცხადა, რომ 17 ათასი თანამშრომლის დათხოვნა აქვს განზრახული. სულ ამ კომპანიაში 80 ათასი ადამიანია დასაქმებული. პრეზიდენტმა ბუშმა აღიარა, რომ ამერიკაში არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ამა თუ იმ კომპანიის მესვეურნი ბოროტად იყენებენ თანამდებობას: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა ამერიკაში, ხშირად, სარწმუნო არ არის, და მესმის რატომ. ჩვენ არაერთი შემთხვევის მოწმენი გავხდით, როცა ხალხი ბოროტად იყენებს თანამდებობას. ჩვენ, კანონის მთელი სიმკაცრით დავსჯით იმათ, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს. ამასთანავე მჯერა, რომ ჩვენი ეკონომიკა ძლიერია.”

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ”უორლდკომი” ერთ კვირაში გაკოტრდება. დეკემბერში, ასეთივე საფინანსო დარღვევების გამო, გაკოტრდა ამერიკის უდიდესი ენერგოკომპანია ”ენრონი”.

მრავალი ეკონომისტი, მათ შორის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ფრედერიკ ოუცი, მოელის, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდა გაისად 3 პროცენტს მიაღწევს, ხოლო ევროპაში ეს მაჩვენებელი 2-2,5 პროცენტი იქნება.
XS
SM
MD
LG