Accessibility links

logo-print

ევროპელი ლიდერები არ უჭერენ მხარს ბუშის მოწოდებას არაფატის გადაყენების შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე ორშაბათს, კანადაში რვა წამყვანი სახელმწიფოს სამიტის დაწყების წინა დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა განცხადებით,

რომ ვაშინგტონის მიერ პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის მხარდაჭერის მისაღებად, პალესტინელებმა უნდა აირჩიონ ახალი ლიდერი, რომელიც, ბუშის თქმით, არ იქნება “ტერორიზმით კომპრომეტირებული.” იასირ არაფატი ბუშს არ უხსენებია, მაგრამ მსოფლიო საზოგადოებრიობამ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები ისე გაიგო, რომ მისი აზრით, პალესტინელთა თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში არაფატი უნდა გადადგეს.

ამერიკის ამ პოზიციას მსოფლიოს ლიდერები, რომლებიც თვეების განმავლობაში მოუწოდებდნენ ვაშინგტონს, უფრო აქტიურად ემოქმედა ისრაელსა და პალესტინელბს შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

იორდანიამ და ეგვიპტემ, ორმა არაბულმა ქვეყანამ, რომელთაც საშვიდობო ხელშეკრულება აქვთ ისრაელთან და რომელნიც ამერიკის ყველაზე ახლო არაბი მოკავშირეები არიან, შეაქეს ბუში, რომ მან პალესტინელთა სახელმწიფოს შექნას დაუჭირა მხარი. იორდანიის ოფიცაალურმა საინფორმაციო სააგენტო პეტრამ განაცხადა: “ეს არის არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის დამთავრების დასაბამიაო”.

პრეზიდენტი ბუში თვლის, რომ არაფატმა თითქმის არაფერი მოიმოქმედა თვითმკვლელური ტერორისტული აქტების შესაჩერებლად და ჰამასის მაგვარი ექსტრემიტული ჯგუფების საქმიანობის აღსაკვეთად. ჰამასი საჯაროდ კისრულობს პასუხისმგებლობას ტერორისტული თავდასხმებისთვის. მიუხედავად ამისა, ევროპელ ლიდერებს არ გამოუჩენიათ დიდი ენთუზიაზმი ბუშის მოწოდების თაობაზე.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ თქვა, რომ მიესალმება ვაშინგტონის ახალ ინიციატივას ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, მაგრამ მანვე დასძინა, რომ ევროპის კავშირი პალესტინელების მიერ ოფიციალურად არჩეულ ლიდერს ლეგიტიმურად მიიჩნევს.

ევროპის სხვა ლიდერებმაც მსგავსი აზრი გამოთქვეს. დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა (მომავალ თვეში დანია ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს) თქვა: “ჩვენ ვერ მოვითხოვთ არაფატის ან რეგიონის სხვა რომელიმე ლიდერის გადაყენებასო”.

საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების დომინიკ დე ვილეპენისა და იოშკა ფიშერის აზრიც ასეთი იყო: მხოლოდ პალესტინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მათი ლიდერი.

ზოგიერთ ლიდერს ეჭვი ეპარება, რომ არაფატის ნაცვლად მოსული სხვა პირი შეძლებს მშვიდობისკენ პალესტინელების გაძღოლას.

იანვარში ტარდება პალესტინელთა თვითმმართველობის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები და ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ თავმჯდომარის პოსტს კვლავ არაფატი დაიკავებს.სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პალესტინელთა დელეგაციის მეთაურმა საებ ერექათმა თქვა, რომ პალესტინელთა ადმინისტრაცია, ბუშის მოწოდებებისგან დამოუკიდებლადაც, აპირებს რეფორმირებას. პალესტინელები და დასავლეთი ჩივიან, რომ არაფატის ადმინისტრაცია კორუმპირებული და გაუმჭვირვალეა. ერექათის აზრით, თუ პალესტინელთა თვითმმართველობის ეს მანკი გამოსწორდა, არაფატის არჩევას წინ არაფერი დაუდგება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ამ რამდენიმე დღის წინათ თქვა, რომ არაფატის გადაყენების შემდეგ პალესტინელთა თვითმმართველობაში შეიძლება რადიკალები მოვიდნენ. “და ვინაიდან ეს დემოკრატიული პროცესის შედეგი იქნება, ჩვენ მოგვიხდება ამასთან შერიგებაო, დასძინა კოფი ანანმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმრ პუტინმაც თქვა, რომ არაფატის გადაყენებამ შეიძლება პალეტინელთა მოძრაობის რადიკალიზაცია გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG