Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობსა და ყურანს შორის


“ნავთობსა და ყურანს შორის” - ეს სათაური საქართველოზე

წერილსაც შეიძლება დაარქვა და საუდის არაბეთზეც. ჩვენ ვილაპარაკებთ საუდის არაბეთზე, როგორც საქართველოთი დაინტერესებულ ქვეყანაზე, რომელიც უარს არ ამბობს თავისებურად გაგებული ყურანი ჩვენშიც გაავრცელოს.
საუდის არაბეთის ისტორია არმიისა და ეკლესიის ალიანსის აღმოსავლური ვარიანტია. რელიგია კი ამ ქვეყანაში ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობდა და თამაშობს დღესაც, ამ ქვეყანაში ნავთობისა და მის მიერ მოტანილი ფულის გამოჩენის შემდგომაც.
დღევანდელ საუდის არაბეთშია მექა, სადაც, ქრისტიანული კალენდრის მიხედვით, 569 წელს წინასწარმეტყველი მოჰამედი დაიბადა. აქვე გამოეცხადა მას, ისლამური რწმენით, მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ყურანი, მაჰმადიანთა წმინდა წიგნი, უკარნახა. ეს კარნახი 23 წელიწადს გრძელდებოდა. 630 წლისთვის მექას მოსახლეობა გამაჰმადიანდა. მექა მაშინვე რელიგიური ცენტრი არ გამხდარა, - ის ღვთის მიერ მიტოვებული რეგიონი უფრო იყო, რომელსაც მკაცრი ბუნების გამო ხალხი ტოვებდა. საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა ეს, არაბი მომთაბარე მწყემსებით დასახლებული, უნაყოფო არეალი მფლობელს, ვიდრე მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიას არ ჩაუვარდა ხელში. ოსმალეთს არ ეკუთვნოდა მხოლოდ ნაჯდის მხარე, შუა არაბეთის ზეგანის ნაწილი.
საუდის არაბეთის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 1745 წელი, როცა მოქადაგე მუჰამად ბინ აბდ ულ ვაჰაბი მშობლიური ოაზისიდან გააძევეს. და გააძევეს, აი, რატომ: ყურანი აბდ ულ ვაჰაბს თავისებურად ესმოდა; დღევანდელი ტერმინი რომ ვიხმაროთ, ყურანის რადიკალური ინტერპრეტაციის, მისი მკაცრი მორჩილების მომხრე იყო. აბდ ულ ვაჰაბი განდევნის შემდგომ მოხვდა დირიაჰში, ანუ იქ, სადაც იმ დროს საუდების მოდგმა ბატონობდა. ტომის მეთაური მუჰამად ბინ საუდი - აბდ ულ ვაჰაბთან, ვინ იცის, რამდენი ღამის საუბრის შემდგომ - მისი მოძღვრების მიმდევარი და მასთან ერთად ვაჰაბიზმის პირველი გამავრცელებელი გახდა. აბდ ულ ვაჰაბი შარიათს ქადაგებდა - კრძალავდა პოეზიას, მუსიკას, სამკაულებს , თამბაქოს, ანუ ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ესთეტიკურ თუ სხვა რიგის სიამოვნებას ანიჭებს. ასე იშვა ვაჰაბიზმი, რომელიც ადამიანებს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის თაყვანისცემის უფლებას, უარყოფს სხვა სულებისა თუ წმინდანების არსებობას და ყურანის უპატივცემულობას მკაცრად სჯის.
ასე გადაეჯაჭვა ერთმანეთს ვაჰაბის- რელიგიური წინამძღოლისა და საუდის - მეომრის ბედი. მათ დადეს ერთგვარი პაქტი, წმინდა გარიგება, რომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და ღვთის გზას უჩვენებდნენ მორწმუნეთ. რწმენა და ძალაუფლება ერთმანეთს დაუკავშირდა და აღარც გათიშულან. ყურანის გასავრცელებლად ხმალი ბევრს ნიშნავდა. მუჰამად ბინ საუდი თავის მეომრებს არაბეთის დაპყრობისთვის ამზადებდა. საუდის არეალი ნელ-ნელა გაფართოვდა და რამდენიმე ათეულ წელიწადში ნაჯდი, უზარმაზარი რეგიონი, გაერთიანდა. საუდის გავლენა გავრცელდა შიიტურ ქვეყნებში - ომანსა და კატარში, თუმცა კუვეიტი და ბაჰრეინი მას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. მუჰამადის შვილიშვილი ალ ქაბირ დიდი იემენს და სირიის უდაბნოს მისწვდა. 1801 წელს საუდის არაბეთის მეომრებმა გაძარცვეს ერაყის შიიტთა წმინდა ქალაქი ქერბელა. ოსმალეთის იმპერიამ მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში იგრძნო თავისი ტერიტორიების დაკარგვა და 1811- ში რვა ათასიანი ჯარი გაგზავნა საუდების მოსარჯულებლად. დინასტიის დამაარსებლის შთამომავალი აბდულა დაიჭირეს და კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასაჯეს. საუდის არაბეთი მალევე აღდგა უკვე ერ რიადში. ისტამბულიდან მას მკაცრად აკონტროლებდნენ, რათა მისი აქტიურობა, ექსპანსიონისტური ბუნება მოეთოკათ. შინაგანმა ომებმა კიდევ ერთხელ გატეხა საუდი - 1880-თვის მისი მზე ჩაესვენა, მას ჩრდილოეთის არაბეთის მმართველები - რაშიდიდები დაეპატრონნენ. მუჰამად ბინ საუდის შთამომავალმა, კუვეიტში მცხოვრებმა აბდ ულ აზიზმა 1902 წელს დაამარცხა დამპყრობელი - უფრო მოხერხებულობით, ვიდრე ძალით - და 50-კაციანი რაზმით რიადი აიღო. არ გასულა დიდი ხანი და, ბრიტანელების დახმარებით, ახალგაზრდა პრინცმა შეძლო კვლავ დაეპყრო არაერთი რეგიონი. 1918 წლისთვის ნაჯდის საამირო ისევ დამოუკიდებელი გახდა. ცოტა ხანში აბდ ულ აზიზმა დაიპყრო ჰიჯაზიც, თავისი სამშობლოს ყოფილი ნაწილი, და თავი ჰიჯაზისა და ნაჯდის სულთნად გამოაცხადა. მანამდე კი გაათავისუფლა მექა, შემდგომ - მედინა. მალე ბრიტანეთმა, რომლის მცდელობებს, წონასწორობა არ დარღვეულიყო რეგიონში, აბდ ულ აზიზი ხელს უშლიდა, გააფრთხილა ის და ახალმა სულთანმაც შეწყვიტა დამპყრობლური პოლიტიკა. აბდ ულ აზიზის მოთოკვა არ გაიზიარეს ვაჰაბიტებმა, რომლებიც კვლავაც ამ სარწმუნოების გავრცელებისთვის ომის მომხრენი იყვნენ, და მეფეს განუდგნენ. ბრძოლა ვაჰაბიტებსა, რომელთაც უკვე მკვიდრად დასახლებული ბედუინები წარმოადგენდნენ, და საუდის შთამომავალს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 1932 წელს გამოცხადდა საუდის არაბეთის სამეფოს დაარსება. ამ სამეფოს საკონსტიტუციო ნორმა დღემდე შარიათია, სასამართლო სისტემაც სრულიად ისლამურ სამართალსა და, ეგრეთ წოდებულ, ჩვეულებათა სამართალზეა დაფუძნებული. ამ ქვეყანაში აკრძალულია პოლიტიკური პარტიები, არჩევნები არ არსებობს. სამეფოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, ცხადია, სასულიერო პირებს. როგორც გითხარით, ვაჰაბიზმი კრძალავდა სხვა ღმერთის თაყვანისცემას, ვიდრე სამეფოს დაარსების შემდეგ , 1932 წელს,არ გამოჩნდა თაყვანისცემის ახალი ობიექტი - ნავთობი. პირველად ბრიტანელებმა მიიღეს ბურღვის უფლება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG