Accessibility links

logo-print

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოთა ავტორებსა და გამომცემლებს უპირისპირდება


დავით პაიჭაძე, თბილისი ზუსტად ერთი კვირის წინ საქართველოს განათლების სამინისტრომ პრესაში გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო პროცესში 2002-2003

სასწავლო წლისათვის დაშვებული სახელმძღვანელოებისა და მათი სტატუსის შესახებ. წინა წლებისგან განსხვავებით, ამ დოკუმენტს ეწოდება "საგანთა ნუსხა", რაც სრულიად არ შეესაბამება მის შინაარსს. მომავალი სასწავლო წლის ძირითადი სახელმძღვანელოების ჩამონათვალში დამატებით დაშვებულია რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ეწინააღმდეგება თავად განათლების სამინისტროს დებულებას. ძირითად სახელმძღვანელოთა ავტორებსა და გამომცემლებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო უწყება ლახავს მათ უფლებებსა და ინტერესებს. თუ რატომ - მომდევნო სიუჟეტიდან შეიტყობთ.

დავიწყოთ განათლების სამინისტროს დებულებით, რომლის სრული სახელია “დებულება სახელმძღვანელოების საკონკურსო შერჩევის შესახებ ყველა ტიპის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემისათვის”. ამ ნორმატიული აქტის ძალით, სახელმძღვანელოდ შეიძლება იქცეს წიგნი, თუ ის გაიმარჯვებს საგანგებო კონკურსში, გაივლის აპრობაციას და მიენიჭება განათლების სამინისტროს გრიფი. დებულების პირველ მუხლში წერია: “თუ საკონკურსო საფუძველზე გრიფმინიჭებული ერთი და იმავე დასახელების სახელმძღვანელოთა რაოდენობა ორს მიაღწევს, მოქმედ სახელმძღვანელოს, რომლის საპროექტო განაცხადი არც ერთ კონკურსზე არ წარმოდგენილა, ან წარმოდგენილია და არ მოუპოვებია გამსვლელი ქულა, ერთმევა “გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს” სტატუსი და განუახლდება მხოლოდ საკონკურსო საფუძველზე”.

20 ივნისს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების დამატებით სიაში კი განათლების სამინისტრომ სწორედ ის წიგნები ჩასვა, რომელთაც კონკურსში ვერ გაიმარჯვეს და არავითარი საფუძველი არ არსებობს სახელმძღვანელოებად მათი ცნობისათვის. ეს წიგნებია: მათემატიკა პირველკლასელთათვის, ავტორები – რუხაძე და აბაკელია; მეშვიდე კლასის ქიმია – ლომსიანიძისა და ცინცაძის; ფიზიკა მეშვიდე კლასისთვის – ავტორები: ხვითარია და ჭეიშვილი. რბილად რომ ვთქვათ, საინტერესოა, ხოლო რბილად რომ არ ვთქვათ, ულოგიკო და სამარცხვინოა განათლების სამინისტროს მოტივაცია კანონის დარღვევის ანუ ჩამოთვლილი წიგნების სახელმძღვანელოთა ნუსხაში შეტანის სასარგებლოდ:“პედაგოგიურ საზოგადოებაში შესაძლო გაუგებრობათა თავიდან აცილებისა და დამკვიდრებული მეთოდიკებით სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ ახალი კონცეფციით შედგენილ სახელმძღვანელოებთან ერთად, 2002/2003 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში დაშვებულია შემდეგი სახელმძღვანელოები”. არადა, სამინისტროს ზემოხსენებული დებულება იმიტომ გამოიცა, კონკურსები იმიტომ ჩატარდა და ტარდება, ახალი სახელმძღვანელოები იმიტომ იბეჭდება, რომ ამ ყბადაღებულმა “დამკვიდრებულმა მეთოდიკებმა” თავისი დრო მოჭამა.

განათლების სამინისტროს ეს ნაბიჯი საქმეს ურთულებს კერძო გამომცემლობებს, რომელთაც ახალი, კონკურსში გამარჯვებული, ლეგალური და აპრობირებული სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდონ. ეს გამომცემლობები ხშირად ისედაც ზარალობენ, როცა მათ დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს უკანონოდ, ანონიმურად ბეჭდავენ სხვები და კონტრაფაქციული ტირაჟებით შავ ბაზარს აჯერებენ. ახლა ამას ემატება განათლების სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ძველი ან დაწუნებული სახელმძღვანელოების ბაზარზე გამოყრის ცდა. ესეც არ იყოს, ივნისის ბოლოს გამოაქვეყნო იმ სახელმძღვანელოების ნუსხა, რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა და სექტემბრიდან სკოლაში უნდა შეიტანო – მიუტევებელი დაუდევრობაა. სახელმძღვანელოთა ბაზრობა საქართველოს ქალაქებში დაახლოებით 10 აგვისტოდან იწყება; თვენახევრით ადრე კი განათლების სამინისტროს არა აქვს კანონით გამაგრებული პასუხი კითხვაზე, თუ რა სახელმძღვანელოები უნდა დაიბეჭდოს. პირიქით, ამ უწყების ბოლო გადაწყვეტილება უთითებს, რომ განათლების სამინისტრო არაფრად დაგიდევთ არათუ საქმიანობის ლეგალურ საფუძველსა და კერძო მეწარმეთა ინტერესებს, არამედ მთავარს – მოწაფის, ბავშვის ინტერესს, რომელსაც ყავლგასულ სახელმძღვანელოებს აჩეჩებენ. გამომცემლობა “ინტელექტისა” და “ჯი-სი-აი”-ს მფლობელები - კახა კუდავა და შადიმან ხელაძე ამბობენ, რომ ვერაფერი შეასმინეს განათლების მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ სანაძეს. თუ ეს პრობლემა დიალოგითა და მორიგებით არ ამოიწურა, გამომცემლები და სახელმძღვანელოთა ავტორები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. მაგრამ ეს 2002-2003 სასწავლო წლისათვის უკვე დაგვიანებული იქნება.
XS
SM
MD
LG