Accessibility links

logo-print

საქართველოში ხელისუფლება რადიოაქტიურ წყაროებს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებს


ჩეჩენი ტერორისტებისა და ადამიანის გამტაცებლების დაუსჯელობის გამო საქართველოს შერყეულ ავტორიტეტს კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული უკონტროლო რადიოაქტიური კერები.

დასავლეთის პრესაში არაერთხელ გამოთქმულა შეშფოთება, რომ ეს უკონტროლო რადიოაქტიური ნივთიერებები შეიძლება ტერორისტების ხელშიც აღმოჩნდეს. რამდენიმე თვის წინ, წალენჯიხის რაიონში რადიაციის ორი წყაროს აღმოჩენის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საქართველოში დაიწყო განხორციელება სპეციალური პროგრამისა, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებათა სავარაუდო ადგილსამყოფლის გამოკვლევას ისახავს მიზნად.

ვარაუდობენ, რომ საქართველოში საბჭოთა ხანაში რადიოაქტიური ნივთიერება „სტრონციუმ 90“-ის 8 კონტეინერი იყო შემოტანილი. ვარაუდობენ, რადგან არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რადიაციის ამ წყაროების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება იმის გამო, რომ ის თავის დროზე მოსკოვში ინახებოდა. დაპირების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება ჯერ არ ჩქარობს რადიოაქტიური კერების ამსახველი მონაცემები საქართველოს გადმოსცეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით, საქართველოს გარომოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფმა, რომელშიც, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც შედიოდნენ, ენგურის ხეობა შეისწავლა. მონიტორებმა ფეხით მოიარეს რადიაციის კერათა არსებობის სავარაუდო ადგილები, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ რადიოაქტიური ნივთიერების 2 კონტეინერი შეიძლება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ინახებოდეს. ჯგუფის წევრის სოსო კაკუშაძის განცხადებით: [კაკუშაძის ხმა] „სამწუხაროდ, ამ ადგილზე მისვლა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. უამინდობას რომ თავი დავანებოთ, ეს ადგილი საკმაოდ ახლოს არის აფხაზეთის საზღვართან და არ იყო იმის გარანტია, რომ რაიმე ექსტრემალურ სიტუაციას არ ჰქონოდა ადგილი.“

სხვა წყაროს ინფორმაციით, რადიაციის კერის სავარაუდო ადგილთან ექსპერტთა ჯგუფის მისვლას რუსეთის სამშვიდობო ძალებმა შეუშალეს ხელი: მათმა ხელმძღვანელობამ მოსამზადებლად 1-2 კვირა ითხოვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნინო ჩხობაძის განცხადებით, არსებული ვითარების შესახებ ეცნობა საქართველოს პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს, რომელთა რეკომენდაციით, მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალებთან.

[ჩხობაძის ხმა] „ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც იქ იმუშავებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, მართლა არის იქ თუ არ არის ეს წყაროები. თუ ეს წყაროები იქ აღმოჩნდა, როგორ უნდა წამოვიღოთ ეს წყაროები იქიდან, ეს ცალკე თემა, ცალკე სამუშაო იქნება.“

რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში მის ამოღებასა და გადატანას იმდენი თანხა მაინც უნდა, რაც წალენჯიხაში აღმოჩენილ სტრონციუმ 90-ს დასჭირდა. - ეს თანხა 40 ათას ლარს აღემატებოდა, რაც სამინისტროს სპეცსახსრებიდან გამოიყო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალური სახსრებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, სულ, 50 ათასი ლარი, რომელიც თითქმის მთლიანად ათვისებულია. შესაბამისად, რადიოაქტიური ნივთიერების კონტეინერების აღმოჩენის შემთხვევაში დამატებითი სახსრების გამოძებნა გახდება საჭირო.

სანამ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამშვიდობოებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ან საჭირო ფინანსების მობილიზებაზე ფიქრობს, მანამ არსებობს საშიშროება, რომ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რადიოაქტიური ნივთიერება სეპარატისტულ აფხაზეთში იქნეს გატანილი.

ექსპერტების აზრით, წალენჯიხაში ნაპოვნი სტრონციუმ 90-ის რადიაქტიური ღეროებით, ეგრეთ წოდებული, „ჭუჭყიანი ბომბის“ დამზადება შეიძლება. ამ ბომბით ატომური აფეთქების განხორციელება არ მოხერხდება, თუმცა რადიაციული დაბინძურების მიღწევა იოლად შესაძლებელია. ასეთი ბომბების აფეთქებას განსაკუთრებით უფრთხის ტერორისტების მთავარი სამიზნე - ამერიკის შეერთებული შტატები. და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტრომ რამდენჯერმე განაცხადა აფხაზეთში „ალ-ყაიდას“ წევრების ყოფნის შესახებ, ადვილი შესაძლებელია, რადიოაქტიური კონტეინერები მათ ხელში, მართლაც, აღმოჩნდეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს ხელისუფლებას სოხუმის შესწავლა, დიდი ხანია, დაგეგმილი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, რადგან არ არის ამაზე აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლების თანხმობა.
XS
SM
MD
LG