Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა თბილისი საშინელებათა ქალაქად


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავსებით რეალურია, რომ უახლოეს დღეებში თბილისში უგაზობას უწყლობა და უსინათლობაც დაემატოს. ამ უსიამოვნო პერსპექტივის მიზეზად ისევ და ისევ გადაუხდელობის პრობლემას ასახელებენ.

თუმცა უგაზოდ, უწყლოდ და უსინათლოდ დარჩებიან ისინიც, ვინც ყველა გადასახადს წესიერად იხდის. სამწუხაროდ, საქართველოში კაპიტალისტური სამყაროს დევიზი – “გადაიხადე და გექნება” მხოლოდ ლოზუნგად რჩება.

“ეი-ი-ეს თელასის” სადამსჯელო ოპერაციებმა შედეგი გამოიღო: მევალე ორგანიზაციებმა ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაიწყეს. თბილისის მეტროპოლიტენის, თბილქალაქგანათების და თბილწყალკანალის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია ვალის გასტუმრება. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელების მაგალითი გადამდები აღმოჩნდა. უკვე საქართველოს სახელმწიფო უწყებები გეგმავენ სადამსჯელო ოპერაციების გატარებას ურჩი გადამხდელების მიმართ. მაგალითად, თბილწყალკანალი 1 ივლისიდან თბილისის იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც წყლის საფასურს არ იხდიან, გამაფრთხილებელ აქციებს მოუწყობს, რაც, ბუნებრივია, წყლის გამორთვაში გამოიხატება. ამის შემდეგ თბიწყალკანალი ასეთსავე ღონისძიებებს გაატარებს უკვე მოსახლეობის მიმართაც, რომელიც წყლის მოხმარების თანხას არ იხდის.
ერთი მხრივ, პოზიცია გასაგებია: თუ რაიმე მომსახურების თანხას ვერ იხდი, შესაბამისად, ამ მომსახურების გამოყენებაზეც უარის თქმა მოგიწევს. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებულია. “ეი-ი-ეს თელასისგან” განსხვავებით, რომელსაც ელექტროსადენების გამხოლოების მეშვეობით შეუძლია კონკრეტულ არგადამხდელს გამოურთოს დენი, წყლით მომარაგების სფეროში სადამსჯელო ოპერაციებისას დაისჯებიან ისინიც, ვინც წყლის ფულს იხდის. ფაქტია, რომ დღეს არაერთ საბიუჯეტო ორგანიზაციას წყლის გადასახადის საკმაოდ დიდი ვალი დაუგროვდა. იშვიათი არც ის შემთხვევებია, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს შენობის ფართი კერძო ან კომერციული ორგანიზაციებისთვის აქვთ მიქირავებული. ასეთ შემთხვევაში, დამქირავებელი კომუნალური მომსახურების თანხას გამქირავებელს უხდის, ხოლო ამ თანხების მიზნობრივი გამოყენების კონტროლის საშუალება დამქირავებელს უკვე აღარა აქვს. ანუ კომერციული ორგანიზაცია, შესაძლოა, წყლის გადასახადის წესიერი გადამხდელი იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ შენობის მეპატრონემ წყლის გადასახადი სხვა მიზნებისთვის გამოყენა, ის ისევე დარჩეს უწყლოდ, როგორც გადასახადის ურჩი არგადამხდელი.
იგივე შეიძლება ითქვას მოსახლეობაზეც. ვინაიდან თბილწყალკანალს კონკრეტული მომხმარებლის გამორთვის ტექნიკური საშუალება არა აქვს, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციები მთელი უბნის მასშტაბით ჩატარდება, ანუ დაისჯება ის მომხმარებელიც, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იხდის წყლის გადასახადს.
სხვა საკითხია, თუ როგორ შეიძლება იარსებოს ადამიანმა წყლის გარეშე. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ადამიანი გაჭირვებით უგაზობასაც აიტანს და უდენობასაც, მაგრამ უწყლოდ ცხოვრება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
დასკვნა კი საკმაოდ პესიმისტური იქნება: დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანში ჭაღარა თბილისი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან ქალაქად, სადაც ძალიან ჭუჭყიანი ადამიანები იცხოვრებენ.
XS
SM
MD
LG