Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და აფხაზეთის პრობლემა


31 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხზე იმსჯელებს და აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე მორიგ რეზოლუციას მიიღებს.

საქართველოს ხელისუფლება გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციას იმედით ელის. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი კი ფიქრობს, რომ, წინა რეზოლუციების მსგავსად, უშიშროების საბჭოს 31 ივლისის რეზოლუციაც ფარატინა ქაღალდად დარჩება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მარტო თამაზ ნადარეიშვილი არ არის. უშიშროების საბჭოს სხდომამდე გაეროში მიიღებენ საქართველოს მოქალაქეთა მიმართვას, რომელზეც უკვე მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის ტექსტს ხელი მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ მოაწერა. აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მიერ წამოწყებული ამ აქციის მიზანია გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დაინახონ, რომ გაეროს მიერ აფხაზეთში ქართველთა გენოციდისა და ეთნოწმენდის აღიარების, აგრეთვე, ამ გენოციდთან და ეთნოწმენდასთან დაკავშირებული საქმეების საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის, საქართველოდან, პირველ რიგში კი, აფხაზეთიდან, რუსეთის ჯარის გაყვანისა და აფხაზეთში გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედების მოთხოვნები ერთეულების მოთხოვნები არ არის, რომ აფხაზეთის პრობლემის დაკონსერვებას მთელი საქართველო აპროტესტებს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი საქართველოს მოსახლეობის მიმართვის ტექსტს გაეროში 31 ივლისამდე გაეცნობიან. 31 ივლისს კი გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს და აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით 10 წლის მანძილზე მიღებულ რეზოლუციებს კიდევ ერთ რეზოლუციას დაურთავს. საქართველოს ხელისუფლებაში იტოვებენ იმედს, რომ უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ეს გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრების წინა, ტრადიციული, ოპტიმისტური განწყობილებაა. უშიშროების საბჭოს სხდომების წინ ასეთი ოპტიმიზმი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში შეიმჩნევა ხოლმე. მოსახლეობას კი, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან დევნილებს, გაერომ იმედი კარგა ხანია გაუცრუა. უშიშროების საბჭოს 31 ივლისის სხდომისგან რაიმე მნიშვნელოვანს არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ელის.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ რა მოხდება 31 ივლისს? საგარეო საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მარწმუნებენ, რომ ამ დღეს სასწაული მოხდება და გაეროს უშიშროების საბჭო კარგ რეზოლუციას მიიღებს. ღმერთმა ქნას, მაგრამ მე ხომ ამით ვცხოვრობ. კავშირები მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასე შემდეგ. მე ვიცი, რომ არაფერი არ მზადდება და არავითარი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ იქნება მიღებული. ჯერ ეს ერთი, ვინ მოამზადებს ამ დოკუმენტს? ბოდენი წასულია, შემცვლელი მოსული არ არის. მიიღებენ მორიგ ფარატინა ქაღალდს, მორიგ რეზოლუციას, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მეტი არაფერი არ მოხდება.”

“გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 10 წლის მანძილზე მიღებული რეზოლუციები თავისი შინაარსით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. კარგია, რომ ამ დოკუმენტებში უშიშროების საბჭო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამოდის, მაგრამ უკვე 2002 წელია და არ შეიძლება ამ რეზოლუციებში მუდმივად ერთი და იგივე მეორდებოდესო,”-ამბობს თამაზ ნადარეიშვილი. მას, როგორც აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელს, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის 4 პირად წარმომადგენელთან მოუხდა მუშაობა: სტარჩევთან, ბრუნერთან, ბოტასთან და, ბოლოს, ბოდენთან.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “არაფრით არ განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან. მათთვის მთავარი ამოცანაა - შენარჩუნდეს ვითარება: არ იყოს ომი, სროლა და აფხაზეთის პრობლემა დარჩეს ასეთ დაკონსერვებულ ფორმაში. ბოტაც იძახდა და ბოდენიც იმეორებდა, რომ, დაახლოებით, 50 წელი დასჭირდება აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას. შედეგებზე ლაპარაკი უხერხულია, რადგან არც ერთი მათი რეზოლუცია არ შესრულებულა, კარგი იყო ის თუ ცუდი.”

მაინც, რას ითხოვენ გაეროს უშიშროების საბჭოსგან აფხაზეთიდან დევნილები და, მათ შორის, თამაზ ნადარეიშვილი? ამ უკანასკნელს არა აქვს ილუზია, რომ გაეროს წარმომადგენლები იარაღს აისხამენ და აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას აიძულებენ. ნადარეიშვილს აფხაზეთში არც გაეროს წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედების იმედი აქვს და არც თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ გაეროში შემუშავებული დოკუმენტისა. ამ დოკუმენტს ის იცნობს და ფიქრობს, რომ მასში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სუვერენული წარმონაქმნის სტატუსის განსაზღვრაზე გაუგებრადაა მითითებული. ნადარეიშვილი ამ დოკუმენტის მომავალს ვერ ხედავს.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ჩვენ ვითხოვთ გამკაცრდეს რეზოლუციები. არ შეიძლება საქართველო და აფხაზეთი განიხილებოდეს ერთ სიბრტყეზე. საქართველო არის სახელმწიფო, აფხაზეთი კი - დაკარგულია თუ,რაც არის - არის საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი. ეს ყველაფერი უნდა აისახოს რეზოლუციებში.”

არსებობს პრეტენზია იმის გამოც, რომ გაერო არ ცდილობს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის რუსეთის ნეგატიური როლის განეიტრალებას. თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება იტოვებს უფლებას პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში გაეროს როლით უკმაყოფილება.
XS
SM
MD
LG