Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დემოკრატიის წინააღმდეგ


ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო იზრდება სასამართლო ხელისუფლების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების ხარისხი, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შესუსტებას განაპირობებს.

აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ლიდერობს უზენაესი სასამართლო, რომელმაც ამ დღეებში ბერძენიშვილ- ჩხარტიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, გაასამა ის ბაზისური დემოკრატიული ღირებულებები, რომელთა წინააღმდეგაც იგი, როგორღაც დაგეშილი, სამართლებრივი ნონსენსის ვითარებაში იბრძვის. სამართლებრივი ნონსენსი უშუალოდ ბერძენიშვილ-ჩხარტიშვილის საქმეში ისაა, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა პრინციპით - თუკი საჯარო პირისთვის სასამართლოს საბრალდებო განაჩენი არ გამოუტანია, მოქალაქეს მის შესახებ შეფასებითი მსჯელობის უფლება არა აქვს, ანუ, ამ პრინციპით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ ლევან ბერძენიშვილს ექსმინისტრ ვანო ჩხარტიშვილისთვის ქურდი და კორუმპირებული არ უნდა ეწოდებინა, რადგან მასზე შესაბამისი საბრალდებო განაჩენი არ არსებობს..

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ლევან ბერძენიშვილმა ვანო ჩხარტიშვილზე თავისი აზრი და შეხედულება უნდა შეიცვალოს, თავისუფლების ინსტიტუტის წევრ ლევან რამიშვილს მარტივი სოციოლოგიური გამოკითხვის იდეა გაუჩინა;
[ლევან რამიშვილის ხმა]“ გავიდეთ ქუჩაში და თუნდაც 7 ადამიანს თუ შემთხვევით გაჩერებულს ვნახავთ, რომელიც იტყვის რომ ვანო ჩხარტიშვილი - ეს არის პატიოსნების ეტალონი, მაშინ ჩვენ შეიძლება ხელები ავწიოთ და ვთქვათ, რომ ყველას ერთად გვეშლებოდა, ვინც ვანო ჩხარტიშვილს და სიორიძეს და მაღლაკელიძეს ვაკრიტიკებდით.”
დავაზუსტებთ, რომ საქმე ეხება საჯარო პირს, მის საჯარო რეპუტაციას და, შესაბამისად, მასზე გაჩენილ შეხედულებას, რომლის გამოთქმა, თუნდაც სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებიდან გამომდინარე, დემოკრატიულობის პრეტენზიების მქონე ქვეყანაში სასამართლო წესით არ უნდა იხილებოდეს და, მით უფრო, არ უნდა ისჯებოდეს.
[გიგა ბოკერიას ხმა]“ეს გადაწყვეტილება არის პირველი გადაწყვეტილება, რომელმაც ასე მკაფიოდ გვითხრა, რომ შეფასებითი მსჯელობა თანამდებობის პირებზე, ან თუნდაც ყოფილ თანამდებობის პირებზე და პოლიტიკური პროცესების შეფასება შეიძლება იყოს დასჯადი. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, ეს არის, პრაქტიკულად, პოლიტიკური სიტყვის თავისუფლების მთლიანად წართმევა ყველა ჩვენგანისთვის და არა მარტო ბატონი ბერძენიშვილისთვის, რომლის მიმართ მე მაქვს სიმპათია და შეიძლება ვიღაცას აქვს მკვეთრი ანტიპათია, - ამას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ პოლიტიკური დებატების თავისუფლება ყველგან და განსაკუთრებით იმ სამართლებრივ სივრცეში, რომელშიც საქართველო შევიდა და, კერძოდ, ევროსაბჭოს სამართლებრივ სივრცეში, არის ყველაზე უფრო მაღალი დაცვით, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მაღალი დაცვით სარგებლობს." [სტილი დაცულია]
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო დროს არცთუ შემთხვევითი ანტიდემოკრატიული, გნებავთ, დემოკრატიის წინააღმდეგ შექმნილი საგანგებო პრეცედენტები, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სამი ძირითადი მიმართულებით განშტოვდა: რწმენის თავისუფლების წინააღმდეგ - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია გაუუქმდა იეჰოვას მოწმეთა ორ ორგანიზაციას;პოლიტიკური მოღვაწეობის თავისუფლების წინააღმდეგ - მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა; დაბოლოს, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ - ლევან ბერძენიშვილს ვანო ჩხარტიშვილზე თავისი შეხედულების საჯარო გამოთქმა აეკრძალა.
სხვათა შორის, თვალშისაცემია ერთი, ასევე საშიში, ტენდენცია: უზენაესი სასამართლო ქვედა ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს სწორედ დემოკრატიის პრინციპების საზიანოდ ცვლის, რითაც მრავალგზის ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას საქართველოში დამოუკიდებლობა არ სურს, არ შეუძლია და აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი დანამატია.
ამაში არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუნებრივია, მეტწილად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას ადანაშაულებენ და თანამდებობიდან მის გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG