Accessibility links

საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ნაშრომები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამხედრო-სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომერი. აკადემიის ნაშრომები მნიშვნელოვან მოვლენად აღიქმება საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის ხელშეწყობის საქმეში.



სამეცნიერო-სამხედრო ჟურნალის პირველი ნომერი 6 თავისგან შედგება. პირველი თავი შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებს, მათ შორის, ბიუჯეტთან დაკავშირებულ სიძნელეებსაც ეძღვნება. მაგალითად, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ბარკალაია წერს, რომ “საქართველოში სამხედრო რეფორმების განხორცილებისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისათვის ხელმისაწვდომი რესურსები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეზღუდული იქნება”. ავტორის თქმით, “ამიტომ აუცილებელია მკაცრად დაიგეგმოს არსებული რესურსების გამოყენება იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ადეკვატური ძალები ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად”.

აკადემიის ნაშრომების მე-2 თავი ეთმობა ტაქტიკას, მე-3 თავი შეირაღებასა და ექსპლუატაციას, მე-4 თავში კი განხილულია სამხედრო სწავლებისა და აღზრდის საკითხები. სამთო ინსტრუქტორის მათითაიშვილის სტატიაში, რომელიც ქართული ჯარის სამთო მომზადებას ეძღვნება, ნათქვამია, რომ “თუ საბჭოთა კავშირის არსებობისას და მანამდეც მთიან რეგიონებში საბრძოლო ოპერაციების წარმოება ლოკალური ამოცანის გადაწყვეტას ემსახურებოდა, ქართული არმიისათვის მას უკვე გლობალური მასშტაბი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება”.

ავტორი აღნიშნავს, რომ “მეორე მსოფლიო ომისათვის მზადების პერიოდში, კერძოდ, 1932-38 წლებში, კავკასიის მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა საბაბით – ტურისტებად, ალპინისტებად თუ სამეცნიერო ექსპედიციების სახით - ასობით გერმანელმა ახალგაზრდამ იმოგზაურა. ისინი ეუფლებოდნენ მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილების ტექნიკას, ადგილზე, რეალურ გარემოში ეცნობოდნენ კავკასიონის უღელტეხილებსა და მყინვარებს, გზებსა და ბილიკებს, მათ თავისებურებებს. მოგვიანებით თითქმის ყველა მათგანი ჩარიცხული იქნა “ედელვაისის” სახელწოდებით ცნობილ, გერმანიის სპეციალიზებულ პირველ სამთო მსროლელ დივიზიაში”.

რაც შეეხება დღევანდელობას. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში შემოღებულია სამთო ჯარების სპეციალიზაცია, ხოლო აკადემიის რექტორის, გენერალ-ლეიტენანტ ომარ ლეკვიშვილის ბრძანებით, 2001 წლის ზაფხულში მე-2 და მე-3 კურსის კურსანტებისაგან დაკომპლექტდა ორი სასწავლო ჯგუფი სამთო მომზადების გაძლიერებული სწავლებით.

ჟურნალის მე-5 თავში სამხედრო ისტორიის საკითხებია განხილული. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე მოკლედ მიმოიხილავს მე-19 საუკუნეში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს. აი, ერთი ნაწყვეტი ამ ნაშრომიდან, რომელიც დღევანდელობას ეხმიანება, გარკვეული გაგებით: “სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე 1810, 1821-24, 1866 წლებში გამოწვეული იყო მეფის რუსეთის აგრესიით, რომლის მიზანს აფხაზეთის ანექსია წარმოადგენდა და რომელიც აფხაზი ხალხის ეროვნულ წინააღმდეგობას წააწყდა. ამ წინააღმდეგობას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს საერთო-სახალხო, ვინაიდან მასში მონაწილეობდა აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ორივე ძირითადი კლასის წარმომადგენლები - ფეოდალებიც და გლეხებიც”.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი სევერიანე მოსიძე მიმოიხილავს საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური აზრის აღმოცენება-განვითარების თემას. ნაშრომში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მოკავშირე ქვეყნის არჩევა, სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის დამყარება და სახელმწიფო საზღვრის დაცვა. ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “სამხედრო-პოლიტიკური აზროვნება საქართველოში უძველესი დროიდან იწყება და ოდითგანვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული”.
XS
SM
MD
LG