Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრორუსული ორიენტაციის პარტიები


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლის შემოდგომაზე რომ ჩატარებულიყო, შესაძლოა, თბილისის საკრებულოს მანდატები სულ სხვაგვარად გადანაწილებულიყო.

ყოველ შემთხვევაში, მაშინდელი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საზოგადოებას ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი მიაჩნდა და შველასაც მისგან ელოდა. 2 ივნისის არჩევნებში კი პრორუსული ორიენტაციის პარტიებმა საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენეს.


ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი მეტ-ნაკლებად ძლიერი პარტია უკავშირებს თავის სამომავლო გეგმებს რუსეთიდან მიღებულ მხარდაჭერას ან რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას, კერძოდ: "აღორძინება", "ერთობა" და სოციალისტური პარტია. ამ პოლიტიკურ ძალთა ლიდერები დაახლოებით ერთი და იმავე ფრაზებით მეტყველებენ: რომ საქართველოს სახელმწიფოს არ არგებს რუსეთთან ურთიერთობის გართულება და ცალსახა დასავლური ორიენტაცია; რომ რუსეთი თავად ვითარდება დასავლურ კალაპოტში და რომ მსოფლიო დღეს სხვაგვარია, ვიდრე 11 სექტემბრამდე იყო.

აღორძინების კავშირის წევრები, დანარჩენი ორი პარტიისგან განსხვავებით, ერიდებიან პრორუსული პოზიციის გამოხატვას ყოველდღიური პოლიტიკური დებატებისას. მაგრამ როდესაც საქმე პრინციპულ საკითხებს ეხება, ასლან აბაშიძე და მისი თანამებრძოლები უკან არასოდეს იხევენ. ნიშანდობლივია "აღორძინების" დეპუტაციის დამოკიდებულება რევაზ ადამიას მიმართ: მათი აზრით, ადამია გაეროში საქართველოს ინტერესებს ვერ დაიცავს, რადგან იგი გაუწონასწორებელი პოლიტიკოსია და ზედმეტად უარყოფითად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. საიდუმლო არც ისაა, რომ ასლან აბაშიძე აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებაში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში საკუთარი კავშირების იმედად ჩაერთო. ასე რომ, "აღორძინება", სხვა პარტიებისგან განსხვავებით, თავს არ იწონებს პრორუსული ორიენტაციით, თუმცა რჩება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მთავარ მოკავშირედ საქართველოში.

გაცილებით ახალგაზრდა პოლიტიკური ორგანიზმია "ერთობა", რომელსაც ორი თავმჯდომარე ჰყავს: ჯუმბერ პატიაშვილი და ალექსანდრე ჭაჭია. პარტიაში მათი როლები კარგად არის განაწილებული: პატიაშვილი პასიური ლიდერია, დინჯად მეტყველებს და იშვიათად ჩნდება საინფორმაციო საშუალებებში; სამაგიეროდ, იგი "საქმის კაცის" იმიჯით სარგებლობს. ჭაჭია კი ნამდვილი იდეოლოგია - მჭევრმეტყველი და ენერგიული. პარტიის ორივე ლიდერი, ძირითადად, საქართველოს ინტერესებზე საუბრობს, თუმცა, "აღორძინების" ლიდერებისგან განსხვავებით, ისინი არ ერიდებიან რუსეთის ხშირად ხსენებას დადებით კონტექსტში და რუსეთის როლის განმარტებას საქართველოს სტაბილური განვითარებისთვის.

სულ სხვაა სოციალისტური პარტია: ის რუსული ინტერესების ღია ლობისტია. ამაზე მეტყველებს, ეგრეთ წოდებული, "ჯვრის კონცეფცია": რომ საქართველომ უნდა გაატაროს ტვირთები და ენერგომატარებლები არა მხოლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, არამედ - ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაც; რომ საქართველომ უნდა შეასრულოს არა მხოლოდ დერეფნის, არამედ - ხიდის ფუნქციაც. სწორედ ამ კონცეფციის ფარგლებში იძენს მნიშვნელობას მილიონი ხელმოწერით დამშვენებული მოწოდება: "რუსეთი ჩვენი მეზობელია", რომელიც, თავისთავად, არაფერს ნიშნავს.

2 ივნისის არჩევნებში პრორუსული ორიენტაციის პარტიებმა მხარდაჭერა სწორედ იმის მიხედვით გადაინაწილეს, რამდენადაც თავი აარიდეს ღია პრორუსულ აგიტაციას: აღორძინებამ სამი მანდატი მიიღო, ერთობამ - ორი, სოციალისტურმა პარტიამ - არც ერთი. რუსეთთან მეგობრობის მოწოდება საკმაოდ წამგებიანი აღმოჩნდა ამომრჩევლის მისაზიდად. ამის მიზეზად, შესაძლოა, საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერესი მივიჩნიოთ. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც საკუთარი ხელისუფლების მხრიდან თავს აბსოლუტურად დაუცველად გრძნობს, თავისი სიმპათიის ვექტორს იქით მიმართავს, საითაც ძალას და დაცულობის გარანტიას ხედავს. გასული წლის შემოდგომაზე ეს ვექტორი, აშკარად, რუსეთისკენ იხრებოდა; მიმდინარე წლის ზაფხულში კი - დასავლეთისკენ. პრორუსულმა პოზიციამ ამჯერად საკმაოდ ცუდი სამსახური გაუწია ქართულ პოლიტიკურ პარტიებს.
XS
SM
MD
LG