Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 441-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა გეპატიჟებით “მეათე სტუდიაში”. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 441-ე გამოშვებაში გესაუბრებით მოქალაქეთა კავშირის “მეორედ მოსვლაზე”; შევეხებით თამბაქოს მოხმარებით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვის თემას: ვიმსჯელებთ ამ დღეებისთვის მეტად აქტუალურ საკითხზე: ფეხბურთი და შეთქმულებების თეორია; და შემოგთავაზებთ ინტერვიუს ოპერის ახალგაზრდა მომღერალთან ნანა ქავთარაშვილთან, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინათ პრაღის ეროვნულ თეატრში ბრწინვალედ შეასრულა ლედი მაკბეტის პარტია ვერდის ოპერა “მაკბეტში”. “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

მოქალაქეთა კავშირის “მეორედ მოსვლა”

დავით კაკაბაძე:
29 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ერთ დროს მმართველ პარტიად წოდებული მოქალაქეთა კავშირის ყრილობა გაიმართება. ყრილობის დევიზი – “დაპირისპირებიდან გაერთიანებისკენ” – მოწმობს, რომ მოქალაქეთა კავშირი საკუთარ რიგებში სიმშვიდის დამყარებასთან ერთად, არც ახალი მოკავშირეების შეძენაზე იტყოდა უარს. ყოველ შემთხვევაში, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს. რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქეთა კავშირის რეორგანიზაციის შედეგი? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თამარ ჩიქოვანი შეეცდება.

თამარ ჩიქოვანი:
საინტერესო დამთხვევაა: 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, მოქალაქეთა კავშირს ათი წელი შეუსრულდება. როგორც გახსოვთ, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ბობოქარ 1993 წელს შეიქმნა და მისი დაფუძნების ინიციატორები იყვნენ ორგანიზაცია “ერთობა და კეთილდღეობა”, მწვანეთა მოძრაობა და საზოგადოება “თბილისელი”. ეს ორგანიზაციები თუ კერძო პირები შემოიკრიბნენ ერთი კონკრეტული პირის – სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ირგვლივ, რომელსაც მაშინ არაჩვეულებრივად ჭრელ პარლამენტში პოლიტიკური დასაყრდენი ესაჭიროებოდა. დღეს პრეზიდენტი შევარდნაძე ასე აფასებს მოქალაქეთა კავშირის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში.

(იხ. აუდიოვერსია)

ბოლო პერიოდამდე, პარტიის ნაკლოვანებებზე, როგორც წესი, მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის ოპონენტები საუბრობდნენ. უნდა ითქვას, რომ მოქალაქეთა კავშირის შექმნის დღიდან, ოპოზიციური პარტიები ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ ორგანიზაციის პოლიტიკურ პერსპექტივას და მას კიდევ ერთი მმართველი გაერთიანების – საარჩევნო გაერთიანება “მრგვალი მაგიდის” ბედს უწინასწარმეტყველებდნენ. პარტიის რეორგანიზაციის აუცილებლობაზე მოქალაქეთა კავშირის აწ უკვე ყოფილი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაახლოებით სამი წლის წინათ ალაპარაკდნენ. ჯერ პარტიის კულუარებში, შემდეგ – უკვე საჯაროდ. ბევრი ელოდა, რომ შარშან, ნოემბერში, პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის ფავორიტს, ზურაბ ჟვანიას შორის მომხდარი განხეთქილების შემდეგ, დეკემბერში გამართულ მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე გაირკვეოდა, თუ რა გეზი ექნებოდა პარტიას, დარჩებოდა იგი პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალად თუ ოპოზიციად იქცეოდა. ზურაბ ჟვანია არ მალავდა, რომ მას პარტიის უღირსი წევრებისგან გაწმენდის იმედი ჰქონდა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “მთავარია, რომ ამ ყრილობაზე პარტია განიწმინდოს. არ უნდა დარჩეს ის ხალხი, ვისაც უკავშირდება კორუფცია, არ უნდა დარჩეს ის ხალხი, ვინც ჩრდილს აყენებდა მოქალაქეთა კავშირს. და მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს განახლებული, რეფორმებზე ორიენტირებული, შეკრული პოლიტიკური ორგანიზაცია.”

ეს იმედი უსაფუძვლო აღმოჩნდა. ზურაბ ჟვანია და მოქალაქეთა კავშირიდან წასული მისი თანამოაზრეები დღეს ახალი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლები არიან. “დედა-პარტია” კი ფენიქსივით ფერფლიდან აღდგენისთვის ემზადება.
საინტერესოა, რომ სახეების შექმნის პოლიტიკის თვალსაზრისით ამჯერადაც იგძრნობა პრეზიდენტის გამოცდილი ხელი. 1993 წელს, როცა მოქალაქეთა კავშირი იქმნებოდა, ედუარდ შევარდნაძემ თავის დასაყრდენ ძალად ის ახალგაზრდები აქცია, ვისაც არც კომუნისტურ-ნომენკლატურული წარსული ჰქონია და არც საეჭვო ფინანსურ მაქინაციებში ყოფილა შემჩნეული. ახლაც, პარტიის ყრილობის წინ გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, პარტია ისევ ახალ ძალებზე აკეთებს აქცენტს. ნახევრად დაშლილ მოქალაქეთა კავშირში წევრიანდებიან აღმასრულებელი ხელისუფლების ის ახალგაზრდა წარმომადგენლები, ვინც საზოგადოებაში მეტ-ნაკლები ნდობით სარგებლობს. პარტიაში უკვე გაწევრიანდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე და ვაჭრობის, ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე. მოარული ხმებით, უახლოეს დღეებში მოქალაქეთა კავშირის რიგებში ვიხილავთ ფინანსთა მინისტრს, წარსულში ანტიკორუფციული საბჭოს მდივან მირიან გოგიაშვილს.

პარტიის ყრილობაზე შეიცვლება პარტიის რიგითი წევრის, ედუარდ შევარდნაძის სტატუსიც. როგორც ირკვევა, ყრილობაზე მისული 1600 დელეგატი მას პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩევს. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, როგორც ცნობილია, ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატია – სახლემწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორნებაძე. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ არჩევანს აპტოტესტებს, ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანია, რომელმაც სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ასეთი ამბავი გაიხსენა შორეული წარსულიდან, როცა ჭიდაობაში ერთმანეთს ქართველი და რუსი სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ:

(იხ. აუდიოვერსია)

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

თამბაქოს მოხმარებით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვა

დავით კაკაბაძე:
“თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში” აქტიური ბრძოლის დაწყებას აპირებს თამბაქოს მოხმარებით დაზარალებულ პირთა უფლებების დასაცავად. ალიანსის კოორდინატორმა გიორგი ბახტურიძემ სამი თვე დაჰყო შეერთებულ შტატებში, სადაც შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები მიიღო ადვოკატებისგან, იურიდიული ფირმებისგან.
აღნიშულ საკითხს მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც ამ ორიოდე დღის წინათ თბილისში, “თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრში” გაიმართა. პრესკონფერენციას ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი კაკაბაძეც დაესწრო.

გიორგი კაკაბაძე:
თამბაქოს მოხმარებით დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები, ძირითადად, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობითაა განსაზღვრული და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისა და, შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს. ზარალის ოდენობა კი თითოეული კონკრეტული შემთხვევით განისაზღვრება. გიორგი ბახტურიძის თქმით, [გიორგი ბახტურიძის ხმა] “პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ალიანსი სთავაზობს ამ პირებს შესაბამის სამართლებრივ-იურიდიულ მხარდაჭერას. ეს შეიძლება იყოს ფულადი ან მორალური კომპენსაცია, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე მხარედ შეიძლება წარმოდგნენ გარდაცვლილის მემკვიდრეები.”

მოპასუხე მხარედ კი განისაზღვრება ის ორგანიზაცია, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაზარალებულის მიერ მოხმარებულ პროდუქციას აწარმოებდა ან ავრცელებდა. პრესკონფერენციაზე გიორგი ბახტურიძემ განმარტა: [გიორგი ბახტურიძის ხმა] “ძირითადად, რა იგულისხმება ამაში. როდესაც ვიღაცის მარკით ვრცელდება ესა თუ ის პროდუქცია, ჩემთვის ეს ინტერესს არ წარმოადგენს, რადგან მე ვარ ჩვეულებრივი მომხმარებელი. მე ვიცი, რომ, მაგალითად, “ვაისროი” არის ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის თამბაქოს ნაწარმი. კეთდება “ვაისროის” რეკლამა, რის გამოც ვირჩევ ამ სიგარეტს. აი, აქედან გამომდინარე, ხდება პრეტენზიების წამოყენება.”

თუ თამბაქოს მწარმოებლის დადგენა გაძნელებულია, მაშინ პასუხისმგებლობა დაეკისრება სადისტრიბუციო კომპანიას, ხოლო მტკიცებულებების მოპოვება სასამართლო გზით განხორციელდება. დაზარალებული პირების ადვოკატთა მომსახურების თანხები ანაზღაურდება სასამართლოს მიერ, კომპენსაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც გიორგი ბახტურიძე ამბობს: [გიორგი ბახტურიძის ხმა] “ სასამართლო ეყრდნობა სამედიცინო-საექსპერტო დასკვნებს. იგივე იმ ექიმების და სამედიცინო პერსონალის დასკვნებს, ვისი პაციენტიც იყო ესა თუ ის პირი. ძირითადად, ეს გულისხმობს ონკოლოგიურ დაავადებებს, მომდევნო ეტაპი კი იქნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, რისი აშკარა გამომწვევი მიზეზი იყო თამბაქოს მოხმარება.” [სტილი დაცულია]

თამბაქოს კონტროლის ალიანსის კოორდინატორი აღნიშნავს, რომ, საზოგადოდ, ალიანსის პოლიტიკა მიზნად ისახავს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც არაპოპულარულს გახდის თამბაქოს მოხმარებას საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი – მოზარდ თაობაში. გარდა ამისა, ალიანსის მიერ ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი კეთდება თამბაქოს კვამლისაგან არამწეველთა დაცვაზე. შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, დახურული ტიპის შენობებში, განსაკუთრებით კი – საგანმანათლებლო და სამედიცინო ტიპის დაწესებულებებში, თამბაქოს მოხმარება უნდა აიკრძალოს.

პრესკონფერენიაზე ითქვა, რომ პირველი ივლისიდან “თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი” იწყებს აქციას, სახელწოდებით “გადააგდე სიგარეტი და მოიგე 5000 ლარი”. ეს არის თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის სამედიცინო დახმარების წამახალისებელი აქცია, რომელშიც მხოლოდ ათასი მწეველი მიიღებს მონაწილეობას. ამისათვის საჭიროა თამბაქოს მომხმარებელმა მიმართოს “თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრს”, სადაც მას თამბაქოს წევის გადაჩვევის მიზნით სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუეწევენ. აქციის შედეგად მიღებული შემოსავლები მთლიანად მოხმარდება “არასრულწლოვანებში თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკური პროგრამის” დანერგვას და ქრონიკული ნიკოტინიზმისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მძლავრი სამკურნალო-პროფილაქტიკური ბაზის შექმნას.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.


ფეხბურთი და შეთქმულების თეორია

დავით კაკაბაძე:
ახლა ისეთ სფეროზე გვინდა გესაუბროთ, რომლისთვისაც თამბაქო სრულიად შეუფერებელი პროდუქტი გახლავთ. ეს სფეროა სპორტი, კერძოდ, ფეხბურთი. ორიოდე დღეც და დასრულდება მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი, რომელიც იაპონიისა და სამხრეთი კორეის დიდებულ სტადიონებზე მიმდინარეობს. სტადიონები მართლაც დიდებულია, მაგრამ თვით თამაშისა თუ მსაჯობის ხარისხის გამო ბევრი სპეციალისტი უკმაყოფილებას გამოთქვამს; უკმაყოფილო არიან იმ ქვეყნების ქომაგებიც, რომელთა გუნდები შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშნენ... მაგრამ დღეს ამ დისკუსიაში ჩაბმას არ ვაპირებთ. გვინდა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ საკითხზე: რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ფეხბურთსა და კონსპირაციას? დავინახოთ კონკრეტული გუნდის წარმატებაში ფართო საზოგადოებისათვის უცნობი და გასაიდუმლოებული ფაქტორები, თუ მივაწეროთ ეს წარმატება გუნდის ოსტატობას, შეუპოვრობას და იღბალს? რა მართავს გუნდს და რა განსაზღვრავს შედეგს: მწვრთნელის ნება და ფეხბურთელთა უნარები თუ ყოვლისშემძლე საფეხბურთო ტოტალიზატორები, რომლებიც პირდაპირ უკვეთენ ამა თუ იმ ანგარიშს. როგორ უყურებენ ყოველივე ამას საქართველოში? დავით პაიჭაძეს მოუსმინეთ.

დავით პაიჭაძე:
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დასასრულს მიუახლოვდა და, შეიძლება ითქვას, რომ ამდენ მოულოდნელ შედეგს კორეასა და იაპონიაში არავინ ელოდა; მოულოდნელობანი დაიწყო პირველივე მატჩით და დასრულდა წყვილით, რომელიც მესამე ადგილისათვის ითამაშებს. სენეგალის, თურქეთის, კორეის, ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ იაპონიის ნაკრებთა წარმატებამ და, პირიქით, არგენტინის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და იტალიის მარცხმა გაცხოველებული მსჯელობა გამოიწვია ამ მოვლენათა მიზეზების შესახებ. სავსებით რაციონალურ და, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო ნივთმტკიცებებით გამაგრებულ ახსნას ერთვის ხოლმე ასევე რაციონალური, მაგრამ კონკრეტულ მტკიცებულებათა გარეშე გამოთქმული განმარტებები.

მე ვთხოვე სპორტულ ჟურნალისტ ზურაბ პეტრიაშვილს, გაეკეთებინა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისათვის. ზურაბ პეტრიაშვილი იზიარებს უკვე აღიარებულ მოსაზრებას, რომ წინასწარ ფავორიტად მიჩნეული არაერთი ნაკრების ფეხბურთელები, მომქანცველი სეზონის შედეგად, ილაჯგაცლილნი ჩავიდნენ აზიაში, და დასძენს, რომ ფეხბურთს თამაშობენ არა სახელები, არამედ ამ კონკრეტული პერიოდისთვის უკეთ მომზადებული გუნდები და საფეხბურთო “ჰომო ნოვუსების” წარმატებაში მოულოდნელი არაფერია. თუმცა, ზურაბ პეტრიაშვილის აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იყო რამდენიმე საეჭვო თამაში [ზურაბ პეტრიაშვილის ხმა]: “ძალიან საეჭვო თამაში იყო იტალია-მექსიკა. აქ, ჩემი აზრით, ჩარეული იყო სხვა ძალებიც; ბოლო დროს ტერმინიც შემოვიდა – ცოტა ტოტალიზატორის თამაშს ჰგავდა. ასევე, ხორვატია-ეკვადორი. იყო ყბადაღებული თამაში სლოვენია-პარაგვაი. პარაგვაის სჭირდებოდა ორი ბურთით მოგება და, თუ სამხრეთი აფრიკა წააგებდა ესპანეთთან, პარაგვაი გადიოდა მერვედფინალში. იმ დღეს ზუსტად ეს მოხდა, როგორც დაგეგმილი. პარაგვაელები ათნი იყვნენ მოედანზე და 0:1-ს აგებდნენ. მათ მოახერხეს ორბურთიანი სხვაობით თამაშის მოგება, რაც ძალიან საეჭვო იყო. თუ ამას დავუმატებთ, რომ ესპანეთი დიდი მონდომებით თამაშობდა სამხრეთ აფრიკასთან მოსაგებად, გაჩნდება ეჭვი, რომ საქმე გარკვეულ გარიგებასთან გვქონდა: ამ სამმა გუნდმა თითქოს მოილაპარაკა კონკრეტულ შედეგზე. განსაკუთრებით დაამახსოვრდა ხალხს ბრაზილია-კოსტა-რიკას მატჩი. ორივე გუნდი, თითქოს, წინასწარ მოფიქრებული სცენარით თამაშობდა; თითქოს, ორივე გუნდს ფრე აწყობდა, მაგრამ ეს ფრე ძალინ საეჭვოდ გამოირიცხა. არადა, ასე არ ხდება ხოლმე. თუ ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვებდა ბრაზილია და თურქეთი ორზე მეტი ბურთით ვერ მოუგებდა ჩინეთს, მერვედფინალში გადიოდნენ ბრაზილია და კოსტა-რიკა; ფრეზე კი უპირობოდ გადიოდნენ ბრაზილია და კოსტა-რიკა. ამ დროს ფრე არ მოხდა, რაც ძალიან გასაკვირია. დარწმუნებული ვარ, ამ დროს მთელი მსოფლიოს ტოტალიზატორებში ფული სწორედ ფრეზე შედიოდა”.

შედეგთა მსგავსი განმარტების შემთხვევა მიამბო მწერალმა აკა მორჩილაძემ, რომელიც, თავისი ნამდვილი გვარით და სახელით (გიორგი ახვლედიანი) სპორტულ ჟურნალისტიკაშიც მუშაობს [გიორგი ახვლედიანის ხმა]: “ჩემპიონატის პირველ დღეს მოვდიოდი სამსახურიდან და ფრანგებმა წააგეს სენეგალთან. ხელში გაზეთი მეჭირა. “მარშრუტკაში” რომ ჩავჯექი, მე და მძღოლი მარტო ვიყავით. მერე ვაკის პარკთან ამოვიდა ვიღაც. მძღოლმა გაზეთის გამო უფრო თქვა, როგორ წააგეს ფრანგებმაო. მე ვუთხარი, აბა, როგორ წააგეს-მეთქი. უკან ვინც იჯდა, იმან თქვა: ჰო, რა, ტოტალიზატორზე თამაშობენ. ჰოდა, მძღოლმაც დაურთო: აბა რა, ოთხი წლის წინათ ბრაზილიამ ეგრე მისცა მაგათ და ცხოვრება მოიწყვეს. მთელი მსოფლიო არ ჰგავს საქართველოს, რა...”

თვითონ გიორგი ახვლედიანი არ იზიარებს თეზას ფეხბურთზე ტოტალიზატორთა გავლენის შესახებ. თუ დიდ ფეხბურთში ვინმე ტოტალიზატორზე თამაშს ცდილობს, ეს არ იმალება და ყოველთვის სკანდალი, გამოძიება და დისკვალიფიკაცია მოჰყვება. ამიტომაც [გიორგი ახვლედიანის ხმა]: “უცნაურია ხოლმე, ქართულ გაზეთში რომ წერია: “უილიამ ჰილის” უფროსობა ზის ეხლა, იცინის და ხელებს იფშვნეტს – როგორ მოაგვარა მსოფლიო ჩემპიონატზე საქმეები. ეს არის ზღაპარი, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ეს სჯერა, შენ ვერ გადაარწმუნებ. იმიტომ, რომ გარემოც ეგეთია. მოგეხსენება, საქართველო კორუფციის ამბავში როგორი ქვეყანაა. ჩვენთან ხომ ყველაფერს სპექტაკლს ეძახიან. შეხედავენ პარლამენტს იშვიათად და იტყვიან: ეს არის სპექტაკლი, თქვენ ამას დგამთ, წინდაწინ არის ყველაფერი გამოთვლილი, ის არი, ეს არი... ფეხბურთი ის თამაში არ არის, რომელიც მარტო საიმისოდ არსებობს, რომ ვიღაცამ ფული მოიგოს ან წააგოს. მაშინ ფეხბურთს არც უნდა უყურო, თუ გგონია, რომ ყველაფერი ჩაწყობილია.”

კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ გუნდები ტოტალიზატორებს წილში არ უსხედან და მატჩს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგით მაღალი ფსონების გამო არ ამთავრებენ, გიორგი ახვლედიანისთვის ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს ჯერ ფეხბურთის არც ერთ გრანდთან თამაში არ მოუგია. რატომ არ დასჭირდა ერთხელ მაინც რომელიმე ტოტალიზატორს ჩვენი გამარჯვება ინგლისის, გერმანიის ან იტალიის ნაკრებებთან?

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ ნანა ქავთარაშვილთან

დავით კაკაბაძე:
26 ივნისს პრაღაში მცხოვრებმა ქართველებმა ჩვენი თანამემამულის წარმატებით გავიხარეთ: ჩეხეთის ეროვნული თეატრის სცენაზე, ვერდის ოპერა “მაკბეტში”, დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ მომღერალს ნანა ქავთარაშვილს, რომელმაც საუცხოოდ შეასრულა ლედი მაკბეტის პარტია და, ჩვეულებრივ, ნაკლებ ემოციური ჩეხი მაყურებლის ოვაციები დაიმსახურა. ნანა ქავთარაშვილს ოპერის ქართველი მოყვარულები ნაკლებად იცნობენ, რადგან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა იტალიის ქალაქ ბუსეტოში, აკადემია ვერდიანაში განაგრძო. იქ მისი პედაგოგი გახლდათ სახელგანთქმული ტენორი კარლო ბერგონცი, რომელიც შემდეგ არანაკლებ სახელმოხვეჭილმა სოპრანომ, მილანის “ლა სკალასა” და ნიუ იორკის “მეტროპოლიტენ ოპერას” სოლისტმა, რენატა სკოტომ შეცვალა. შარშან ნანამ დიდი წარმატებით მიიღო მონაწილეობა პარმაში გამართულ ვერდის ფესტივალში, სადაც ცნობილი რუსი რეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის დადგმულ “ბალ-მასკარადში” ამელიას პარტია შეასრულა (იმ სპექტაკლს ვალერი გერგიევმა უდირიჟორა). თუმცა, უმჯობესია, თვით ნანა ქავთარაშვილს მოვუსმინოთ. ინტერვიუში, რომელიც ჩვენს სტუმარს რადიო “თავისუფლების” პრაღის სტუდიაში მარიამ ჭიაურელმა ჩამოართვა, პირველი შეკითხვა ჩეხი მაყურებლის ცნობილ “სიცივეს” ეხებოდა.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს მომავალში ნანა ქავთარაშვილს მის სამშობლოშიც გაიცნობენ. ახალგაზრდა ქართველ მომღერალს მარიამ ჭიაურელი ესაუბრებოდა. მასთან ერთად ”მეათე სტუდია” რადიოჟურნალის წამყვანმა, დავით კაკაბაძემ მოამზადა. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG