Accessibility links

1 ივლისს ჰააგაში მუშაობას დაიწყებს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 1 ივლისს ჰააგაში ოფიციალურად გაიხსნება სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი. ამიერიდან ომის დამნაშავეებმა და კაცობრიობის წინააღმდეგ ბოროტმოქმედების ჩამდენებმა უნდა იცოდნენ,

რომ მომავალში მათ მსოფლიოს პირველ საერთაშორისო სამსჯავროში მოსთხოვენ პასუხს.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გერმანელი და იაპონელი ომის დამნაშავეები ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალებში გაასამართლეს. მაშინ ამას, არცთუ დადებითი გაგებით, ზოგმა “გამარჯვებულთა მართლმსაჯულება” უწოდა. მაგრამ გავიდა 50 წელზე მეტი და ცხადი გახდა, რომ ეს იყო პრეცედენტი – ყველაზე ფართო საერთაშორისო სამართლებლივი ექსპერიმენტი.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა ამნესტი ინტერნეიშენელმა ერთ-ერმა პირველმა წამოაყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების წინადადება 1992-93 წლებში.

თუმცა, ეს იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში 1872 წელს გაჩნდა. მისი ავტორი იყო გუსტავ მოინიე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მაშინ საერთშორიო იურისტებმა ჩათვალეს რომ ამ იდეის განხორციელება შეუძლებელია.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ გადაწყვიტა, მაგრამ ვერ მოახერხა სისხლის სამართლის მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მცდელობებს გაეროს ეგიდით დაარსებულიყო ამგვარი სასამართლო, ცივმა ომმა შეუშალა ხელი. შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი – ორივეს ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება – ვერ მორიგდნენ ამის თაობაზე.

1990-იანი წლების ბალკანეთის ომების დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში. შეერთებული შტატების ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭომ დააარსა ტრიბუნალი ყოფილ იუგოსლავიაში ომის დანაშაულის ჩამდენთა გასამართლებისთვის. უშიშროების საბჭომ დააარსა, აგრეთვე, სპეციფიკური და დროებითი ტრიბუნალი უგანდაში გენოციდის მომწყობთა დასასჯელად.

1998 წლის 15 ივნისს 160 ქვეყნის დიპლომატები შეიკრიბნენ რომში კონფერნციაზე სისხლის სამართლის საერთაშორის ტრიბუნალის დასაარსებლად. კონფერენცია თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მასზე 100-ზე მეტი დეტალი გაარჩიეს და საბოლოო ჯამში მოიწონეს კომპრომისული წესდება.

შეერთებული შტატები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა ამ სასამართლოს. ბილ კლინტონმა, შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მაგრამ არ გადასცა კონგრესს რატიფიკაციისთვის. მხოლოდ რატიფიკაციის შემდეგ იღებს ქვეყანა ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულების პირობები. მაისში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გადის.

ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად 60 ქვეყნის რატიფიკაციაა საჭირო და მაისისთვის ეს 71-მა ქვეყანამ გააკეთა. მათ შორის ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ, ბოსნიამ, ყოფილმა იუგოსლავიამ, ესტონეთმა, ტაჯიკეთმა.

ამასობაში ბუშის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებიდან, თუ აშშ-ის მოქალაქეებს არ გამორიცხავენ სისიხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის იურისდიქციიდან.

ხუთშაბათს, 27 ივნისს გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება ვეტო დაადოს ბოსნიაში გაეროს მისიის გარძელებას, თუ მის მშვიდობის დამცველებს არ მიეცემათ იმუნიტეტი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

აპრილში შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა პატრიშია მაკნერნიმ ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, რომ ვაშინგტონს არ მოსწონს, რომ სასამართლოს მეტისმეტად ფართო უფლებამოსილება ეძლევა; არსებობს მისი პოლიტიზების სართხე. აქამდე საერთაშორისო ტრიბუნალები იყო სპეციფიკური, შექმნილი კონკრეტული, უშიშროების საბჭოს მიერ არჩეული საქმეების გასარჩევად. ახლა კი სასამართლოში თავმოყრილი არიან პირები, რომლებიც თვით წყვეტენ ვინ, როდის და სად გაასამართლონო.

შეერთებული შტატები ჩივის, რომ უშიშროების საბჭოს არა აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე კონტროლის საკმარისი ბერკეტები, ხოლო არაბული ქვეყნების აზრით, პირიქით, უშიშროების საბჭოს, რომელშიც შეერთებულ შტატებს ვეტოს უფლება აქვს, ტრიბუნალის მუშაობაზე მეტისმეტად დიდი კონტროლი ეძლევა. 13 არაბული ქვეყნიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ხელშეკრულებას, დოკუმენტს რატიფიკაცია მხოლოდ იორდანიამ გაუკეთა.
XS
SM
MD
LG