Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სწავლება - სამხედრო თამაშები ჯარისთვის და სერიოზული გაკვეთილი პოლიტიკოსებისთვის


28 ივნისს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაიხურა ნატოს მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლება "კოოფერეითივ ბესთ ეფორტ 2002",

რომელშიც 15 სახელმწიფოს 400-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი ღებულობდა მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ "ბესთ ეფორტი" კარგად დადგმულ სამხედრო თამაშებს უფრო წააგავდა, იგი, მართლაც, საუკეთესო ძალისხმევა აღმოჩნდა, რათა ვირტუალური სამშვიდობო მისიით იმ ქვეყნების ჯარისკაცებიც შეეკავშირებინა, რომლებიც რეალობაში ერთმანეთთან იშვიათად პოულობენ საერთო ენას.

სულ ცოტაც და, ისტორიის კუთვნილება გახდება საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღის განმავლობაში მიმდინარე ნატოს მრავალეროვნული სამშვიდობო სწავლება. 28 ივნისს ვაზიანში საზეიმო ვითარებაში დაეშვა ნატოსა და 15 სახელმწიფოს დროშები, დაიშალა და სპეციალურ კონტეინერებში ჩაიტვირთა საველე ბანაკი, სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო იარაღი, რომელიც სწავლების განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმართულებით - წარმოსახული მოწინააღმდეგისკენ ისროდა.

ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება, სანამ ნატოს სამხედრო ექსპერტები ყველა პარამეტრის მიხედვით შეაფასებენ სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფების მოქმედებას, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება, უთუოდ, დღესვე შეიძლება.

ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამა, რომელსაც სულ მალე ათი წელი შეუსრულდება, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ისეთ ქვეყნებსაც კი აძლევს უნიკალური სამხედრო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, რომლებსაც, პოლიტიკური თუ ტერიტორიული პრეტენზიების გამო, ერთმანეთთან პირდაპირი სამხედრო კავშირები არ გააჩნიათ. ძალიან საინტერესოა, როდესაც სომეხი და აზერბაიჯანელი ან, ვთქვათ, თურქი და ბერძენი სამხედროები მშვიდობის დამცველების როლში გვევლინებიან ისეთ წარმოსახულ კონფლიქტში, რომელიც ძალზე წააგავს მათ სახელმწიფოებს შორის რეალურად არსებულს.

"ბესთ ეფორტ 2000”-იც ხომ მხოლოდ იმისთვის იქნა ჩაფიქრებული, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს სამშვიდობო საბრძოლო ნათლობა მიეღოთ და, რეალურთან მიახლოებულ ვითარებაში, თანამშრომლობა, მოკონფლიქტე მხარეების დაშორიშორება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ესწავლათ. მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს გამოცდილება. როგორც ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი, გენერალი ოქტარ ატამანი ამბობს, ყველა ქვეყანა, რომელიც ამგვარ სამხედრო გამოცდილებას მიიღებს, შემდგომში თავად გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს ეს სამშვიდობო კონტინგენტი.

[ოქტარ ატამანის ხმა] "პირველ რიგში, ასეთი სწავლება ერთმანეთთან დაახლოებისა და ერთმანეთის სამხედრო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. საერთაშორისო წვრთნა სამხედროების ნატოს სტანდარტებთან და პროცედურებთან დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ხოლო მათი ეს უნარი და გამოცდილება, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც სამშვიდობო საქმიანობისას, ისე ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესასრულებლად."

მიუხედავად იმისა, რომ "ბესტ ეფორტი", საქართველოს მასშტაბებითაც კი, მცირე ღონისძიება გახლდათ, მის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა. ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოში უყვართ ლეგენდები, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც სწავლების სცენარით იყო წარმოდგენილი. შიდა კონფლიქტით დაუძლურებულ სახელმწიფოს, რომელსაც აღარ შერჩა რესურსი, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ძალადობას, ტერაქტებს და ტერიტორიის რღვევას, მხსნელად მრავალეროვნული კონტინგენტი ევლინება. ცისფერჩაფხუტიანები ქმნიან სამშვიდობო პლაცდარმს, ქმნიან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ეწევიან პატრულირებას, ეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას, ებრძვიან კრიმინალურ დაჯგუფებებს და პროცესი სამშვიდობო კალაპოტში გადაჰყავთ. და აი, ეს ლეგენდა, სახელწოდებით "ბესთ ეფორტ 2002", რომლის სრულ ანტიპოდსაც აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია წარმოადგენს, საქართველოში დამთავრდა. ამიტომაც სრულიად არ არის გასაკვირი, რომ სწავლების საზეიმო დახურვის ცერემონიას ერთგვარი სევდაც ახლდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG