Accessibility links

logo-print

ქართველი სამართალდამცავები ძველ ტრადიციებს არ ღალატობენ


დავით პაიჭაძე, თბილისი მომდევნო სიუჟეტში ორ ფაქტზე მოგითხრობთ. 28 ივნისს თსუ სტუდენტმა ვახტანგ გოძიაშვილმა, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრობის რეალური კანდიდატია "ნაციონალური მოძრაობიდან",

და გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" ჟურნალისტმა თამარ მოლაშვილმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, პრეს-კონფერენციები გამართეს. ვახტანგ გოძიაშვილმა თავის სახლში პროკურატურისა და პოლიციის წამომადგენელთა ვიზიტის შესახებ მოუთხრო ჟურნალისტებს, ხოლო თამარ მოლაშვილი მოჰყვა თავის ბინაში ერთი სახიფათო სტუმრობის ამბავს, რასაც მეორე დღეს სატელეფონო მუქარაც დაერთო.

ვახტანგ გოძიაშვილს სახლში ხუთშაბათს, დღის 11 საათზე, მიადგნენ. პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებს ხელთ ჩხრეკის სანქცია ჰქონდათ. გოძიაშვილის თქმით, სამართალდამცავები ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, რაც მას არასოდეს არც ჰქონია და არც შეუნახავს. მაძებართა ვიზიტი გამოწვეული იყო 2001 წლის დეკემბერში ჩადენილი ერთი დანაშაულით, რის შედეგადაც დაზარალდა ვახტანგ გოძიაშვილის ახლობელი - დანელიშვილი. ის დაიჭრა. გოძიაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა არც ამ ექვსი თვის წინ. ეს დრო ისე გავიდა, რომ დანელიშვილის დაჭრის საქმეზე გოძიაშვილი ერთხელაც არ დაუკითხავთ, რადგან იქ არანაირად არ ფიგურირებდა. ის მოწმედაც არ უცვნიათ ძიების პროცესში და მოულოდნელად სახლში ჩხრეკის ორდერით მიადგნენ. სამი თვის წინ თავდასხმა მოხდა თვითონ ვახტანგ გოძიაშვილზე - ესროლეს მის მანქანას, მაგრამ ტყვიამ მძღოლამდე ვერ მიაღწია. იმხანად საქმე აღიძრა, მაგრამ ერთი ნაბიჯითაც არ წასულა წინ. გოძიაშვილი თავდასხმის ღამეს დაკითხეს, მანქანის ექსპერტიზა ჩაატარეს და საქმეც აქ გაჩერდა. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სამი თვის წინანდელი თავდასხმაც და სამძებრო ორგანოთა ახლანდელი, სრულიად ულოგიკო, ვიზიტი მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება და მიზნად დაშინებას ისახავს. ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, ამბობს გოძიაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ პოლიციელებიცა და პროკურატურის თანამშრომლებიც კორექტულად იქცეოდნენ.

თამარ მოლაშვილმა, ასევე, ხუთშაბათს “ჯორჯიან თაიმსში” გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი მთავარი სამხედრო პროკურორის გია ჯიქიას შესახებ. სტატიის ბოლოს ავტორი წერდა, რომ სამომავლოდ შეეცდება სრულად დააკმაყოფილოს მკითხველის ინტერესი, თუ რას წარმოადგენდა და წარმოადგენს სამხედრო პროკურატურა – სახელმწიფო უწყება, რომლის საქმიანობის მართლზომიერება საზოგადოებაში საფუძვლიან ეჭვს იწვევს. იმავე საღამოს შინ მისულ თამარ მოლაშვილს ბინის კარის მთავარი საკეტი გატეხილი დახვდა, ხოლო სხვა საკეტები - ნაწვალები და დაზიანებული. თვითონ ბინაში არავინ შეჭრილა. მოლაშვილმა პოლიციას დაურეკა. საქმე აღიძრა, გატეხილი საკეტი ექსპერტიზაზე წაიღეს. მოლაშვილის მეზობელმა დაინახა პიროვნება, რომელიც დაზიანებულ კარს მოშორდა. ჟურნალისტმა იფიქრა, რომ ეს იყო ქურდობის მცდელობა. პარასკევს მას სახლში უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და დაემუქრა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა, თუ სამხედრო პროკურატურის თემაზე მუშაობას გააგრძელებდა, და თან მუქარას გინებაც მიაყოლა. ამის შემდეგ მოლაშვილის ბინაში და მობილურ ტელეფონზე რამდენიმე ზარი გაისმა, ოღონდ ჟურნალისტს ამჯერად ხმას არავინ სცემდა. თამარ მოლაშვილი ამ ორ ფაქტს – კარის გატეხის მცდელობას და სატელეფონო მუქარას ერთსა და იმავე უწყებას – სამხედრო პროკურატურას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG