Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბი” საქართველოში კორუფციის გავრცელების მასშტაბების შესახებ


საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბი” უკვე მეორედ აქვეყნებს მონაცემებს საქართველოში კორუფციის მასშტაბების შესახებ.

ამ მონაცემების თანახმად, კორუფციის არსებობისა და გავრცელების თვალსაზრისით, საქართველოში დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ერთი წლის წინ იყო. მანუგეშებელი მხოლოდ ის არის, რომ მოსახლეობას მაინც აქვს შერჩენილი ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორების იმედი. “გორბის” მონაცემები საინტერესოა. მათ მიხედვით, საქართველოს ამ იმედიანი მოსახლეობისთვის გარიგებებითა და ფულის გადახდით საქმეების მოგვარება ცხოვრების წესია.


“კორუფციის ინდექსის” დასადგენად 1000 რესპონდენტი გამოიკითხა და ასეთი სურათი დაიხატა: უმუშევრობა, სიღარიბე და კორუფცია საქართველოში ნომერ პირველ პრობლემებად რჩება. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოა, იმავდროულად, აღიარებს კორუფციაში გარევას, კორუფციის ხელშეწყობას და იტოვებს იმედს, რომ კორუფციის შეზღუდვა მოხერხდება და ამით ქვეყანაში არსებული ვითარებაც უკეთესობისკენ შეიცვლება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობა გაორებულია. ის, ერთდროულად, კორუფციის ხელშემწყობიც არის და კორუფციის შეზღუდვის მოსურნეც. ამ სურვილზე გადაჯაჭვული უკეთესი მომავლის იმედი ყველაზე მეტად ახალგაზრდებში შეიმჩნევა. საზოგადოებრივი აზრის კვლევით გამოკვეთილი ერთადერთი დადებითი ტენდენციაც სწორედ მოსახლეობაში არსებული ოპტიმისტური განწყობილებაა. სხვა მხრივ, როგორც საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია “გორბის” დირექტორი მერაბ ფაჩულია აღნიშნავს:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] “ სიტუაცია, შარშანდელთან შედარებით, არ შეცვლილა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, არა მგონია, გაისისთვის მაინც შეიცვალოს რამე. უბრალოდ, ამაზე უარესი ძნელი წარმოსადგენია. “

“კორუფციის ინდექსის” დასადგენად საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, საქართველოს პარალელურად, ევროპის ქვეყნებშიც მოხდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საკანონმდებლო განვითარების ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც “გორბი” 2001 წლიდან საკუთარი სურვილით შეუერთდა. სხვა ქვეყნებში, კერძოდ: ალბანეთში, ბოსნიაში, ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, მაკედონიაში, რუმინეთში, ხორვატიაში, სერბეთში, ჩერნოგორიასა და საქართველოში ჩატარებული წლევანდელი გამოკვლევებით, კორუფციის მასშტაბების თვალსაზრისით, ერთმანეთს შეიძლება საქართველო და ალბანეთი შევადაროთ. სახელმწიფო სექტორში კორუფციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით სწორედ ეს სახელმწიფოები გამოირჩევიან. საქართველოს შემთხვევაში, საინტერესოდ გამოიყურება “კორუფციის პრაქტიკული ეფექტურობის” ინდექსის დასადგენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგი. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირისთვის ფულის შეთავაზება ყველაზე ეფექტური საშუალებაა პირადი პრობლემის გადასაჭრელად. მოკლედ, სურათი ასეთია:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] “ორივე მხარე მზად არის ასე იცხოვროს: მოსახლეობაც და სახელმწიფო სტრუქტურებიც. მოსახლეობა კორუმპირებული ვერ იქნება, ვინაიდან მას ქრთამს არავინ შესთავაზებს, მაგრამ ის არ არის წინააღმდეგი საკუთარი საქმის მოსაგვარებლად ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.”

და მაინც, გამოკითხულთა უმრავლესობას, რომელიც მზად არის პირადი პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამი გაიღოს, მიაჩნია, რომ საქართველოში კორუფციის შეზღუდვა შესაძლებელია და მზად არის კიდეც შეიცვალოს შეხედულებები, თუ სოციალურ გარემოში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული კანონიერი ბერკეტები ამოქმედდება. საინტერესოა, მიაქცევს თუ არა ყურადღებას ზემოთ მოყვანილ გამოკითხვის შედეგებს საქართველოს მთავრობა. აქამდე ამ ტიპის მონიტორინგებს ყურადღებას არც მთავრობა აქცევდა და არც დონორი ორგანიზაციები.
XS
SM
MD
LG