Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორ ასამართლებენ რუსეთში რეჟიმისათვის არასასურველ პირებს?

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ახალი გეგმა, რომელიც მიზნად ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დმყარებას ისახავს - ამ საკითხებს შევეხებით ძირითადად უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმომხილვაში.

კაგებეს ყოფილი გენერლის, ოლეგ კალუგინისათვის რუსეთის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენს, როგორც გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” შენიშნავს, პოლიტიკური სარჩული უდევს. ამერიკაში მცხოვრებ კალუგინს, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს პუტინის რეჟიმს, 15 წლით მიუსაჯეს პატიმრობა შეერთებული შტატებისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით. ”ნიუ-იორკ ტაიმსი” ამასთან დაკავშირებით წერს:

”განაჩენს – სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კალუგინი არ ჩავიდა მოსკოვში, სასამართლოში გამოსაცხადებლად. მან გადაწყვიტა, აღარასოდეს დაბრუნდეს რუსეთში. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არა არის დადებული შეთანხმება დამნაშავეთა ურთიერთგაცემის თაობაზე. ძალზე სწრაფად წარიმართა მოსკოვში ოლეგ კალუგინის სასამართლო პროცესი, რათა დამთავრებულიყო 1 ივლისამდე, როცა რუსეთში ახალი, დაუსწრებელი გასამართლების ამკრძალავი კანონი შევა ძალაში. განაჩენი ყოფილ გენერალს, 1994 წელს გამოცემული მისი წიგნის საფუძველზე გამოუტანეს. თავად კალუგინი ამტკიცებს, რომ არანაირი საიდუმლო არ გაუმხელია. ბევრს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კალუგინს, უბრალოდ, სამაგიერო გადაუხადა”.

გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ხუთშაბათს ძალაში დატოვა სამხედრო ჟურნალისტის, გრიგორი პასკოსათვის გამოტანილი განაჩენი. პასკოს – 4 წლით მიუსაჯეს პატიმრობა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. თავად პასკო აცხადებს, რომ შურისძიების მსხვერპლი გახდა იმის გამო, რომ თავის რეპორტაჟებში, რუსეთის წყნარი ოეკანის ფლოტის მიერ ზღვაში რადიოაქტიური ნარჩენების ჩაყრის ფაქტები ამხილა. გრიგორი პასკოს საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის გაზეთი ”ლიბერასიონი” სარედაქციო სტატიაში წერს:

”გარემოს დაცვით დაინტერესებული ჟურნალისტი ციხეში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში პროტესტს გამოთქვამენ პასკოს დაპატიმრების გამო, ხოლო ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთში სტუმრობისას იანვარში განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს გრიგორი პასკო. იმ დროს, როცა პუტინის რუსეთი დასავლეთს უახლოვდება, არ არის არანაირი ნიშანი ცვლილებებისა მის საშინაო პოლიტიკაში, სადაც სპეცსამსახურები სულ უფრო მეტი გავლნით სარგებლობენ”.

ხოლო შვეიცარიის გაზეთი ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” თავის მხრივ ირონიულად შენიშნავს: ”გრიგორი პასკოს საქმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ ”დამოუკიდებელია” რუსეთში მართლმსაჯულებაო”.

გაზეთი ”დეილი ტელეგრაფი” მძაფრად აკრიტიკებს მოსკოვის ოლქის სამხედრო სასამართლოს, რომელმაც უდანაშაულოდ სცნო გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” კორესპონდენტის, ჟურნალისტ დმიტრი ხოლოდოვის მკვლელობაში ბრალდებული 6 პირი, რომელთა შორის არიან სადესანტო ძალების ყოფილი ოფიცრები, აგრეთვე ამ ძალების დაზვერვის ყოფილი უფროსი პაველ პოპოვსკიხი. ხოლოდოვი 1994 წლის 17 ოქტომბერს დაიღუპა ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” რედაქციაში ყუმბარის აფეთქების შედეგად. ”დეილი ტელეგრაფი” ამასთან დაკავშირებით წერს:

”დმიტრი ხოლოდოვის კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” რედაქციაში მომხდარი აფეთქების უკან რუსეთის შეიარაღებული ძალების ის კორუმპირებული მაღალჩინოსნები დგანან, რომელთა ბნელი საქმიანობა 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებულ რეპორტაჟებში ამხილა ხოლოდოვმა. მოსკოვის ოლქის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებამ იმედი გაუცრუა ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სამხედრო სასამართლოები იმდენად არიან დაკავშირებული ჯარის სარდლობასთან, რომ მათს მიუკერძოებასა და ობიექტურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია”.

დასავლეთის პრესა ფართოდ გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ ამ დღეებში წამოყენებულ ახალ გეგმას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.ბუშის ამ სამშვიდობო ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გაზეთი ”ქრისჩიენ საიანს მონიტორი”, მაგალითად, კრიტიკას გამოთქვამს ჯორჯ ბუშის მისამართით, ვინაიდან მიაჩნია, რომ წამოყენებული სამშვიდობო გეგმის თანახმად, პალესტინელებს, ფაქტობრივად, აღარა რჩებათ საკუთარი სახელმწიფოს დაარსების შანსი. გაზეთი წერს:

”პრეზიდენტმა ბუშმა შეუსრულებადი პირობები წაუყენა პალესტინელებს: გადააყენონ ხალხის მიერ არჩეული ლიდერი იასირ არაფატი, აირჩიონ არაკორუმპირებული ხელმძღვანელობა, მოაწყონ არჩევნები, და ეს მაშინ, როცა პალესტინელთა დასახლებულ პუნქტებში ისრაელის ტანკებია შესული, და აირჩიონ ისეთი ლიდერები, რომლებიც შესძლებენ, პირველ ჭეშმარიტ დემოკრატიას უხელმძღვანელონ არაბულ სამყაროში და იმავდროულად დათრგუნონ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ტერორისტებს რომ თანაუგრძნობს. ვაშინგტონის ამგვარი პოლიცია კიდევ უფრო გააძლიერებს მაჰმადიანებში ანტიამერიკულ განწყობას”.

გერმანიის გაზეთი ”ველტი” უაზროს უწოდებს ჯორჯ ბუშის სამშვიდობო გეგმას და შეახსენებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მართებს, ხოლო კონფლიქტის მოსაგვარებლად თანდათანობით უნდა იქნეს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. გაზეთ ”ფრა, მართალია, მამა აბრამის ბატკანი არ არის, მაგრამ ისრაელსაც მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ახლო აღმოსავლეთში დღეს კატასტროფული ვითარებაა შექმნილი. გაზეთი დასძენს:

”დღევანდელი ვითარება რეგიონში იმანაც განაპირობა, რომ ისრაელი განაგრძობს პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციას და იქ კვლავინდებურად აშენებს ებრაულ დასახლებებს; რომ პალესტინელი ლტოლვილებით გადაჭედილი ბანაკები მოწყვეტილია ერთიმეორეს, ხოლო ლტოლვილების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ბატონი შარონი წინააღმდეგი გამოვიდა ოსლოში 1993 წელს დადებული შეთანხმებისა. სამშვიდობო მისიით ხომ არ ესტუმრა არიელ შარონი ტაძრის მთას 2000 წლის სექტემბერში? ბატონი ბუშის გამოსვლა ორშაბათს, თეთრ სახლში, უფრო ეფექტიანი იქნებოდა, ისრაელს სხვა პრემიერ-მინისტრი რომ ჰყავდეს”.

გაზეთ ”გარდიანის” იერუსალიმელი კორესპონდენტი სიუზენ გოლდბერგი პირდაპირ აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა მხოლოდ პალესტინელებს წაუყენა მოთხოვნები, ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონისთვის კი არ მოუთხოვია, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინელთა დასახლებული პუნქტებიდან, ან შეწყვიტოს იქ ებრაულ დასახლებათა უკანონო მშენებლობა. ბრიტანელი ჟურნალისტი განაგრძობს:

”თავის გამოსვლაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იასირ არაფატის გადაყენების აუცილებლობა შეახსენა პალესტინელებს, სამაგიეროდ აღუთქვა დროებითი სახელმწიფოს დაარსება, რომელიც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს მიიღებს 3 წლის შემდეგ, როცა ბატონი ბუში, შესაძლოა, უკვე აღარც იყოს თეთრ სახლში. ჯორჯ ბუშს არაფერი უთქვამს იმ სახელმწიფოს საზღვრების შესახებ, 3 წლის შემდეგ რომ დაარსდება, ან სად იქნება მისი დედაქალაქი და რა ბედი ეწევა მილიონობით პალესტინელ ლტოლვილს.”

ხოლო გაზეთი ”უოლ სტრიტ ჯორნალი” პირიქით, მიესალმება ბუშის გამოსვლას, როგორც ”გაბედულსა” და ”ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიაში მეტად მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს”. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”ბევრს, მათ შორის ჩვენც ის გვაშინებდა, რომ თვითმკვლელი ტერორისტების მიერ უკანასკნელ დროს განხორციელებული აფეთქებების ფონზე, ბატონი ბუში პალესტინელებს მიემხრობოდა. და ამგვარ პოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოჩდნენ მომხრეები. მაგრამ პრეზიდენტმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, როცა აღიარება და დახმარება აღუთქვა პალესტინელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ, რომელიც სიტყვითა და საქმით უარყოფს ტერორიზმს და ჭეშმარიტად დემოკრატიულ მმართველ სტრუქტურებს შექმნის”.
XS
SM
MD
LG