Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო ოფისს ახალი ფინანსთა მინისტრის პროფესიონალიზმში ეჭვი შეაქვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმართ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოთქმულმა შენიშვნებმა საკანონმდებლო ხელისუფლებაში განხილვისას კიდევ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართული მოსმენისას არ მოიძებნა არც ერთი პარლამენტარი და ეკონომისტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რაიმეს გაარკვევდა და ამ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტთან რაიმენაირად გააიგივებდა.

მირიან გოგიაშვილის უწყების ძირითად ოპონენტად ამჯერადაც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი მოგვევლინა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს ბიუჯეტის შესახებ არსებული კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. რადგან წარმოდგენილი დოკუმენტი არც ერთ ციფრობრივ მაჩვენებელს არ შეიცავს, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მთავრობის მიერ შემოტანილ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრად. არადა კონსტიტუცია ბიუჯეტის პარამეტრების წარდგენას 1 ივლისამდე გულისხმობს. როგორც ჩანს, თუ კანონმდებლები გოგიაშვილის მიერ შეტანილ დოკუმენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტად არ მიიჩნევენ, პარლამენტში შეიძლება სერიოზული სკანდალი მომწიფდეს.

კანონის თანახმად, 1 ივლისამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე თავისი დასკვნა უნდა წარუდგინოს მთავრობასა და პრეზიდენტს. ძნელი სავარაუდოა, ფინანსთა სამინისტროში შექმნილ პროექტზე კომიტეტმა რაიმე სერიოზული რეაგირება მოახდინოს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი აცხადებს, რომ მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში პოლიტიკური მიდგომებია, ბიუჯეტი ჩამოყალიბებულია თეზისური ფორმით, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. გიგოლაშვილი აქვე ნაწილობრივ ეთანხმება კანონმდებელთა შენიშვნას და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტი ნამდვილად არ არის.

გოგიაშვილის უწყების მიერ მომზადებულ პროექტში შემდეგი მაჩვენებლებია დაფიქსირებული: 2003 წელს ნაერთი ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, 159 მილიონი ლარით გაიზრდება; საგადასახადო შემოსავლების ზრდა 144 მილიონითაა განსაზღვრული.

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრის პოზიციებს ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტროს აჭარისა და თბილისის ბიუჯეტთან არაფერი ესაქმება, მან უნდა განსაზღვროს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც კანონპროექტში მოცემული არ არის.

რომან გოცირიძეს ახალი ფინანსთა მინისტრის პროფესიონალიზმში ეჭვი შეაქვს. საბიუჯეტო ოფისი ფინანსთა სამინისტროსაგან ითხოვს კონკრეტული ციფრების დასახელებას, რასაც გოგიაშვილი დუმილით უპასუხებს. ეს გვაფიქრებინებს, რომ ახალ ფინანსთა მინისტრს ამგვარი ციფრები, უბრალოდ, არ გააჩნია. ხოლო ის ზოგადი პარამეტრები, რომელიც დაფიქსირებულია პროექტში, შემდეგნაირად გამოიყურება : 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,5 პროცენტითაა დაგეგმილი, წლიურ ინფლაციას 5 პროცენტის დონეზე ვარაუდობენ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვი 2-3 თვის იმპორტის დონეზე, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა 179,4 მილიონ ლარამდეა დაგეგმილი.

სერიოზული ოპონირების მიუხედავად, ზაზა სიორიძის კომიტეტი, საბოლოოდ, ბიუჯეტთან დაკავშირებულ უსიამოვნებას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, ალბათ, არ გადაზრდის, მაგრამ თავად ბიუჯეტის მომზადების პროცედურა და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის უპირველესი ეკონომიკური კანონის მიმართ სერიოზულ რევიზიას საჭიროებს.

გასულ კვირას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სიამაყით გვამცნო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ უწყებამ პირველად შეასრულა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა. 25 ივნისის მონაცემებით, კონსოლიდირებულ ბიუჯეტში გადარიცხულია 6 მლნ 420 ათას 324 ლარი, რაც გეგმის 120%-ის შეადგენს. ცენტრალურ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა 104,4%-ით არის შესრულებული, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში - 148%-ით. ამ თემას სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა სოლომონ პავლიაშვილმა სპეციალური პრესკონფერენციაც მიუძღვნა.

პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 6 თვის მანძილზე სამინისტრომ, სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციის განხორციელების ხარჯზე, ჯანმრთელობის ფონდში 574 ათას 328 ლარი, თავდაცვის ფონდში კი 682 ათას 716 ლარი გადარიცხა, რაც არ აღინიშნება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ მობილიზებული საერთო თანხა, დაახლოებით, 8 მლნ ლარია.

მინისტრს დიდ მიღწევად მიაჩნია მისი უწყებისათვის იმ საწარმოთა საქმიანობაზე ზედამხედველობის ფუნქციების გადაცემა, სადაც სახელმწიფოს თავისი წილი აქვს.
მინისტრი აპირებს საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობის სისტემის შეცვლას. მისი აზრით, წამგებიან საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არ უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასები, როდესაც მუშები თვეობით ვერ იღებენ ანაზღაურებას.

სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში საქართველოს, მართლაც, სერიოზული პრობლემები აქვს. გარდა ამისა, ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების წარმატებით პრივატიზება, რის გამოც იგივე სახელმწიფო ბიუჯეტი სერიოზულ თანხებს კარგავს, თავად ეს ობიექტები კი, განვითარებისათვის კაპიტალის სიმცირისა და, ამასთანავე, სუსტი მენეჯმენტის გამო სულ უფრო მეტად კარგავენ საინვესტიციო მომხიბვლელობას და, შესაბამისად, წმინდა მატერიალურ ფასეულობასაც.

განსახელმწიფოებრიობის პროცესი მხოლოდ ბიუჯეტში შენატანების ზრდას არ ნიშნავს. მატერიალური მხარე ამ პროცესის უდიდეს ფსიქოლოგიურ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული, რადგან საერთო სახალხო საკუთრება, ფაქტობრივად, საბჭოური ეკონომიკის რუდიმენტია და რეალური პატრონის გამოჩენამდე სახელმწიფო საწარმოები, ძირითადად, პერმანენტული ძარცვისა და ვალების ხელოვნური დაგროვების მუდმივ ობიექტად იქცევა.
XS
SM
MD
LG