Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს


როდის შეიკრიბება საქართველოს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანო - საკრებულო, ადგილობრივი არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგაც არავინ იცის.

ამის ძირითადი მიზეზი გახდა არაკომპეტენტური მუშაობა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, რომელიც არჩევნების შემდგომ დღეებში წამდაუწუმ ცვლიდა მიღებულ გადაწყვეტილებებს. შედეგად, გაჩნდა უამრავი პრობლემა, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი არჩევნების შედეგების შემოწმებაა. შემოწმების პროცესი სპეციალურ წესს უნდა დაექვემდებაროს და იგი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერჯერობით მხოლოდ ხმების გადათვლის წესის პროექტზე მუშაობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ვერც კი წარმოიდგენდნენ, როდესაც სასამართლოში სარჩელი შეჰქონდათ, არჩევნების შედეგების გადამოწმების მოთხოვნით, რომ ოცნება აუსრულდებოდათ და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი წილად მათ ერგებოდათ. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულმა ლეიბორისტებმა საკრებულოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, ეიფორიაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი სარჩელი აღარც კი გახსენებია. ამ დროს საოლქო სასამართლომ სააკაშვილის გუნდის მოთხოვნა განიხილა და აღადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების შედეგების გადამოწმებას ითვალისწინებს. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს მიმართ საყვედურს გამოთქვამს და საპროტესტო აქციებით ცდილობს ჩარხი უკან დააბრუნოს, თუმცა სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება უკვე ძალაშია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების გადამოწმებაზე მუშაობა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდება ან საერთოდაც ვერ შედგება. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ სხდომის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, უკმაყოფილო პოლიტიკურ ძალებს პროტესტის გამოთქმის საშუალება ხმების გადათვლის შემდეგაც კი მიეცემათ, რადგან საარჩევნო კომისიის მუშაობის სტილი შორს არის კომპეტენტურობისაგან. კომისიის სხდომაზე შედეგების შემოწმების საკითხებს ასე განიხილავდნენ:

[ხმაური ცენტრალურ საარჩევნო კომისაში 26 წმ]

ასეთი ხმაურის მიზეზი იყო ორმუხლიანი განკარგულება საარჩევნო დოკუმენტაციის ინვენტარიზაცია – სისტემატიზაციისა და იმ კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც დოკუმენტების გადამოწმების წესი უნდა შეიმუშაოს.


სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი დენის დავითაშვილი დადგენილების წინააღმდეგ გამოდის, საერთოდ, რადგან დარწმუნებულია, რომ ინვენტარიზაციას სასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს და ასეთ ქმედებას არც საარჩევნო კოდექსი ცნობს. ამიტომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებით იმუქრება.

თუ რას ნიშნავს ინვენტარიზაცია და რისთვისაა იგი საჭირო, კომისიის აქტიურმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განმარტა და ამ განმარტებით იმათი ეჭვებიც გააქარწყლა, ვინც ინვენტარიზაციის დროს ბიულეტენების გაყალბებას ვარაუდობდა.

[გოგორიშვილის ხმა] „ინვენტარიზაციის დროს არავინ არ დაიწყებს დალუქულების გახსნას. ვერც სიებს ნახავს ვერავინ და ვერც ბიულეტენებს. მოხდება იმის აღწერა, რა გვაქვს. იქ რომ ასი ფუთა იქნება დალუქული თუ 99, ეს ხომ ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. ჩვენ ხომ ხელახალი გადათვლა მაინც უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ სამსჯელო რომ არ იყოს, კიდევ რომ არ იყოს იმაზე ლაპარაკი, რომ იქ ისეთი მდგომარეობა დაგვხვდა, რომ ხმის დათვლის წესი რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ ვამბობ მე ამას.“[სტილი დაცულია]

ხანგრძლივი კამათის შემდეგ საარჩევნო კომისიაში სიტყვა ინვენტარიზაცია დაიწუნეს და საარჩევნო დოკუმენტაციის მხოლოდ სისტემატიზაცია გადაწყვიტეს, თუმცა სერიოზულად არავის უფიქრია, სად უფრო მიზანშეწონილია აღიწეროს დოკუმენტაცია, რომელიც ცენტრალური საარჩევნი კომისიის სარდაფის ერთ ოთახშია დაგროვილი. ვარაუდობენ, რომ ეს მოხდება2- 3 ივლისს ეზოში, პრესის თვალწინ. ცენტრალური საარჩევნი კომისიისვე გადაწყვეტილებით, იმ კომისიამ, რომლის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა უარს აცხადებდა, 5 ივლისამდე უნდა წარადგინოს საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების წესი, შემდეგ მოხდება მისი განხილვა, დამტკიცება და ა. შ.

თუ ბიულეტენების რაოდენობას გავითვალისწინებთ, წესის მიღების შემთხვევაშიც კი, შემოწმება თვეების მანძილზე გაჭიანურდება. და რომც არ გაჭიანურდეს, გადათვლის შედეგად თუ ბიულეტენების 20 პროცენტზე მეტი გაყალბებული აღმოჩნდა, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG