Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმია ''თეთრი წიგნით'' საკუთარ შავბნელ წარსულს ეთხოვება


თითქმის სამი წელი დასჭირდა საქართველოს შეიარაღებული ძალების

ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს პირველი რეკომენდაცია შეესრულებინა. თავდაცვის “თეთრი წიგნით”, რომლის პრეზენტაციაც 28 ივნისს სასტუმრო "თორში" გაიმართა, სამხედროებმა საჯარო დისკუსიაში გამოიწვიეს და მეტად რთული არჩევანის წინაშე დააყენეს საზოგადოება: შევინარჩუნოთ არმია, რომელსაც მივეჩვიეთ, თუ შევქმნათ ისეთი სამხედრო სისტემა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს სჭირდება.

“თეთრი წიგნის” მთავარი ღირსება მისი გამჭვირვალობაა. მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, პირადი შემადგენლობის რიცხოვნობისა და სამხედრო ტექნიკის ყველა სახეობის რაოდენობის შესახებ, ანუ ის ინფორმაცია, რაც აქამდე კლასიფიცირებული იყო, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამიერიდან აღარ არის საჭირო აწარმოოთ დაუსრულებელი მიმოწერა იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რა ამოცანები დგას საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე, რით განსხვავდება თავდაცვის სამინისტროს აპარატი გენერალური შტაბისაგან, რას ნიშნავს ლოგისტიკა, საიდან გაჩნდა ერთბაშად ამდენი სამმართველო, უცნაური შიფრით "J", და რა შეღავათებს ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის განმსაზღვრელი კანონმდებლობა.

თუმცა, ამთავითვე ვიტყვით, რომ “თეთრი წიგნის” წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად დაგეუფლებათ იმედგაცრუებაც, რადგან აღმოაჩენთ, რომ მწარე სინამდვილე ყოფილა ის, რაც აქამდე ყურმოკვრით იცოდით, ან, შესაძლოა, მხოლოდ ჟურნალისტურ გაზვიადებად მიგაჩნდათ. კერძოდ, ის, რომ ყველა სახეობის ჯარი შეზღუდულად ბრძოლისუნარიანია, რომ ბიუჯეტი მინიმალურადაც კი ვერ უპასუხებს არმიის მატერიალურ მოთხოვნებს, რომ არსებობს დიდი პრობლემები და, სამხედრო კადრების მომზადების თვალსაზრისით, საქართველო დარჩენილია მხოლოდ საერთაშორისო დახმარების იმედად, ხოლო ბევრ შემთხვევაში – ვთქვათ, სამხედრო სამსახურის პირობების გაუმჯობესებისა თუ რეზერვის მომზადების მხრივ - საქმე მხოლოდ კეთილი სურვილების დონეზეა.

მაგრამ ძალიან საინტერესოა პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვას: საიდან მოდის და რა მიზანს ემსახურება ასეთი მოულოდნელი თვითლუსტრირების იდეა - პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ხელისუფლების შანტაჟს უფრო მაღალი დაფინანსების მისაღწევად, თუ იგი საქმის გამოსწორების სურვილითაა ნაკარნახევი?

უნდა აღინიშნოს, რომ “თეთრი წიგნის” იდეის ავტორი უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო და მისი უცვლელი თავმჯდომარე, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი სერ გარი ჯონსონი გახლავთ. საქართველოში საქმიანობის დაწყებისთანავე საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამხედრო ძალების მოწყობის საკითხი ცალკეულ კაბინეტებში ვერ გადაწყდებოდა, რადგან სხვადასხვა მიმართულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა ხელმძღვანელებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ რეფორმებზე, არმიის მომავალზე, ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.

გენერალი ჯონსონი არ იღლებოდა სხვადასხვა კაბინეტებში იმის გამეორებით, რომ არმია - ეს არის, პირველ ყოვლისა, ბანკი, ანუ გამართული ეკონომიკა, და მხოლოდ შემდეგ - ტანკი და ზარბაზანი. და რომდესაც არ არსებობს სათანადო ფინანსური საშუალებები, პოლიტიკოსებმა მარტო კი არ უნდა აკრიტიკონ გენერლები, არამედ უკარნახონ კიდეც, თუ რა პროგრამებზე თქვან უარი და რას მიანიჭონ უპირატესობა. მარტივად თუ ვიტყვით, ბიუჯეტის შექმნასა და ფულის შოვნაზე პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ, სამხედრო ხელმძღვანელობამ კი მხოლოდ პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას მიხედოს.

მაგრამ რაკი პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამხედრო მშენებლობისთვის ვერ მოიცალა, ამიტომ, მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავად სამხედროებმა განსაზღვრეს სამოქმედო გეგმა, რომელსაც “თეთრი წიგნი” უწოდეს, და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანეს ყველაფერი, რისი თქმაც კი დემოკრატიის პირობებში შეიძლება. ბუნებრივია, წარმოდგენილ სტრუქტურებში ძალიან ბევრი მომენტი სადაო იქნება. კერძოდ, ფინანსების მწვავე დეფიციტის პირობებში ცოტა გაბერილი ჩანს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მმართველობითი აპარატები, ოპტიმალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილად გამოიყურება თითქმის ყველა სახეობის ჯარი და, რაც მთავარია, არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა რაოდენობის პირადი შემადგენლობა ესაჭიროება ქვეყნის თავდაცვას. ხოლო ის ფაქტი, რომ სახმელეთო ჯარების გრაფაში არ არის ჩამოთვლილი ამ სახეობის ჯარის კუთვნილებაში არსებული ტექნიკა, ეს შეიძლება, საერთოდ, “თეთრი წიგნის” პრინციპის უგულებელყოფადაც შეფასდეს.
თუმცა მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის სერ გარი ჯონსონის თქმით, “თეთრი წიგნის” მთავარ დანიშნულებას ხომ სწორედ ის წარმოადგენს, რომ საზოგადოებამ, რომელიც იხდის გადასახადს, რეალური სურათი მიიღოს საკუთარი სამხედრო ძალების მდგომარეობის შესახებ და, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, თავად განსაზღვროს მათი მომავალი.
[სერ გარი ჯონსონის ხმა] "დოკუმენტი შეირაღებული ძალების დოქტრინის ძირითად პრინციპებს შეიცავს და მასში გატარებულია ის მოსაზრება, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის და იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ უნდა იმოძრაოს ევროატლანტური სტრუქტურებისკენ".

ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს “თეთრ წიგნში” განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. და თუკი პარალელის გავლებას რაიმე მნიშვნელობა აქვს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ “თეთრი წიგნის” გამოცემა დაედო საფუძვლად რეფორმებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ამ რეფორმის კეთილ ნაყოფს მომავალი წლის ნატოს სამიტზე ოფიციალური მოსაწვევის სახით მოიმკიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG