Accessibility links

logo-print

პარტიული ცხოვრების სავარაუდო სიახლეები


საქართველოს პოლიტიკურ ინტერიერში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს: ერთი მხრივ, იშლება ძველი პარტიები და ბლოკები, მეორე მხრივ, იქმნება ახალი პარტიები და კოალიციები.

საკითხავია, რით დასრულდება პროცესი: სპექტრის მხოლოდ გარეგნული სახეცვლილებით, თუ, იმავდროულად, მისი თვისებრივი განახლებითაც.

2003 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ სპექტრს ამ არჩევნებისთვის მომზადება განსაკუთრებული გულმოდგინებით მოუხდება ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ისაა, რომ გამოკვეთილად ძლიერი სახელისუფლო პარტია აღარ არსებობს და ეს რეალობა ზრდის არჩევნებში წარმატების შანსს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული როლი ენიჭება ედუარდ შევარდნაძის ფაქტორის გათვალისწინებით: ეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბოლო საპარლამენტო არჩევნებია. თუ პრეზიდენტს რაიმე საგანგებო გეგმა აქვს საკუთარ მემკვიდრესთან დაკავშირებით, ეს გეგმა, ამა თუ იმ ფორმით, სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა უნდა ასახოს. თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერების სამომავლო გეგმებიც 2003 წლის არჩევნებზე გადის. ამიტომ უახლოეს პერიოდში პარტიული ცხოვრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს.

პოლიტიკურ პროცესს სერიოზულ დაღს ასვამს ის ფაქტორი, რომ პარლამენტში მოსახვედრად 7%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. პარტიებს ორი გზა რჩებათ: ან საიმედო მოკავშირეები უნდა მოძებნონ, ან საკუთარი სტრუქტურის მშენებლობაზე საგანგებო რეჟიმში იზრუნონ. სუსტი პარტიები, ცხადია, პირველ გზას აირჩევენ, ძლიერებს კი, წინასწარვე შეიძლება ითქვას, პარტნიორების შერჩევა საკმაოდ გაუჭირდებათ. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ძლიერი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვლენ.

ძველი პარტიები კონკურენციას ვეღარ უძლებენ და პოლიტიკურ ასპარეზს უხალისოდ ტოვებენ. სამაგიეროდ, ასპარეზზე შემოდიან ახალი ძალები, რომლებსაც ადამიანური თუ ფინანსური რეზერვების დეფიციტი არ გააჩნიათ და რომლებიც შესანიშნავად ფლობენ საარჩევნო ტექნოლოგიებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში სწრაფი განახლების პროცესი მიმდინარეობს.

არსებობს მოვლენების განვითარების ერთადერთი სცენარი, რომელიც ძველ, დაუძლურებულ პარტიებს თავიდან შესძენს მნიშვნელობას და სიცოცხლეს: თუ 2003 წლის არჩევნების წინ მთელი პოლიტიკური სპექტრი ორ დიდ ბანაკად გაიყო, მაშინ თითოეული ბანაკი შეეცდება მცირერიცხოვანი პარტიების გადაბირებას. ხოლო თუ ძლიერი პარტიები არჩევნებში ცალ-ცალკე გამოვლენ და ბანაკებად არ გაერთიანდებიან, მაშინ პატარა პარტიები არავის დასჭირდება და ისინი საბოლოოდ ჩამოსცილდებიან პოლიტიკის ეპიცენტრს.

აღსანიშნავია, რომ პარტიების უმრავლესობა გაცილებით ენერგიულად მოქმედებს უშუალოდ არჩევნების დროს, ვიდრე არჩევნებს შორის პერიოდში. პარტიული სტრუქტურის მშენებლობა, როგორც ჩანს, მეტისმეტად მძიმე და დამქანცველი შრომაა. ქარიზმატული ლიდერი დღემდე გაცილებით ეფექტური საშუალებაა საარჩევნო ხმების მიზიდვისთვის, ვიდრე კარგად აწყობილი პარტიული სტრუქტურა. ტრადიციულად, წლების განმავლობაში, პარტია რჩებოდა ლიდერის ირგვლივ თავმოყრილ სამეგობროდ, რომელშიც განახლება არ მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, არც არაფერი იცვლებოდა, ვიდრე საქმე პირად წყენამდე და პარტიის დაშლამდე არ მივიდოდა.

ცივილიზებულ ქვეყნებში კი პოლიტიკური პროცესის დინამიკას ჯანსაღი პარტიული ცხოვრება განაპირობებს. პარტიული ლიდერების პოსტები არჩევითი და მუდმივად განახლებადია. ჩვენთან ეს არ ხდებოდა მაშინ, როდესაც ქვეყანას კომუნისტები მართავდნენ და არ ხდება დღესაც. შედეგად, სახელისუფლო სტრუქტურები დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად დეგრადირებს. ქვეყანას 1992 წლიდან მართავს ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 1995 წლიდან მასთან ერთად მართავს მოქალაქეთა კავშირი. მმართველი პარტიის სახელისუფლო პოსტებზე წლების განმავლობაში იყვნენ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ადგილს უცვლიდნენ. სწორედ ამ ადამიანებმა, პრეზიდენტთან ერთად, ნელ-ნელა ამოწურეს პარტიული რეზერვი და ამოწურეს საკუთარი შესაძლებლობებიც ამ პარტიაში.

მოქალაქეთა კავშირის ყოფილი ლიდერები და სხვებიც ამჟამად ახალ გაერთიანებებს ქმნიან. განახლების გზას ადგას თავად მოქალაქეთა კავშირიც. პროცესი დადებითია, თუმცა, საკითხავია, რა გზას აირჩევენ ეს ახალი თუ განახლებული პოლიტიკური ძალები - დარჩებიან ისევ ქარიზმატულ ლიდერზე ორიენტირებულ, ისევ საკუთარ თავში ჩაკეტილ პარტიებად, თუ იქნებიან მუდმივად განახლებადი, საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და დამცველი.

არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელიწადი დიდად განსაზღვრავს სამომავლო პარტიების სახეს, პარტიულ ცხოვრებას და, მთლიანად, პოლიტიკურ პროცესს. ის, რასაც შეძლებენ ან ვერ შეძლებენ პარტიები მათთვის უაღრესად მნიშვნელოვან ამ ერთ წელიწადში, ზედმიწევნით განაპირობებს ქართული პოლიტიკის მომავალს.
XS
SM
MD
LG