Accessibility links

logo-print

კულტურა – ოფიციალური და კულტურა – არაოფიციალური


კულტურა, რომელსაც ხელისუფლება უჭერს მხარს და კულტურა – მარგინალური.

ბოლო დროს საქართველოში სრულიად აირია ეს ცნებები, ეს “დისკურსები”... რაც არავის არ უნდა უკვირდეს. როცა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება არეულ-დარეულია, როცა “მემარცხენეობა-მემარჯვენეობა” ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, კულტურის მუშაკებიც პოლიტიკოსებს ბაძავენ: ერთ დღეს ხელისუფლებას “უმღერიან”, მეორე დღეს – ოპოზიციას; ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიირთმევენ შამპანურს, მეორე დღეს ტაშს უკრავენ პოლიტიკოსებს, რომლებიც, ძირითადად, მხოლოდ პრეზიდენტზე ქილიკით ცდილობენ მასების ყურადღების მიპყრობას. ისევ იშტვან საბოს გენიალური ფილმი “მეფისტოფელი” გვაგონდება: არტისტისთვის სულ ერთია, ვის ეკუთვნის თეატრი, რადგან მას ფიზიკურად არ შეუძლია თეატრის გარეშე ცხოვრება. მომღერალს ფიზიკურად არ შეუძლია არსებობა, თუ არ იმღერა. ამიტომაც მისთვის სულ ერთია, ვის უმღერებს – ხელისუფლებას თუ ოპოზიციას.

ამ დღეებში აღმოჩნდა, რომ სიმღერა საქართველოს პრეზიდენტსაც ჰყვარებია. აი, ამას ჰქვია “კულტურა გადაარჩენს სამყაროს”, “კულტურა აკეთილშობილებს სამყაროს”, “კულტურა იხსნის სამყაროს გულღრძოობისგან”. კარგ ხელოვნებას პრეზიდენტიც აფასებს, იმდენად აფასებს, რომ სულ აღარ ახსოვს, როგორ მივიდა ოთარ მეღვინეთ-უხუცესი ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერთა შეხვედრაზე ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. პრეზიდენტი იმითაც კმაყოფილია, რომ მეღვინეთუხუცესი სახელმწიფო კანცელარიაში ესტუმრა და პირადად მისგან მიიღო სახელმწიფო პრემია მარჯანიშვილელთა სპექტაკლ “ანტიგონეში” განხორციელებული როლისთვის. ხელოვნების ოსტატთა ამ დღესასწაულზე ედუარდ შევარდნაძემ არა მარტო “მრავალჟამიერი” იმღერა დაჯილდოებულებთან ერთად... გარკვეული თვალსაზრისით, პრეზიდენტმა მოიბოდიშა კიდეც არტისტების წინაშე: “გპირდებით, შევქმნით პირობებს კულტურის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის აღორძინებისათვისო,"- განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. ასეთ “სამადლობელს” 2001 წლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატების გამოცხადება მოჰყვა. ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც კვლავაც “პრეზიდენტთან არსებულად” ითვლება, ე.ი. ოფიციალურად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების გემოვნებას, პრემიებით აღნიშნა: ანსამბლი “რუსთავი”, ლიანა ისაკაძე, გიორგი ჟორდანია, სანდრო ვახტანგოვი – საქველმოქმედო კონცერტებისა და ფილმისთვის “პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში”, მხატვრები ილია პატაშური, ლევან ცუცქირიძე, მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია (ევგენი მიქელაძის სკულპტურული პორტრეტისათვის) და სხვები.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ესთეტიკური მრწამსი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო პრემიების ლაურეატთა ხელოვნებით არ შემოიფარგლება. ამ კვირაში ქართული პოლიტიკური ელიტა ჯერ მაკა ასათიანის აქციას დაესწრო ვაკეში და მოდების ჩვენების სანახავად სიამოვნებით დაიკავა მისთვის (ე.ი. პოლიტიკური ელიტისთვის) და ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებისთვის (“მხატვრული ელიტისთვის”) საგანგებოდ შენახული სავარძლები, რომლებიც აქ, ეგრეთ წოდებული, “წითელი მოსაწვევებისთვის” იყო განსაზღვრული, მერე კი თბილისის მეექვსე საერთაშორისო ჯაზის ფესტივალს მიაკითხა. ჯაზი საქართველოში კარგა ხანია უკვე “ელიტარულ ხელოვნებად” ითვლება, მაგრამ ამ ფესტივალის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ორგანიზატორები, პირველ რიგში კი, “ისთერ პრომოუშენის” მესვეურები, დღეს პირველად ალაპარაკდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის გაიოზ კანდელაკის თქმით [გაიოზ კანდელაკის ხმა]: 2.45 “ასეთი ფესტივალები ევროპაში, ასეთი შემადგენლობით, იშვიათად ტარდება, – შეიძლება იყოს ერთი ვარსკვლავი, - მაგრამ ამ ფესტივალზე ქართული საქმეც კეთდება: ქართულ ორკესტრს უხელმძღვანელებს ბატონი ბობ მინცერი, ბოლო “გრემის” მფლობელი. – ეს იქნება დღესასწაული ქართველებისათვის.”

ქართველებს 30 ივნისიდან, მართლაც, დიდი დღესასწაული ელით. ჯაზის ფესტივალმა ფსიქოლოგიური თერაპიის მსგავსი ეფექტიც უნდა შექმნას – საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ დიდი მუსიკოსები საქართველოში “მოსკოვის გავლით” აღარ ჩამოდიან და, რაც მთავარია, მიუხედავად პოლიტიკური სიტუაციისა, ჯაზის ვარსკვლავებს “განგსტერების ქალაქად” შეფასებულ თბილისში ჩამოსვლის მაინც არ ეშინიათ. ე. ი. არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ამტკიცებს ოპოზიცია. როგორც ფესტივალის გახსნამდე, საგანგებოდ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ განაცხადა [ზაზა შენგელიას ხმა]: “ჩვენდა გაუცნობიერებლად, ამ ფესტივალმა შეიძინა პოლიტიკური ჟღერადობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ასეთი აქცია რეგიონში – “პროამერიკული,” ასე დავარქვათ, რადგანაც ამერიკული ჯაზის ფესტივალია - იქნება მხარდაჭერა ამერიკის მოსახლეობისა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასეთი ფესტივალი მრავალი წლის შემდეგ ეწყობა რეგიონში, სადაც ესაზღვრება ერთმანეთს სხვადასხვა ცივილიზაციები, სხვადასხვა კულტურები და, ალბათ, ეს “სავიზიტო ბარათი” იქნება, მაჩვენებელი იქნება მთელი მსოფლიოსთვის”.[სტილი დაცულია]

ჯაზი, რომელსაც საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ფორმით დევნიდნენ სწორედ ამ “ამერიკული ძირების” გამო, კვლავაც შეერთებული შტატების კულტურის მონაპოვრად ითვლება, თუმცა აქამდე თბილისის ჯაზ-ფესტივალი უფრო მეტად ჯაზის “კოსმოპოლიტურ ენას” ანიჭებდა უპირატესობას და მუსიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან ეპატიჟებოდა. ამჯერადაც არ ითქვა უარი ჯაზის, ასე ვთქვათ, “ეროვნულ ვარიაციებზე” – ფესტივალზე კონცერტის ჩასატარებლად “ისთერ პრომოუშენმა,” “მაგთი ჯი ეს ემის” დახმარებით, თბილისში 54 წლის ბრაზილიელი ქალბატონი ტანია მარია ჩამოიყვანა. სხვათა შორის, სწორედ ამერიკული და ბრაზილიური ჯაზის ამ ორიგინალური შერწმით, ტანია მარიას კონცერტით, იხსნება ფესტივალი. მაგრამ შემდეგ, 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, აქცენტი მთლიანად ჯაზის ქართულ-ამერიკულ “ერთობაზე” გაკეთდება. თავის კვარტეტთან და ქართულ ბიგბენდთან (გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით) ერთად თბილისში კონცერტებს გამართავენ: ბობ მინცერი, საქსაფონისტი ალფრედ პი ვი ელისი და, რაც მთავარია, ელ ჯერო, რომელსაც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სამ ივლისს დაეთმობა. როგორც ზაზა შენგელიამ აღნიშნა [ზაზა შენგელიას ხმა]: “არის წინასწარი მოლაპარაკება ასეთი: შესაძლოა, მისასალმებელი წერილით ფესტივალს მიმართოს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა... გარდა ამისა, გეგმაში გვაქვს ერთ-ერთ კონცერტს დავასწროთ ის ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც არიან ჩამოსული საქართველოში, მუშაობენ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად... რათა ერთხელ მაინც მოვუწყოთ დღესასწაული, რაღაც “სამაგიეროს” გადახდასავით იყოს, რათა გავახსენოთ, რომ ისინი ახლოს იმყოფებიან საკუთარ სახლთან – “ახლოს” - არა გეოგრაფიულ პარამეტრს ვგულისხმობ, არამედ სულიერს.” [სტილი დაცულია]

ზაზა შენგელიას არ დაუკონკრეტებია, როგორ მოხვდებიან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები – 80 ლარიანი ბილეთებით თუ მოსაწვევებით. ერთი კი ფაქტია: ამ ძალიან ძვირ აქციას უამრავი “ჯიბეგამოხეული” თბილისელი ჯაზმენი ვერ დაესწრება... არაფერს ვამბობ კლუბ “ჯოიზე”, რომელშიც, ტრადიციულად, მხოლოდ ქართული ელიტა თუ შეაღწევს ხოლმე (არადა, ცნობილი ინგლისელი მუსიკოსის დენის როლინსის, აგრეთვე, პი ვი ელისისა და ბობ მინცერის კვარტეტის კონცერტები სწორედ კლუბშია დაგეგმილი). “ჯიბეგამოხეულებს”, როგორც ჩანს, ტყუილად აქვთ იმედი, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ბოლომდე ვერ შეივსება და აქ მაინც მოახერხებენ შენობაში შეღწევას. “ისთერ პრომოუშენში” ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში გვითხრეს, რომ ბილეთები ფილარმონიაში უკვე მთლიანად გაყიდულია, რომ ჯაზის მოყვარულებმა გადადეს შვებულებები და არდადეგები, რათა ელ ჯეროსა და ტანია მარიასთვის მოესმინათ და, რაც მთავარია, ჯაზის საღამოებზე დასწრების სურვილი გამოთქვეს ახალგაზრდებმა, თინეიჯერებმაც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯაზი საქართველოში უკვე გასცდა “ელიტარული მუსიკის” ფარგლებს, რაც, თავის მხრივ, პირველ რიგში, ამ ფესტივალის ორგანიზატორთა დამსახურება უნდა იყოს. “ისთერ პრომოუშენმა” ამჯერად ძალიან კარგად ააგო სარეკლამო კამპანია, კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ჟურნალისტების მიმართ – 90 ჟურნალისტს არ უთხრა უარი აკრედიტაციაზე. ეს კი პირადად მე საშუალებას მომცემს, გიამბოთ ჯაზის მეექვსე ფესტივალის მიმდინარეობაზე ერთი კვირის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტრადიციულ კულტურულ მიმოხილვაში.
XS
SM
MD
LG