Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალა შესწევთ ქადილისა


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი 1973 წელს თბილისის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა

ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა. მას შემდეგ, სამი ათეული წლის მანძილზე, ქართველ ფალავნებს საერთაშორისო გუნდურ შეჯიბრებაში არასოდეს გაუმარჯვიათ. ნავსი ჩვენმა ძიუდოისტებმა გატეხეს, როცა ევროპის წლევანდელი გუნდური ჩემპიონატი მოიგეს და სამშობლოში საპატიო თასით დააბრუნდნენ. ამ ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება ელგუჯა ბერიშვილის ყოველკვირეული სპორტული პროგრამა “რბენა წინაღობებით”.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება, თუმცა ქათველებმა სულ ორ ასეთ შეჯიბრებაში იასპარეზეს: 1996 წელს მესამე ადგილზე გავიდნენ, წლეულს კი ყველა მეტოქე ჩამოიტოვეს და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავეს. ეს ამბავი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მოხდა. ჯერ მოეწყო ევროპის პირადი ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა სამი მედალი აიღეს: დავით ქევხიშვილმა ვერცხლისა, ნესტორ ხერგიანმა და ზურაბ ზვიადაურმა – ბრინჯაოსი. აი, ამას მოჰყვა გუნდური ტურნირი ევროპის უძლიერესი ძიუდოისტების მონაწილეობით. ქართველები იოლად გაუმკლავდნენ თურქებსა და სლოვენიელებს, ნახევარფინალში უკრაინელებს აჯობეს, ფინალში კი – ბელორუსებს. და ეს გააკეთა გუნდმა, რომელსაც ტრავმის გამო ერთი მოჭიდავე აკლდა; ეს შეძლო ელემენტარულ პირობებსა და ყურადღებას მოკლებულმა ნაკრებმა, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს ნასესხები ფულით მართავს და შეჯიბრებებზეც ვალებით მიემგზავრება. მართლაც პარადოქსული ფაქტია: გუნდმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ძიუდოს ფედერაციასა და ნაკრების მწვრთნელებს კი პროცენტიანი ვალი დაედოთ. ვიღას ახსოვს წლის დასაწყისში შეპირებული პრემიები და შეღავათები, საქართველოს პრეზიდენტის თებევრლის ბძანებულება საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ სპორტსმენთა მატერიალური წახალისების შესახებ. ადრე მიღებული ბევრი სხვა დოკუმენტის მსგავსად, ეს ბრძანებულებაც ფარატინა ქაღალდი და მორიგი ზღაპარი გამოდგა. საარჩევნო თუ პარტიულ ინტრიგებში ჩაძირული ხელისუფლება, სამწუხაროდ, სპორტისთვის ვეღარ იცლის. ევროპის ჩემპიონებისთვის არაფერი ემეტებათ და დანარჩენზე რაღა ვილაპარაკოთ, ან რა დროს პრემიებია, როცა ბიუჯეტით დამტკიცებულ-დაკანონებულიც სახვეწარი გამხდარა. აი, რას ამბობს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი.


(შოთა ხაბარელის ხმა) “რაც გამოყოფილი გვაქვს, ის მიზერული და სასაცილო თანხაა. როგორ შეიძლება იმით ტრაბახი, რომ გამოყოფილია 80 ათასი ლარი და მიიღო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. არავითარი რესპუბლიკური შეჯიბრებები, არავითარი შეკრებები და აი ამასაც რომ არ გამოგიყოფენ, ეს არის საშინელება. რომელი თანხა, რომელ დაფინასებაზეა ლაპარაკი, რომცა თბილისის საერთაშორისო ტურნირი ჩავატარეთ და სასამართლოზეა გადაცემული ჩვენი საქამე. ფული არ არის გამოყოფილი. აგერ ევროპის ჩემპიონატზე წავედით, მაგრამ ბილეთების ფული გადახდილი არ არის. და საერთოდ, ფული არის თუ არ არის, ჩვენ ვერ ვგებულობთ.”


ძიუდოს ქართული სკოლის მიღწევები საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენს ძიუდოისტებს ოლიმპიურ თამაშებში 13 მედალი აქვთ მოპოვებული, მსოფლიო ჩემპიონატებზე – 34, ევროპის ჩემპიონატებზე კი – 89. დიდ სარბიელზე პირველნი გავიდნენ ანზორ კიკნაძე, ფარნაოზ ჩიკვილაძე და ანზორ ქიბროწაშვილი. პირველი ოლიმპიური გამარჯვება შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი პირველი ოქროს მედალი კი თემურ ხუბულურმა მიიღო. სხვათა შორის, სწორედ ხუბულური მოგვევლინა გასულ ოთხშაბათს გამართული საზეიმო საღამოს ორგანიზატორად, რომელიც საქართველოს ნაკრების ევროპულ გამარჯვებას მიეძღვნა. სხვას რომ არავის გაახსენდა, ისევ ვეტერანმა ძიუდოისტებმა იყოჩაღეს და ჩემპიონებს თბილი შეხვედრა მოუწყვეს. ხუბულური წუხს, რომ სლოვენიაში მოპოვებულმა გამარჯვება შეუმჩნევლად ჩაიარა და საზოგადოების ყურადღება ვერ მიიპყრო.


(თემურ ხუბულურის ხმა) “მეგონა, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება გამოგვეხმაურებოდა, დარეკავდნენ – აი, ბიჭებს რა გავუკეთოთ, რა გავაკეთოთ, როგორ მივულოცოთ. შეიძლება სახელმწიფოს ფული არ ჰქონდეს, დავუშვათ და ფინანსური დახმარება ვერ გაუწიოს სპორტსმენებს, მაგრამ იმას წინ რა უდგას, რომ შეხვდე ამ ბიჭებს, მოუწყო შეხვედრა, ჩამოართვა ხელი თუნდაც პრეზიდენტმა, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა ან სახელმწიფო მინისტრმა. ამას ნახავენ ახალგაზრდები და იფიქრებენ: აი, ხედავთ ჩვენს ქვეყანაში როგორ დაფასებულია სპორტსმენი, სახელოვანი კაცი, ღირსეული კაცი.”


ძიუდოისტთა სპორტული სეზონი ამით არ დამთავრებულა – აგვისტოში შვეიცარიაში 4 კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი შეიკრიბება და მსოფლიო თასს გაითამაშებს. საქართველოს ნაკრები, უსახსრობის გამო, ამგვარ ტურნირში აქამდე არასოდეს გამოსულა. ისე არ მოხდეს, რომ ევროპის უძლიერესი გუნდი კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს. ამის საშიშროება რეალურად არსებობს და რაკი სახელმწიფომ ხელი დაიბანა, შოთა ხაბარელი ბიზნესმენთა იმედად თუ იქნება.


(შოთა ხაბარელის ხმა) “იქნებ ვიღაც ბიზნესმენი გამოგვეხმაუროს რამენაირად. არ შეიძლება ამ გუნდს გვერდში არ დაუდგეს ვიღაცა და ასეთი პოტენციალის გუნდი ვერ წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. აი, თუ წავალთ კიდევაც, უცბად რომ შევიკრიბოთ ორი დღით ადრე და სამი დღით ადრე, არც ამას ექნება აზრი. იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ, რათა ბიჭები ფორმაში ჩადგნენ, თავს მიხედონ. წონის პრობლემაა და ათასი რაღაცეები არის. თუ ეს არ გაკეთდა, ბოლო ორ დღეში ფულიც რომ გამოინახოს, აზრი აღარ ექნება წასვლას.”


მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოსდევს, გაისად თებერვალში კი თბილისმა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უნდა უმასპინძლოს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ბოლო კონგრესმა ამ ტურნირს უმაღლესი კატეგორია დაუბრუნა და ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსიც მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაისად თბილისში 60-მდე ქვეყნის ძიუდოისტები და მსოფლიო ძიუდოს მაღალჩინოსნები ჩამოვლენ. ამ საქმეს, ცხადია, ადგილობრივი ფედერაცია და ვეტერანი სპორტსმენები ვერ გაწვდებიან. ჩვენს ფალავნებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ძალა შესწევთ ქადილისა. ოდესმე იქნებ ხელისუფლებამაც დაამტკიცოს, რომ ქართული სპორტის გვერდით დგას.
XS
SM
MD
LG