Accessibility links

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა ეხმიანება


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა ეხმიანება

თბილისში ამ ორი კვირის წინ დასრულებულ კონცერტებს, რომელთაც ქართული ნაციონალური ბალეტი მართავდა. სუხიშვილები და პრობლემები - ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში, ალბათ, შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ ჩემი კოლეგის, ეკა წამალაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ, რომ ბევრი ყოფითი სირთულე სულაც არ არის უცხო ამ ანსამბლისათვის. შემდეგ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ქართული ნაციონალური ბალეტის გენერალური დირექტორის მოადგილესა და კოსტუმების მხატვარ ნინო სუხიშვილთან. ის გვესაუბრება სიახლეებზე, რომელთაც ანსამბლი, ბოლო სამი წელია, სთავაზობს მაყურებელს. დღევანდელ გადაცემას გასდევს მუსიკა სუხიშვილების ახალი კომპაქტ-დისკიდან.

“ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასი” – ასე ჰქვია ანსამბლს, რომელიც ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დიდი ხნის წინ დაარსეს. ამ ადამიანებმა ტოტალიტარიზმის ზეობის პერიოდში დაისახეს მიზნად ქართული ხალხური ხელოვნებისა და მოდერნიზმის ზღვარზე შექმნილი ცეკვა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ და მიზანს უდიდესი წარმატებითაც მიაღწიეს.

1945 წლიდან მოყოლებული, “ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა” მოიარა 88 ქვეყანა, 1700 ქალაქი, მოაწყო 200 –მდე ტურნე. ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის შემოქმედება უშუალოდ სცენიდან იხილა და აღიარა 50 მილიონმა ადამიანმა. ამ საქმეს დღეს უმცროსი სუხიშვილები და “ქართული ნაციონალური ბალეტის” 100 კაციანი შემადგენლობა აგრძელებს. უფროსმა სუხიშვილებმა ანსამბლი გასული საუკუნის ისეთ პერიოდში შექმნეს, როცა არავის ეცეკვებოდა და უმცროსმა სუხიშვილებმაც მოახერხეს შეენარჩუნებინათ ანსამბლის დონე იმ დროს, როცა ქვეყანაში არსებული პრობლემები საზოგადოების ცხოვრების ყველა მიმართულებაზე აისახა.

“ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიურმა დასმა” ამასწინათ ჩვეული წარმატებით გაიარა მთავარი გამოცდა: განახლებული პროგრამა ქართველ მაყურებელს აჩვენა. ამის შემდეგ ილიკო სუხიშვილი უმცროსის მიერ განახლებული პროგრამით ქართველი მოცეკვავეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავლენ და იქ 3 თვის მანძილზე 84 კონცერტს გამართავენ. ამერიკელი მაყურებლის მაღალ შეფასებებს სუხიშვილების ანსამბლი მიჩვეულია. 1990 წელს მისი გამოსვლები შტატებში ბროდვეის საუკეთესო შოუდ აღიარეს. ანსამბლის უდიდესი წარმატებებიდან გამომდინარე, ბევრს ჰგონია, რომ “ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი”, სამუშაო პირობების თვალსაზრისით, ისეა განებივრებული, როგორც იმსახურებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

“ნაციონალური ბალეტი” სახელმწიფო დოტაციაზე არსებობს. სუხიშვილების მოცეკვავეები ისევე მიზერულ ხელფასებს ღებულობენ, როგორც სხვები, მაგალითად - მასწავლებლები და ექიმები. რეპეტიციების დროს გათბობისა და განათების პრობლემები მათაც აქვთ, მაგრამ ანსამბლის ხელმძღვანელები ასეთ, საყოველთაო, პრობლემებზე არ წუწუნებენ. მათ უფრო კონცერტების გამართვის პრობლემა აწუხებთ. სპონსორებს დახმარებისთვის კრიტიკულ სიტუაციებში მიმართავენ. უარს ამბობენ უცხოელების, ერთი შეხედვით, მიმზიდველ, მაგრამ, ასე თუ ისე, კაბალურ შემოთავაზებებზე; უარი თქვეს ფრანგების მიერ შემოთავაზებულ 3 წლიან, ნინო სუხიშვილის თქმით, კარგ კონტრაქტზეც, რადგან თანხმობა ანსაბლის გაყოფას და მისი ერთი ნაწილის თბილისში დარჩენას გამოიწვევდა. მოკლედ, სუხიშვილები საქართველოდან დიდი ხნით წასვლაზე უარს ამბობენ. აქ კი კონცერტების გამართვა და ამისთვის განათების, ხმის აპარატურის, პროგრამებისა და ბილეთების დაბეჭდვის ორგანიზება თუ კოსტიუმების განახლება იოლი საქმე არ არის. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ამასწინანდელი კონცერტები ილიკო სუხიშვილის სახელობის დასმა ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩაატარა: არ ჰყოლია სპონსორი და არც სახელმწიფო შესწევია. ამ კონცერტებზე მისული მაყურებელი ქართულ ცეკვას და სუხიშვილების შემოქმედებას მხურვალე ტაშს უკრავდა და არ იცოდა, რომ მათ წინაშე იდგნენ მოცეკვავეები, რომლებსაც ვალით შეკერილი კოსტიუმები ეცვათ, რომ ნინო სუხიშვილმა კოსტიუმების პრობლემა, ნაწილობრივ, ძველი, გახუნებული ჩოხების შეღებვით გადაჭრა. “არავის არ ეგონა, თუ ამ ძველი ჩოხებისგან რამე გამოვიდოდა, მაგრამ, გამოვიდაო,”- თქვა მან ჩემთან საუბრისას.

ბევრს გაუკვირდება ისიც, რომ “ილიკო სუხიშვილის სახელობის ნაციონალურ ბალეტს” არა აქვს საკუთარი სტუდია, სადაც ანსამბლის მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს. არსებობს უამრავი სტუდია, რომელიც ილიკო სუხიშვილის სახელს ატარებს, მაგრამ ამ სტუდიებს სუხიშვილების ანსამბლთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ადრე სხვაგვარად იყო. არსებობდა სახელმწიფო სტუდია, სადაც ყოველწლიურ გამოცდებს უშუალოდ ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ესწრებოდნენ ხოლმე. ამ სტუდიის საუკეთესო მოსწავლეებს ჰქონდათ შანსი სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრილიყვნენ, თუმცა, როგორც, ნინო სუხიშვილი იხსენებს, მის ბებიას, ნინო რამიშვილს, მოცეკვავე გოგონების ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან მიღება უყვარდა.

დღესდღეობით ანსამბლში მოცეკვავეების ცვლა კერძო მოსწავლეების ბაზაზე ხდება და არა მარტო ასე. სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრა იოლია, იქ დარჩენაა ძნელი. ცნობისათვის: “ილიკო სუხიშვილის სახელობის ნაციონალურ ბალეტის” სტუდია იანვრიდან ამოქმედდება. ასე რომ, მოზარდებს ექნებათ საშუალება ქართულ ცეკვას სუხიშვილების ნამდვილ სკოლაში დაეუფლონ.
XS
SM
MD
LG