Accessibility links

logo-print

პირველ ივლისს ჰოლივუდში ამერიკული კინოს კლასიკოსის უილამ


პირველ ივლისს ჰოლივუდში ამერიკული კინოს კლასიკოსის უილამ

უაილერის ასი წლის იუბილეს აღნიშნავენ. ფაქტობრივად, ეს იქნება ჰოლივუდის თავისებური იუბილეც, რადგან უილამ უაილერი, რომელმაც პირველი ფილმი 1925 წელს გადაიღო და გარდაცვალებამდე, ე.ი. 1981 წლამდე, გადასაღები მოედანი არ დაუტოვებია, ჰოლივუდის ერთ-ერთ სიმბოლოდაა აღიარებული. ამ რეჟისორის ფილმებმა - “რომაული არდადეგები”, “სასაცილო გოგონა”, “როგორ მოიპარო მილიონი” -თავისებური როლი ითამაშეს საბჭოთა კულტურაშიც. დღეს მინდა გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა უილამ უაილერის შემოქმედებას საბჭოთა იდეოლოგია თავისი მიზნებისათვის.

1995 წელს კინემატოგრაფის დაბადებიდან ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა. საიუბილეოდ მოეწყო კინოკრიტიკოსთა გამოკითხვა - “ყველა დროისა და ხალხის ასი საუკეთესო ფილმი”. გამარჯვებულებს შორის მოხვდა უილამ უაილერის “რომაული არდადეგებიც” –ერთადერთი სურათი კინოს საიუბილეო ანკეტაში, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისიდან, როცა ფილმი საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა, დღემდე, როცა ამ სურათს განუწყვეტლივ უჩვენებენ ჩვენი ტელეარხები, ფაქტობრივად, ყველა ქართველმა დიასახლისმა ზეპირად შეისწავლა. “რომაული არდადეგების” ფინალი ერთნაირად უჩუყებს გულს მრავალშვილიან დედებსა და შინაბერებს, შეყვარებულებსა და მიტოვებულებს; ყველას სწყდება გული ამერიკელი ჟურნალისტისა და პრინცესა ანას რომაული რომანის სევდიანად დასრულების გამო, მითუმეტეს, როცა მაყურებელმა წინასწარ იცის ფინალი, ე.ი. აღარ არის დაძაბული სურათის სიუჟეტით და ფილმის პირველივე კადრებიდან ფიქრობს ეპილოგზე – რატომ არ შეიძლებოდა ისინი ერთად დარჩენილიყვნენ. იმ დისახლისებს, რომლებიც, “საპნის ოპერების” გარდა, დღეს არც არაფერს უყურებენ, ნაკლებად აინტერესებთ “კინემატოგრაფიული ნიუანსები” – ის, რომ უილამ უაილერმა ფილმში თამამად დაანგრია ჰოლივუდის კლიშეები და ამერიკული მითების ტრანსფორმაციას მიმართა.
კინემატოგრაფის ნიუანსებში არც ის კომუნისტი ჩინოვნიკები ერკვეოდნენ, რომლებმაც, თავის დროზე, სიამოვნებით შეისყიდეს ეს საკმაოდ ძვირი ფილმი და საბჭოთა ეკრანებზე გაუშვეს. მაგრამ ისინი ძალიან კარგად ერკვეოდნენ იდეოლოგიის ნიუანსებში, ამიტომ პოპულარული ფილმი, პოპულარული მსახიობებით, მაშინვე გამოიყენეს კონტრპროპაგანდისთვის. იმ ადამიანებმა, რომლებიც მართავდნენ საბჭოთა კულტურას, გაითვალისწინეს, რომ ოდრი ჰეპბერნსა და გრეგორი პეკს ჩვენშიც ბევრი მიმბაძველი გაუჩნდებოდა, ამიტომ მათი გმირების სიყვარულის სევდიანი დასასრული აღიქმებოდა, როგორც კანონზომიერი მოვლენა კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ყველაფერი იყიდება და თუ არ გაყიდე, აუცილებლად დამარცხდები. საქმეშიც და სიყვარულშიც. ასეც მოხდა. ქართველებმა გრეგორი პეკი ისე შეიყვარეს, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე ჭორი გაავრცელეს – ქართველიაო. მოგვიანებით, ახლა უკვე 70-იანი წლების დასაწყისში, როცა ეკრანებზე უილამ უაილერის მიუზიკლი “სასაცილო გოგონა”, შემდეგ კი “როგორ მოიპარო მილიონი” გამოვიდა, ნათელი გახდა, რომ ჰოლივუდის კლასიკოსის ეს ფილმები “საბჭოთა მასების” მანიპულაციის საუკეთესო საშუალებად იქცა. იმავე საქართველოში, აღდგომის ღამეს, სწორედ უაილერის ამ ფილმებს უჩვენებდნენ ყველაზე ხშირად ტელევიზიით. იმხანად ეს იყო ეფექტური, კარგად მოფიქრებული ხერხი, რომელიც ახალგაზრდობას ტელევიზორებთან დატოვებდა და ტაძრისკენ მიმავალ გზას გადაუკეტავდა. თანაც, კიდევ ერთხელ გაახსენებდა ყველას, რომ ჰოლივუდის მითი კონკიაზე “ელემენტარული ბოდვაა”, რომელსაც “პროგრესული ამერიკელი რეჟისორი” უილამ უაილერი აცამტვერებს. მაყურებელს იმასაც ახსენებდნენ, რომ “რომაული არდადეგები” უაილერმა მაშინ შექმნა, როცა ამერიკაში “კუდიანებზე ნადირობა” დაიწყო. ერთი შეხედვით, ფილმი თითქოს ზუსტად გამოხატავდა მაშინდელი ამერიკელი კონსერვატორების აკვიატებულ პრინციპს: “ყველას თავისი ადგილი აქვს”. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს უაილერი იღებდა ფილმს უმანკო, ზნეობრივად სპეტაკი ქალისა და “ასპროცენტიანი” ამერიკელი ვაჟკაცის სიყვარულზე. ასეთი სიუჟეტი მაკარტიზმის ეპოქაში პირდაპირ მისწრება იყო. მაგრამ უაილერმა ყველაფერი პირიქით გააკეთა. ამ “თანამედროვე ზღაპარში”, როგორც თავად უწოდებდა ფილმს, მან ყველაფერი გადმოატრიალა. დიახ, “გადმოატრიალა” და არა “დაანგრია”, და არა “მოსპო”, როგორც ამტკიცებდნენ საბჭოთა იდეოლოგები, რომელთაც ძალიან უნდოდათ ეს “ასპროცენტიანი” ამერიკელი უილამ უაილერი “ანტიამერიკელის” როლში გამოეყვანათ.
(პირველი ნაწილის დასასრული)

“რომაული არდადეგების” პირველივე ეპიზოდში, როცა ჯოს დაძინებული ანა სახლში მიჰყავს და დარწმუნებულია, რომ ქალი მთვრალია, დაკარგული ფეხსაცმლის სახე გაიელვებს. მაშინვე ჩნდება ასოციაცია კონკიას ამბავთან. ანა იღვიძებს ახალ სახლში და ეწყება “რომაული არდადეგები” – მოტოციკლეტით სეირნობს, ვიტრინებს ათვალიერებს, ნაყინს ჭამს და საპარიკმახეროში “ბიჭურად იყენებს” ვარცხნილობას. პრინცესა ანა “ქალაბიჭა” ხდება და სწორედ ასეთი ანდროგენული არსება ცხადდება სიცოცხლის, თავისუფლების იდეალად – “ვარცხნილობის შეცვლა” აქ თავისებური გამოწვევაა. იგი ბედნიერია არა მაშინ, როცა პრინცესაა და ძალაუფლებას ფლობს, არამედ მაშინ, როცა ადამიანია, პიროვნებაა. უილამ უაილერი ყველაფერს აკეთებს, რათა მაყურებელს “თავისთავადობის”, ანუ ამ “პირველადი ქალაბიჭობის” ნოსტალგია გაუჩნდეს. არარსებული ქვეყნის პრინცესის ოფიციალური ვიზიტი უძველესი კულტურის ცენტრში, რომში, უძველესთან, “წარმართულთან,” მაყურებლის დაახლოების იმპულსად იქცევა. ეს არის ზიარება იმ ღვთით ნაბოძებ დროსთან, რომელსაც უილამ უაილერი “არდადეგებს” უწოდებს.
მაგრამ საბჭოთა პროპაგანდამ “რომაულ არდადეგებში” სულ სხვა მოტივებზე დასვა მახვილები. აბსოლუტურად აპოლიტიკური იგავი მშვენიერი იარაღი აღმოჩნდა ანტიამერიკული პროპაგანდის გასაჩაღებლად. ეგრეთ წოდებული “კინოპროპაგანდის საბჭოთა ბიუროს” თანამშრომლები ამ ფილმის ასლით მოგზაურობდნენ ციმბირსა და ურალში, შორეულ აღმოსავლეთსა და კავკასიაში და მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ “მითი კონკიაზე” ამერიკელ იდეოლოგთა ფარისევლობას გამოხატავს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 80-იან წლებში ამ პროპაგანდისტულ პროგრამებში “რომაულ არდადეგებს” დაუმატეს ვლადიმერ მენშოვის, ამერიკული “ოსკარით” აღნიშნული ფილმი, “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” – ამბავი, ამჯერად, “საბჭოთა კონკიაზე”, რომელიც უილამ უაილერის “რომაული არდადეგების” ანტიპოდად უნდა აღქმულიყო: თუ დასავლეთში პრინცესასაც კი არა აქვს უფლება იცხოვროს თავისი ცხოვრებით, საბჭოთა კავშირში ყველა ქალს შეუძლია მოიწყოს ცხოვრება და მუშათა კლასის “პრინცესა” გახდეს.
ეს კინოპროპაგანდისტული მანქანა, ცოტა არ იყოს, შეარყია უილამ უაილერის ფილმის, “სასაცილო გოგონას,” საბჭოთა ეკრანებზე გამოსვლამ. უილამ უაილერმა აქ, თითქოს, ხელუხლებლად დატოვა კონკიას იგავი, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, ამ როლზე ბარბარა სტრეიზანდი აიყვანა. ე. ი. არა მარტო იმის მტკიცებას შეუდგა, რომ ნიჭი უპირველესია გარეგნობაზე და, თუ ადამიანს თვითირონიის უნარი აქვს, ის, მართლაც, ბევრს მიაღწევს, არამედ ახალი ტიპის სილამაზის დამკვიდრება დაიწყო – ბარბარას იმხანად მთელი ამერიკა მიბაძავს, ჩაიცმევენ ისე, როგორც ფანის აცვია ფილმში; 60-იანი წლების მიწურულს ჰოლივუდში ახალი მოდაც ჩნდება – მოდა ცხვირებზე... (ჩართვა. მუსიკა ფილმიდან “სასაცილო გოგონა”)
საბჭოთა კავშირში “სასაცილო გოგონა” გაასაღეს როგორც ერთი ჩვეულებრივი, კომერციული ფილმი. თუმცა “ასპროცენტიანი” ამერიკელი რეჟისორის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა იმხანადაც შეიმჩნეოდა. “პროგრესული ამერიკელი რეჟისორი უილამ უაილერი გვახსენებს, – წერდა ერთი საბჭოთა რეცენზენტი, – რომ კაპიტალისტურ სამყაროში ხელოვანს განუწყვეტლივ უწევს გააკეთოს არჩევანი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის: ან ერთი უნდა დათმოს, ან მეორე”.
ნაკლებად სარწმუნოა, რომ მსოფლიო კინოს კლასიკოსი უილამ უაილერი ჩვენს პრესას ეცნობოდა და იცოდა, როგორ ასწავლიდნენ მისი ფილმების “ყურებას” საბჭოთა მოსახლეობას. ცნობილია მხოლოდ, რომ “პროგრესული რეჟისორი” რამდენჯერმე დაპატიჟეს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მაგრამ უაილერი საბჭოთა კავშირში ჩამოსვლაზე უარს ამბობდა. იგი 80 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო დღეები თავის მრავალშვილიან ოჯახში გაატარა. კარიერაც შეიქმნა და ბედნიერადაც იცხოვრა.
XS
SM
MD
LG